დღიური-203 - 1948 წელი
1948 წელი
„მნათობში“ თანამშრომლობა 1924 - 1947.
I. „ზუსტი დათარიღებისათვის“.
*
„სქელი ღრუბელი
შავი და ბნელი
სამშობლო მხარეს
გადაეფარა“...
„გადაეფარა
სამშობლო მხარეს
შავი, ბნელი და
სქელი ღრუბელი“.
1908 წ.
*
იცი თუ არა შენ? იცი თუ არა...
...რომ ბერლინზე გადამწყვეტი შეტევის ერთ-ერთ დღეს ჩვენმა ავიაციამ მოახდინა 17.500 თვითმფრინავგაფრენა..
...რომ ბერლინიდან 80 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ქიუსტრინთან ჩვენმა ჯარებმა ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენეს ასობით მძლავრი პროჟექტორი, რომელთა თვალისმომჭრელი სინათლე აბრმავებდა გერმანელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, დეზორგანიზაცია შეჰქონდათ მათ თავდაცