დღიური-213 - 1948 წელი
1948 წელი
გ. ტაბიძე.
ისტორია ერთი დღის (11 ოკტომბრისა, 1948 წ.).
ისტორია ერთი დღის
27 ივლისიდან 11 ოკტომბრამდე
1948 წელს, 11 ოკტომბერს სრულდება 40 წელი ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან. ეს ამბავი ყველამ იცის, მაგრამ თავს ისე მაჩვენებენ, თითქო არაფერიც არ იციან. თითქო არცაა საჭირო, რომ იცოდნენ და მაშასადამე, არ უნდათ, რომ ეს დღე აღნიშნულ იქნას. არ უნდათ! - აი, რაშია საქმე. ისინი თავგადაკლულნი არიან ყაზბეგზე - რომ ჩემი საქმე ამ დიდი სახელით მიიჩრდილოს. მაგრამ არც ჩვენა ვართ უსახელო (ჩავერიოთ ყაზბეგის საქმეში). ისინი სანდრო შანშიაშვილის 40 წლის იუბილესთვის ემზადებიან, მაგრამ არც ჩვენი 40 წელი ჩამოუვარდება რაიმეთი შანშიაშვილის უნიჭოდ გატარებულ წლებს (ჩავერიოთ სანდრო შანშიაშვილის საქმეში). ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ... არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ძალზე დამაფიქრებელი სიჩუმეა... და ეს სიჩუმე უნდა დაირღვეს. რათაც არ უნდა დაგვიჯდეს, სიჩუმე უნდა დაირღვეს. და უნდა დაირღვეს ისე, როგორც არ ელიან; უნდა გაირკვეს ეს დუმილის გარემოცვა, რომელიც ბლოკადას უდრის. უნდა აფეთქებულ იქნას დუმილით შეთქმულება. ეს დუმილი - დიდი ქარიშხლის მომასწავებელია. და აქ უსათუოდ საჭიროა ჩემი ჩარევა, ხალხის ჩარევა, ახალგაზრდობის ჩარევა, ჩარევა ყველა მათი, ვინც საქართველოს თანამედროვე ლიტერატურის ბედით არიან დაინტერესებულნი. ჩემი სალიტერატურო მუშაობის 40 წლის მიჩქმალვის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოიღოს ყოველმა პატიოსანმა ქართველმა. უნდა გაისმას ხმა სიმართლისა, კიდევ ერთხელ უნდა აფრიალდეს სიმართლის დროშა. უნდა გადილეკოს ხელის შემშლელი ნაპირები. უნდა გაიგლიჯოს საზიზღარი ხლართები და ეს უნდა მოხდეს მძაფრად, რევოლიუციურად, თავდადებით, ყოველი დაბრკოლების მიუხედავად, სწრაფად, ყოველი წუთი მაახლოვებს ამ დღეს.. ძირს ინერტიული, უმოძრაო მდგომარეობა.. ეხლა მჭირდება მეგობარი, მოძმე, პატიოსანი ხალხი, თუ კიდევაა სადმე დარჩენილი. წიგნმა, რომელსაც მე ვამზადებ, არ უნდა გადამიჭრას გზა მოქმედებისაკენ! (განვთავისუფლდეთ წიგნისაგან 15 აგვისტომდე). რწმენა ჩემის სიმართლისა ჩემთანაა.. წინ! წინ! წინ! გაუმარჯოს მოქმედებას, გამბედაობას, სიცოცხლეს! გაუმარჯოს ხალისიან ბრძოლას, ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის. გაუმარჯოს 1948 წლის 11 ოკტომბერს. გაუმარჯოს საქართველოს ახალ მწერლობას, გაუმარჯოს ყოველ სიახლეს, გაუმარჯოს ჩვენს პოეზიას! ძირს დუმილი! გაუმარჯოს პოეზიის ტრიუმფით სვლის ხმამაღლა აღიარებას!
ეხლა ღამეა. გაუმარჯოს ხვალინდელ დღეს!
1948 წ. 27 ივლისი
* * *
1948 წ. 11 ოკტომბერს - უნდა მიემსახუროს ყოველი წუთი ჩემის დღეებისა. ვამბობ - უნდა მიემსახუროს, ვინაიდან ამ დღეზეა დამოკიდებული ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს გადამწყვეტი დღე არ იქნება, ბრძოლები მის მერეც ბევრი მექნება, მაგრამ ეს იქნება დღე ბევრის რამის შეჯამებისა. ო, ნეტავი, საიდან უნდა დაიწყოს ეს ამბავი? მოქმედება, რწმენა, ენერგია! ახლოვდება 11 ოკტომბერი. რა უნდა ვუქნა წიგნს, რომელსაც მოსკოვისთვის ვამზადებ და ურომლისოდაც წარმოუდგენელია ჩემი მომავალი და კიდევ უფრო მეტი რამ, ვინემ მომავალი? მალე უნდა განვთავისუფლდე წვრილმანი საქმეებისაგან. დღეს 2.000 სტრიქონი გადავეცი სათარგმნად აკერმანს. ამდენივე აქვს ბენო ჩიქობავას, ამდენივე შერმანს. დარჩა პერიოდი 1917 წლამდე, ნაწილი II ტომისა, და სრულიად ხელუხლებელია მასალები ომის მერმინდელი პერიოდის (1945-1948 წწ.).
დღეს ვნახეთ სრულმეტრაჟიანი კინო-სურათი „საბჭოთა საქართველო“. ეს, მგონია, „ოკტომბრის სხივების“ მაგიერი სურათია ჯალიაშვილისა. მე ძალიან კარგადა ვარ შიგ ნაჩვენები - თივის თიბვის დროს. დიკტორიც საუცხოვოდ აცხადებს: სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ნაწილობრივად ეს სურათიც პლაკატია, კარგია. რეკლამა საჭიროა 11 ოკტომბრისათვის..
ნუნუ დიდ ამბავშია. ნინო კი ხელს მიშლის ჩვეულებრივად. უნდა მოვთოკო მაგრად, თორემ ძალიან გათამამდა და გაველურდა. თავისი თავი ჩემს გადამრჩენად წარმოუდგენია! სისულელე ამაზე შორს ვერ წავა. ყოველ წუთში ნერვიულობა აუტანელია.
გაუმარჯოს თივის თიბვას! გაუმარჯოს ასპარეზის გასუფთავებას ომისათვის.
ხვალ, მგონი, უკეთესად დაიწყება საქმე. მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ, ვინაიდან სიმართლე ჩემს მხარეზეა.
იდეა ასი მწერლისა - ნეტავი თუ მართლა განხორციელდება?
იდეა გამოფენების კიდევ არ მასვენებს.
გაუმარჯოს ასი მწერლის იდეას, გაუმარჯოს გამოფენებს.
1948, 28 ივლისი
1. კინო „საბჭოთა საქართველო“ - ჩემი გამარჯვებაა.
2. ჟურნალი „მნათობის“ გუშინწინ გამოსული ნომერიც ჩემი გამარჯვებაა. კარგი წერილებია ჭილაიასიც და შამათავასიც: ეს მეგრელები ძალიან ცოცხალი ხალხია!
* * *
„მნათობი“-ს რედაქცია. პასუხის მგებელი მდივანი - ნიკა აგიაშვილი. მე ვიწონებ შამათავას ბიბლიოგრაფიას ჩემი „აფხაზეთის წიგნის“ შესახებ. ნიკა მრავალმნიშვნელოვანად ამბობს: „ო, შეიძლებოდა უფრო მეტის და უფრო კარგად თქმაო“. რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მე ჯერჯერობით ამითაც კმაყოფილი ვარ.. სულ რომ არაფერი სთქვან, ასეც არ ვარგა. შეიძლება სხვებმა უკეთესადა სთქვან სადმე და როდისმე..
„მნათობი“-ს რედაქცია. პასუხისმგებელი რედაქტორი ირაკლი აბაშიძე.
მე მას პირველს ვუთხარი, რომ 1948 წ. 11 ოკტომბერს სრულდება ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის 40 წელი. და ეს ამბავი ასე თუ ისე უნდა აღინიშნოს-მეთქი... არ ვიცოდიო, სთქვა. ჩაიწერა რიცხვი. სამშაბათს პრეზიდიუმის სხდომაზე დავსვამ მაგ საკითხსო. უსათუოდ უნდა აღინიშნოსო. სიმონისთვის ხომ არაფერი გითქვამსო? - არაფერი-მეთქი, ვუპასუხე.
მწერალთა კავშირი. პასუხისმგებელი მდივანი - ალექსი გომიაშვილი. ვუთხარი: ოფიციალურად, როგორც მდივანს, გიცხადებთ, რომ 1948 წელს, 11 ოკტომბერს, სრულდება ჩემი სალიტერატურო მოღვაწეობის 40 წელი. „აჰა, არ ვიცოდიო“, - სთქვა. ჩაიწერა დატა. შადური ამჟამად აქ არ არის, შვებულებაშიაო, როგორც კი ჩამოვა, მოველაპარაკებიო. ისე კი შადურმა სთქვაო, რატომ არ აწყობთ გალაკტიონის საღამოს, სადაც შეიძლება აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდესო (მე ამის შესახებ გომიაშვილს შევნიშნე, რომ წინააღმდეგი არ ვიქნები-მეთქი, მაგრამ...), მაგრამო, განაგრძო გომიაშვილმა, ეს დისკუსია გამოვა და არა იუბილეო (მეც დავუმატე, რომ იუბილეი ნიშნავს შეჯამებას, და მისი ტრადიციებიც სხვანაირია, ვიდრე დისკუსია-მეთქი). რა თქმა უნდა, ასეაო, - სთქვა. ასეა-მეთქი, - ვუთხარი მეც.
მწერალთა კავშირი. სიმონ წვერავა. დაუნიშნავთ აფხაზეთის მწერალთა კავშირში მომუშავედ, რა თქმა უნდა, პასუხსაგები მოვალეობაა. „თუ დათანხმდებიო, სთქვა, ვილლას მოგიწყობ აფხაზეთშიო, მოველაპარაკები მგელაძესო“. ჰმ... თუ დავთანხმდებიო! დავთანხმდები კი არა - ეს ოცნებაა ჩემი. „გამოვიდაო წიგნი „აფხაზეთის ბაღები“, შენი ბევრი ლექსებიაო შიგნითო“. დიდათ სასიამოვნოა-მეთქი, ვუთხარი. გამოსადეგი კაცია.
მწერალთა კავშირი. ანდრო თევზაძე დაუნიშნავთ გამომცემლობა „ხელოვნების“ ხელმძღვანელად. „თქვენის დახმარებითო, სთქვა, იქ საქმეების გაკეთება შემიძლიაო“ (საინტერესოა, რატომ დადიან ერთად ისა და შ. ბერიტაშვილი?). გამოსადეგი კაცია.
მწერალთა კავშირი. ლადო ავალიანი. მე მოვუწონე მას ნოველა ბარათაშვილზე. ახალგაზრდა კაცია, უნდა გავამხნევოთ. შესაძლებელია რაიმეში გამოდგეს.
მწერალთა კავშირი. ბორის ჩხეიძე. ყოვლად გამოუსადეგარი ვინმეა. არ მოგშორდება - სულ თავისთავზე ლაპარაკობს. ვიღაცაით უკმაყოფილოა. ვის მხარეზეა - ვერაფერს გაუგებ. იღრიჯება ყველის ვაჭარივით. ცოტა - სულელიც უნდა იყოს. რას დავეძებ, თავი ქვისთვის უხლია.
ლიტფონდი. ალიო მაშაშვილი. კიდევ ეშმაკობს. ამბობს: წინად ვიბრძოდი, ეხლა უკვე აღარაფერი შემიძლიაო. გამგეობიდანაც კინაღამ გამომრიცხესო. როდესაც 7 ათასი მანეთი ვთხოვე სესხის სახით - გარანტია მომიტანე თუნდაც „მნათობი“-დანო („მნათობი“ კი სამეურნეო ორგანიზაცია არ არის, გარანტიებს არ იძლევა). ამნაირად შევყავარ შეცდომაში. მაინც ავაძრობ სესხს, რათაც არ უნდა დამიჯდეს. ვიშოვი მე იმ გარანტიასაც.
ლიტფონდი. აკაკი სირაძე. ძალიან კარგი კაცია, მაგრამ სამუშაო არაფერი აქვს იმ ლიტფონდში, უზის წინ იმ ალიო მაშაშვილს, რომელიც არაფერს არ აკეთებს. აკაკი გამოსადეგი კაცია.
ლიტფონდი. იონა ვაკელი. ვუქებ მის ლექსებს და ისიც იღიმება კმაყოფილებით. მეტი არაფერი გამოდის ჯერჯერობით მისგან.
ლიტფონდი. კაპანელის ძმა. შიშით ჩამოყუნცულა სკამზე. უცდის მაშაშვილთან საუბარს. ერთ დროს კი... ივანე ჯავახიშვილს დაუნიშნეს უფროსად ეს კოჭიტარა.. ჩემთან ზრდილობიანად იქცევა. საქმე მისგან არა იქნების-რა, ხეირიანი.
საექიმო კომისია. ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ „თეთრი პურის“ საკითხს.. ყოველი თვის დასასრულს ასეა. ხვალ უნდა საბოლოოდ მოვაგვარო.
სახელგამი. მიასნიკოვი. მეტად საქმიანი და ზრდილობიანი კაცია. მომცა ხუთი კილო მშვენიერი ქაღალდი. აგარელი და იაშვილი, ეს ძველი შლიყე და იაუ, იქვე იყვნენ. რა უმოქმედო ორგანიზაციაა.
ჩამოვიდა კალისტრატე. მეუბნება მიქელ პატარიძის შესახებ, რომ იგი შესძლებს სტრიქონელოების გაკეთებას.
ასე: სამშაბათს.
პრეზიდიუმი: აბაშიძე, გომიაშვილი, ქიაჩელი, ნატროშვილი, ჩიქოვანი, სულიაშვილი, დადიანი. და კიდევ ორი კაცი.. (ვინაა ეს ორი?). ლეონიძე გ., მოსაშვილი ი.
ნატროშვილი... დადიანი...
არ დაგვავიწყდეს სიკუნა ხანთაძე: 3-67-88. 9-12 საათ. პროფკავშირები.
არ დაგვავიწყდეს „წითელი არმიელი“-ს რედაქცია. ვანიონ დარასელია.
არ დაგვავიწყდეს 11 ოკტომბერი, დღე ყველასთან ანგარიშის გასწორებისა.
1948 წ., 29 ივლისი, ქ. თბილისი
*
მწერალთა კავშირი. „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქცია. იქ არიან ლადო სირბილაძე, ს. კეცხოველი, თამარა აბაკელია. გაცხოველებული თათბირია: ალბად ყაზბეგზე. ისმის სიტყვები: Писать буквы... ახსენებენ ლადო ქუთათელაძეს, ავალიანს... Дай и им заработать. Нуждаются და სხვ.
შემდეგ მოვიდა გ. ნატროშვილი. მოთათბირენი დაიშალნენ. დარჩა მხოლოდ ლადო სირბილაძე. არ მიდის და არა: მე კი ნატროშვილს მინდა მოველაპარაკო. როდესაც ვიგრძენი, რომ ლადოს დემონსტრატიულად უჭირავს თავი და აგრე ადვილად ადგილიდან ვერ დასძრავ, რაღა ჩარა იყო, გადავდგი მტკიცე ნაბიჯი. დავიწყე შორიდან, თუთუნი გავახვიე. მერე გადავედი 11 ოკტომბრის საკითხზე. „არ ვიცოდიო, სთქვა ნატროშვილმა, რა თქმა უნდა, ეს თარიღი უნდა აღინიშნოსო. განცხადება ხომ შემოტანილი გაქვსო?“ - მკითხა. კი-მეთქი, - ვუპასუხე (არავითარი განცხადება წერილობით შეტანილი არ მქონდა!). იციან-მეთქი აბაშიძემ, გომიაშვილმა. მე მხარს დაგიჭერო, - არ მახსოვს, მართლა სთქვა თუ არ უთქვამს ეს სიტყვები? დავემშვიდობე.
დავწერე მაშინვე ასეთი განცხადება:
„საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმს. მწერალთა კავშირის წევრის, სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის განცხადება. 1948 წლის 11 ოკტომბერს (ძველი სტილით 28 სეკტემბერს) სრულდება ორმოცი წელი ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან. საზოგადოებრივმა წრეებმა უკვე იციან ეს ამბავი, და იმედი მაქვს, პრეზიდიუმი მიიღებს ყოველგვარ ზომებს, რათა შესაფერისად აღინიშნოს ეს თარიღი. გ. ტაბიძე. 1948 წ. 27 ივლისი“ (რატომღაც 27 ივლისი მოვაწერე).
როდესაც მემანქანე ქალი (მგონი, გაბრიჩიძეა გვარად) ბეჭდავდა, მან „გალაკტიონის“ მაგივრად „გალაქტიონი“ დაბეჭდა. მე შევნიშნე, რომ ორმოცამდე წიგნს ჩემსას აწერია გალაკტიონი და არა გალაქტიონი. ხელახლა გადავაბეჭდვინე. ქალმა ბოდიში იხადა: ეს რა მომივიდა, ყოველთვის გალაკტიონს ვბეჭდავდიო.
მივუტანე ეს განცხადება პრეზიდიუმის მდივან ქალს. მან ეს ჩემი განცხადება გადაიკითხა. სათანადო შტამპი დაარტყა, განცხადების ნომერი - 114, დატა - 30 ივლისი, 1948 წ. ჩაიწერა თავის დავთარში. მითხრა, რომ პირველსავე სხდომაზე გაირჩევა ეს საკითხიო (ამ ქალმა შტამპი ჩემს განცხადებაზე ჯერ უკუღმა დაარტყა, მარა შემდეგ გამოასწორა. მაზალო ვინმეა).
კარებში შემხვდა ალექსი გომიაშვილი. ვუთხარი, რომ განცხადება უკვე შეტანილია-მეთქი. „ძალიან კარგიო“, - სთქვა მან. „აბა, თქვენ იცით-მეთქი“ - ვუთხარი მე.
ამგვარად, გადაიდგა პირველი ნაბიჯი 11 ოკტომბრის თარიღის აღსანიშნავად!
პირველად თავისუფლად და შვებით ამოვისუნთქე: ნაბიჯი ხომ გადადგმულია-მეთქი. რაღაც სიხარული ვიგრძენი: თითქო რაღაც მძიმე ტვირთი მოვიშორე მხრებიდან: სიმსუბუქე ვიგრძენი.
კოლაუ ნადირაძეს დავპირდი ლექსებს, სიტყვათქვეშა თარგმანები რომ გამიკეთოს.
ნ. კიკნაძე მოიყვანა კალისტრატემ. დავპირდი ლექსებს.
პაუსია და ნიკა იქ იყვნენ. ოთარ ჭელიძემ მოიტანა პოემა. ბ. ჟღენტმა მითხრა, რომ „Заря Востока“ პარალელურად გამოსცემს წიგნს, რომელიც მოსკოვში გამოვა, ხომ ითარგმნებაო? (ზლატკინი კი ამბობდა, რომ ჩემი წიგნი შეტანილია 1949 წლის გეგმაში). ბესო კი ამბობს: შევიტანთო. მე კი ვამბობ: მზად მექნება წიგნი. არის ამის ნიშნები. კარგი პირი უჩანს ჯერჯეჯობით ამ საქმეს.
ქაღალდი ბლომადა აქვს ლადო სირბილაძეს. იყენებს ყაზბეგზე. მე მგონია, ჩემთვისაც დარჩება რამე...
შევიძინე წიგნი „История Гражданской войны в СССР“, მეორე ტომი. კალისტრატემაც შეიძინა.
საექიმო კომისიაში პურის წიგნაკები ორთავეს მოგვცეს (გვიშველა რეკვავას რჩევამ: ცალ-ცალკე მიდითო).
დუთა ნახსენებია „Литер. Газета“-ში.
მანიამ ცნობა მოიტანა მუხრანიდან, რომ მურიკელა იქ თავს მშვენიერადა გრძნობს (აჰ, მურიკელა, მურიკელა!).
ჩიქოვანი შეეცდება, ხელი შემიშალოს, მაგრამ ჩვენც შევეცდებით, იგი მურიკელას მდგომარეობაში ჩავაყენოთ.
კალისტრატემ სთქვა: სახლში მივყევი ნ. კიკნაძეს, მან აიღო და შენს წიგნს აკოცაო. კალისტრატე საღამოთი ბაღდათში წავიდა.
„А с Луи беда - мальчишка решил стать летчиком. Удивительное поколение - мы летали на Пегасе, а им подавай мотор... Материалисты“. ამ სტრიქონებს უეცრად წააწყდა თვალი ეხლა, წერის დროს. ერენბურგისაა.
ხვალვე დეპეშა უნდა გავუგზავნო პავლო ტიჩინას.
ნეტავ, ეს რა ამბავია? დელეგაცია ქართველი საბჭოთა მწერლების გაემგზავრა ქ. მირგოროდს (დადიანი, ასათიანი, ბარამიძე), რომ იქ მონაწილეობა მიიღოს დ. გურამიშვილის ძეგლის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში. დღეს კი ამავე დელეგაციას სასწრაფო დეპეშა დაადევნეს მწერალთა კავშირიდან. მდივანმა ქალმა ასე სთქვა: დადიანს ტელეგრამა გაეგზავნა, სასწრაფოდ დაბრუნდეს უკრაინიდანო. აქ რაღაცა ამბავია უსათუოდ... რამ ააფორიაქა სიმონ ჩიქოვანი? რას ნიშნავს ასე უეცარი გამოძახება: ჯერ, მგონი, ჩასულნიც არ არიან. ნუ თუ... მაგრამ, ვერ ვბედავ გაფიქრებას. ვერც წარმოვიდგენ...
გვახსოვდეს 11 ოკტომბერი, დღე ყველასთან ანგარიშის გასწორებისა.
1948 წ., 30 ივლისი
*
მოსჩანს, როგორც ქანაობა სასწორების,
[და თერთმეტი ოქტომბერი ახლოვდება.]
დღე ყველასთან ანგარიშის გასწორების.
*
[ჩვენი სალამი სახალხო მგოსანს,
გაშალეთ დაფნის და ვარდის რტონი,]
ო, სულო, გულო, შენ არ შეცვლილხარ,
აჰ, სულო, გულო [სამშობლო ჩემო], ქვეყანა ჩემო,
თუმცა იცვალნენ, იცვალნენ დრონი,
გვყავდა ილია, გვყავდა ყაზბეგი...
*
შადური მოსკოვშია, შეიძლება ჩამოვიდესო 5 აგვისტოს. უნდა იცოდეს გომიაშვილმა, რომ შადური ჩემს მხარეზეა. ეს უნდა იცოდეს პრეზიდიუმმა.
მშვენიერია შიო მღვიმელის ლექსი:
მთესველი რომ შემოიყრის დოინჯსა და უმზერს ყანას,
ურჩევნია მთელ სიცოცხლეს, ურჩევნია მთელ ქვეყანას.
შენც ხომა ხარ ის მთესველი და ცვარნამთა დამფრქვეველი,
დღეს რომ ტკბილად შემოგცქერის ყვავილებით სავსე ველი.
მაშ, გასწი წინ უფრო მედგრად. კვლავა მკე და კვლავა თესე.
რაც აქამდის მოგვიტანე, უფრო გააუკეთესე!
აი ვარლამ რუხაძის ლექსიც:
ამოვარდება როგორც გრიგალი, იცის კვეთება დაურიდალი,
ვერ აკრთობს ტყვია, ვერ იჭერს ზღუდე,
მძლე გაქანებას საზღვარს არ უდებს.
მოდის თამამად, რწმენით ნაპოხი,
და ავსებს ქუჩებს შფოთით, ამბოხით.
ისვრის ეპოქებს
ცეცხლით აღსავსეს:
საუკუნეებს
წუთში ათავსებს.
გ. ქუჩიშვილი:
სავსე გაქვს გული ციურ ჰანგებით, გული სათუთი, გული მღელვარე
და მოვლენილი მაღალ განგებით, დაუფლებიხარ მაღალ მწერვალებს,
შენი სიმღერა, როგორც თილისმა, ხან სიამეს გვფენს, ხან სევდით გვავსებს,
ტფილისმაც მთები შემოინისლა, ცრემლი სდით კლდეთა სიბერის ხავსებს.
შენ კი ოცნებით გატაცებული, ამაყი, ლაღი და თავმომწონე
სდგეხარ ხალხისგან განდიდებული, ხალხშივე ჰფანტავ ლექსების კონებს.
ნურც დაგლევია შენ ეგ სიმდიდრე, ვიდრე სიცოცხლეს მოეღოს ბოლო,
და აღიმართოს ჟამთა სიმკვიდრედ დიდების ძეგლი, ხსოვნის სიმბოლო!
დარია ახვლედიანი:
როცა ფიქრებით გული ღონდება და დაიცლება ჩემთვის სამყარო,
იმ წუთში მხოლოდ შენ მაგონდები, შენ მაგონდები, ძმავ, მეგობარო.
შენს ლექსთა კრებულს უბით ვატარებ, შენს ლექსთა კრებულს ვეალერსები.
დამწვარ სტრიქონებს ჩემს სულს ვადარებ, მხიბლავს და მიყვარს შენი ლექსები.
გ. ქუჩიშვილი:
ერთად ვებრძოდით ცხოვრების მორევს,
შხამს და შარბათსაც ერთადა ვცლიდით.
ძმად შეფიცულნი ვერ დაგვაშორეს
ვერც დამუქრებით და ვერც სიფლიდით.
ეს ორი ლექსი; მესამე - „შენ ჩვენს შორის“; მეოთხე - „გამძლე დირიჟაბლი“; მეხუთე - „ანდერძიდან“; მეექვსე - წერილი „მნათობში“.
*
ბოლო არ ეღება უსიამოვნებებს: ტრამვაის გასაჩერებელთან, შემნახველ სალაროსთან, უნივერმაღში კიროვის ქუჩაზე, გიორგი ცაგარელთან საუბრის დროს, კულპიტშახთან, მწერალთა კავშირში, გზაზე მწერალთა კავშირიდან, ტროლეიბუსთან, სახლში სათვალეების ძებნის დროს, კინო-თეატრში, უკანასკნელად სახლის კარებთან და შერმანის კითხვის დროს... თორმეტჯერ... ერთ დღეს ნაშუადღევიდან - ნერვებს მიშლიდა ჩემი კნეინა. ჩემს თავზე ვკვირობ, როგორ ვახერხებ მაინც რაიმეს გაკეთებას. ტრამვაიში ჩხუბი ამიტეხა იმის გამო, თუ როგორ გაბედა ვიღაცამ ურიგოდ ჩვენს წინ დადგომა.. შემნახველ სალაროსთან ახმაურდა იმის გამო, თუ რატომ პირდაპირ არ წავალთო, უნივერმაღში იმის გამო, რომ გამყიდველმა შეცდომით ლიმონათის მაგიერ ლუდი გახსნა: შეფუცხუნდა და სულ გაიქცა მაღაზიიდან, მერე გზაში დამეწია და აყვირდა: ასე, ბატონო, ამიერიდან შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის წავალო.. და გაიქცა სადღაცა. მე მწერალთა კავშირისაკენ წავედი, გავიხედე: აკი, ისევ მობრუნებულა, და ისევ ჩხუბი ამიტეხა: ამიერიდან შენ შენთვის და მე ჩემთვისო, და ისევ გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დამეწია, როცა ჩემს მთარგმნელს გიორგი ცაგარელს ვესაუბრებოდი. მან სიტყვა ჩაურთო ჩემს შესახებ: ეჰ, თქვენ რა იცით, როგორი სუსტი და უუნებოა გალაკტიონიო. მწერალთა კავშირში ვიღაც ქალი დამელაპარაკა. ახლა ამან გადარია: როგორ გელაპარაკებოდა, ვინ იყო, ყველაფერი შენი ბრალიაო. კინოში რომ წავიყვანე, ვიღაც სომეხს ისე უდგა, თითქო ეს-ესაა იდაყვით შეეხებაო, ლოჟაში რომ ვიჯექით, ისე უნამუსოდ დაჯდა, გეგონებოდა, სიბნელეში მის უკან მჯდომ კაცთან - რომანის გამართვას ეპირებაო. მე ავდექი და ლოჟიდან გამოვედი. კნეინაც თან გამომყვა. ერთ ნაბიჯზე არ მტოვებს, რომ მარტო დავრჩე და ერთ წუთს არ უშვებს, რაიმე უსიამოვნება რომ არ მომაყენოს. პირდაპირ აუტანელია. მერე როგორ დროს! მიშლის ხელს ყოვლად ცინიკურად, აღვირახსნილად. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ამნაირად ცხოვრება შეუძლებელია. რაიმე უნდა ვიღონოთ. სულო ცოდვილო, რამდენიმე ხნით კი დამშვიდდა, ეს მაშინ, ეს მაშინ, როცა ორასი გრამი კარაქი ვუყიდე.
სიმონ ჩიქოვანი დამპირდა, რომ გამოიტანებენ დადგენილებებს 11 ოკტომბრის აღსანიშნავად - სამშაბათის კრებაზე.
ძალიან გაუჯორავთ სიმონ ჩიქოვანი მოსკოვში ჩემს გამო: იქაურ მწერალთა კავშირში და „Литературная газета“-ს რედაქციაში. არავინ თურმე მას ჩემს შესახებ არ დაეთანხმა. ეს ყოფილა ამ ერთი კვირის წინად. მეც იქ ვიყავიო, მითხრა ვანო წულუკიძემ.
გიორგი ჯიბლაძესთან უნდა მივიდე ორშაბათს 12 საათზე. შერმანმა მოიტანა თარგმანები და წაიღო კიდევ ხუთასი მანეთი.
1948, 31 ივლისი
*
გახსოვდეს 11 ოკტომბერი. თანდათან იწმინდება ასპარეზი. დავამზადეთ მასალები 1917, 1918, 1919, 1920 და 1921 წლების. მოვიდა ნ. კიკნაძე და წაიღო რამდენიმე ლექსი სათარგმნად. მოიტანა ბახტაძის ქალმაც თარგმანები. მან მთლიანად გადათარგმნა „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. გულმოდგინე ქალია. ხელს უშლის ოჯახის უსიამოვნებანი და არ ვიცი, როგორი გამოუვიდა ეს თარგმანები. მე ჯერჯერობით მთლად არ წამიკითხავს ეს თარგმანები.
ვიყავი გ. ჯიბლაძესთან. მან მოიწონა გეგმა ჩემი მუშაობისა წიგნზე. 11 ოკტომბრის შესახებ სთქვა, რომ მართებულია მისი აღნიშვნა. თვითონ ვერ დაესწრება სამშაბათის სხდომას, „ხომ იცი, შადური აქ არ არის, და მისი საქმეები მე მაწევსო“. ისე მოველაპარაკებიო სიმონს. როდესაც მოსკოვის ამბავი ვუთხარი, მან ეს არ იცოდა თურმე. „წაიკითხე ჩემი წიგნი?“ - მკითხა. არა-მეთქი. შენზე იქ აქა-იქ ბევრჯერა მაქვს სიტყვა ჩართულიო. დამპირდა წარწერით. სიმონს კი უსათუოდ მოველაპარაკებიო. დიდი ენტუზიაზმი ჩემს საქმეში მას ვერ შევამჩნიე, მაგრამ თანდათან რომ ჩაერევა, ეს ფაკტია. ვიცი მისი ხასიათი - დაგპირდება და მიჩუმდება, მაგრამ თუ შენმიერ გაკეთებული, მზამზარეული საქმე ნახა, მაშინ სიამოვნებით „მოაწერს ხელს“. ამ ხასიათს იგი ვერ იცვლის. რა გაეწყობა: მივყვეთ კვალდაკვალ. ცეკაში გაჩეჩილაძე შემხვდა. პროპაგანდის დარგში მუშაობს. სულ „ჩვენი სიცოცხლე ხარ, ჩვენი შვენება და სიამაყე ხარო“, იძახდა. ვალოდია ჭიაურელი რაღაც ირიბად მიყურებდა. შადური შეიძლება ამ თვის 10 რიცხვამდე არ ჩამოვიდეს. ვერ გავიგე, ჭილაია აქ არის თუ სხვაგან? „მნათობში“ მისი წერილია და იმასვე ამბობს, რასაც ამბობდა, მაგრამ უფრო... სხვანაირად, რადიანის მხარეზე. მგონია, მღალატობს, ისარგებლა ერთი მომენტით... და ისევ იმათ მხარეზე გადადის. ეჰ, ყველაფერი ისე როდი იქნება, როგორც მე მინდა; მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის.
მწერალთა კავშირში. დადიანი გამოძახებული რომ იყო, ჩამობრძანებულა.
11 ოქტომბრის საკითხი დღის წესრიგშია: სამშაბათს გაირჩევა, თუ პრეზიდიუმის [კრება] სხდომა შესდგა.
დ. ნახუცრიშვილის ვაჟი კარგი ადამიანი უნდა იყოს. არა იმიტომ, რომ ჩემზე ამბობდა...
შანშიაშვილზე და გვეტაძეზე შემდეგი ლექსი გამოუგონებიათ:
„მზახალმა უთხრა მზახალსა,
წიგნს გამოგიცემ ახალსა,
ჰონორარს მოგცემ მაღალსა...
ნუ ასტეხ აყალმაყალსა...“
ეს მის წინა-საიუბილეო ამბებსაც შეეხება. „ლიტერატურა და ხელოვნება“ - ბევრი საკითხებია. სექციები არ მუშაობენო და ისე კი მთელი საგამომცემლო საქმეები ჩვენს ხელში უნდა იყოსო. ვერ უძღვებიან საქმეს, ცხადია. მგონი, ეს პრელიუდიებია სიმონა ჩიქოვანის გადაყირავებისათვის..
2 აგვისტო, 1948 წ.
*
მწერალთა კავშირი. პრეზიდიუმის სხდომა..
ერთხმად მიღებულ იქნა წინადადება ჩემი იუბილეის მოწყობის შესახებ 11 ოკტომბერს. დაესწრენ: ს. ჩიქოვანი, ირაკლი აბაშიძე, შალვა დადიანი, ალ. გომიაშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ნატროშვილი (დანარჩენი სამი თბილისში არ არის: სულიაშვილი, მოსაშვილი, ლეონიძე - რომ ყოფილიყვენ, ისინიც მხარს დამიჭერდენ). მწერლებიდან დაესწრენ: იონა ვაკელი, ბორის ჩხეიძე, გიორგი შატბერაშვილი, მრევლიშვილი. დავესწარი მეც... იყო მხარდაჭერა ზევიდანაც: გიორგი ჯიბლაძემ პატიოსნად აასრულა დაპირება. ჩაერია ამ საქმეში და უზრუნველჰყო. სხდომაზე რეპლიკაც კი არ ჰყოფილა ვისიმე.
გვახსოვდეს მოახლოვებული 11 ოკტომბერი.
3 აგვისტო, 1948
*
ეს იყო და ეს. 3 აგვისტოს დაადგინეს და მას შემდეგ ჭიანურდებოდა საქმე და დღეს... 1948 წლის 11 ოკტომბერია: სწორედ ის დღე! ორმოცი წელი ჩემი სალიტერატურო მუშაობისა. არაფერია!
11 ოკტ., 1948 წ.
*
11 ოკტომბერი, 1948.
მოქმედნი პირნი ამ ამბავისა:
1. სიმონ ჩიქოვანი.
2. სერგო ჭილაია.
3. კანდიდ ჩარკვიანი.
4. როსტომ შადური.
5. თვითონ მე.
6. და ყველაზე აკტიური - ჩემი კნეინა!
* * *
აკადემიაში დღეს ერთმა ამბავმა გამაოცა: შარია მხარს უჭერდა ნუცუბიძეს და ნუცუბიძე შარიას! მე კი ისინი დანასისხლად ერთმანეთში მყოფებად მეგონენ. სხვებსაც ასე ჰგონიათ (ეკონომიკის ინსტიტუტის გეგმის განხილვისას).
ანდაზაა: შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდესო!
* * *
განვაგრძოთ ბრძოლა. პირველი ტური ჩემმიერ წაგებულია! იწყება - მეორე ტური...
ჩემი იუბილეები არასდროს ქრონოლოგიურად სწორად არ ყოფილა აღნიშნული: ასე ამბობდა გომიაშვილი. დეკემბრამდე მოეწყობა.
სიტყვა ეკუთვნის ჯერ სანდრო შანშიაშვილს.
ყაზბეგის ამბავები კი ჩათავდა.
38 და 43 წლები (10 წელი).
რაიმე საუწყებო (უწყებრივი - Ведомственное) არ გამოგივიდესთო. ცოტაოდენ ჰონორარებს ხომ არ იღებთო? მაგალითადო, ჩაის შესახებო; აკადემიის ხაზი უნდა სჩანდესო ცოტათი მაინცო და სხვ. - ეუბნებოდა ნუცუბიძე პაატა გუგუშვილს..
- ჰო, მართლა, ასე არ გამოვიდესო. - კვერს უკრავდა შარია..
*
12 ოკტომბერი. 1948.
1. ერთს რეგვენ "პოეტს" სახელად რაჟდენი ერქვა. ასოთამწყობმა „რაჟდ“ ააწყო შეცდომით „რაუდ“ (ჟ - უ) ხსენებულმა პოეტმა აღტაცებულმა [იყო] ამ კორეკტურული შეცდომით - [შემდეგ] მიიღო ეს სახელი და [მედიდურად] შემდეგში ყოველთვის ხელს აწერდა: რაუდ გოგოხია.
2. ცისფერი ყანწელები - კორეკტურულ შეცდომებს - აღმოჩენად სთვლიდენ: წერილს ამშვენიერებსო, ისინი არა თუ სტოვებდნენ ხელშეუხებლად ამ შეცდომებს, განგებ ამახინჯებდენ სიტყვებს, რა არის, უფრო გაუგებარი იყოსო. გაუგებრობას კი მიღწევადა სთვლიდნენ. „ლექსი, რომელსაც ყველა გაიგებს, ლექსი არ არისო“, ამბობდნენ ისინი...
3. ერთი ჯგუფის წევრმა, რომელიც კორეკტურას ასწორებდა აფიშებისას, ნახა, რომ „ჯადოსნური სალამურების“ მაგიერ ასოთამწყობს „ჭიდოსნური სალამურები“ აეწყო. კორეკტორმა განგებ დასტოვა ეს გაუსწორებლად და მეორე დღეს მთელ თბილისში გაკრული იყო აფიშები „ჭიდოსნური სალამურები“.. ერთ მივარდნილ კაფეს, [სადაც] რომელშიც ისინი იკრიბებოდნენ, სახელად „ჭიდოსნური სალამურები“ დაარქვეს და... არავინ კი, იმ კორეკტორის და მისი ერთი მკითხველის მეტმა, არ იცოდა, რა იყო ეს „ჭიდოსნური სალამურები“.
4. ალბად, ასეთი შეცდომები იყო გაუგებარი „ვირების მესია“, „დრუმო“.
5. სოკოებივით მომრავლებული იყო ერთ დროს [თბილისში] ქართული და რუსული [მემარცხენე] ჯგუფები, რომლებიც მემარცხენეობის დროშას შეფარებული, იკლებდენ ტფილისის კაფეებსა და ქუჩებს. საგანელი და კრუჩიონიხი.
კრუჩიონიხი უტიფრად გამოცხადებული იყო რუსული ლიტერატურის ლენინად (იხ. „მეოცნებე ნიამორები“), ეს ვაჟბატონი კი ნამდვილად, ქვას ქვაზე არ სტოვებდა რუსული ენიდან. ფუტურისტები, როშარები, ყანწელები, მეოცნებე ნიამორები, ცისარტყელას ჯგუფი, კრონოსელები, უშბა და სხვ. ფუტურისტები, იმაჟინისტები, სიმვოლისტები, დეკადენტები გაიძახოდენ სულ: „ჩვენ და ჩვენ“.
6. ო, ეს დიდი ორომტრიალის, არევ-დარევის, გაუგებრობის, ენის სიწმინდის დარღვევის, ყოველმხრივი დაცემულობის ხანა იყო.
7. თბილისში არ იყო არც ერთი ისეთი ჯგუფი, რომელზედაც იმედიანათ თვალის შეჩერება შესძლებიყო ადამიანს. ხალხმა მათ საერთო სახელი უწოდა „ფუტურისტები“.
8. უზარმაზარი ცილინდრით, ხალხის ყბად-აღების ნიშნად, დადიოდა ილია ზდანევიჩი.
9. შემოღებულ იქნა უქუდოთ სიარული, ნიშნად პროტესტისა ანდაზისთვის: „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“.
10. ვიღაც შეშლილი პოეტი, რუსთაველის თეატრის უზარმაზარ შუშებს ქვებით ამტვრევს, ნიშნად პროტესტისა, რომ მის საღამოს არავინ არ დაესწრო და შემოსავლის იმედი არ გაუმართლა.
11. კაფე „დარბაზი“, „ლადია არგონავტოვ“, „ცეხ პოეტოვ“, „ქიმერიონი“, „პოეტების კაფე“.. აი, მათი საასპარეზო.
12. და რაც ყველაზე მთავარია, საშინელზე-საშინელი მატერიალური სივიწროვე, მწერლები შიმშილისაგან სულს ჰღაფავენ: უმწეო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი ხანში შესული მწერლები: ვასილ ბარნოვი, შიო მღვიმელი, ზაქარია ჭიჭინაძე, შიო არაგვისპირელი, კოტე მაყაშვილი, განდეგილის ქალი, ეკ. გაბაშვილისა და სხვ.
13. „კონფერანსიედ“ ხშირად იყო პაოლო. ეს ძალიან შემოსავლიანი რამ იყო - კონფერანსიედ ყოფნა. გალექსავ უცებ რაიმეს და... მზადაა თანხა.
14. კაცმა არ იცის, როგორ ახერხებდა ცხოვრებას გრიგოლ რობაქიძე. არავითარი შემოსავალი მას არ ჰქონდა. ლექციებს ეგრე ხშირად ვერ ჰკითხულობდა, სამსახურში არ იყო.
15. ალი არსენიშვილი ადებდა ხელს.
*
1917 წ. „დროშები ჩქარა“ და სხვ. 1918 წ.
როდესაც თბილისში ჩამოვედი, სრულიად სხვა განწყობილებები დამხვდა. სასტუმრო „პრიმაში“, სადაც გავჩერდი (ქვედა სართულში სოფრომ მგალობლიშვილი ცხოვრობდა), ერთხელ [შუაღამისას] განთიადისას კარებს აკაკუნებენ. წამოვდექი. ტანთ ჩავიცვი. გავაღე კარები; ჩემს წინ იდგა პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი შუახნის კაცი. ის [უბოდიშოდ] შემოვიდა ოთახში. ბოდიში მოიხადა, და სთქვა: „დავალებული მაქვს თქვენი ბინა გავჩხრიკოვო, მე კარგად ვიცი, ვინცა ხართ, პოეტი ბრძანდებით, მაგრამ მთელი ქალაქი ამბობს „ბოლშევიკი“ ჩამოვიდაო და.. რა გაეწყობა. მართალი გითხრათ, მეც არ მომწონსო ბევრი რამ, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ჩემი სამსახურის საქმე ისეთიაო“ და სხვ. გაჩხრიკა ჩემოდნები, უამრავი ხელნაწერები ისე გადაათვალიერა, ზედვე ეტყობოდა, არა გაეგებოდა რა წერა-კითხვის. ერთი ლექსის კითხვას მთელი საათი მოანდომა. „გემი "დალანდი“ - რა არისო გემი დალანდი? ლენინი... აა... ეს მესმის... მაგრამ რას ნიშნავს აქ ლენინი? [დროშები ჩქარა...].
შენ და ლენინი, პეტროგრადი, მოსკოვი, კრემლი. შავი ზღვის.
N. B.
1. სასტუმრო პრიმა.
2. სოფრომ მგალობლიშვილი.
3. ჩემი მოწყობილობა, არეულ-დარეულობა.
4. კარებს აკაკუნებენ განთიადისას.
5. კაცი პოლიციელის ფორმაში (არასდროს არ დამავიწყდება ამ კაცის გარეგნობა).
6. ჩხრეკა.
7. „მთელი ქალაქი ამბობსო“.
8. მეც არ მომწონს ბევრი რამ.
9. ზედვე ეტყობოდა? ა?
10. დალანდის შინაარსი.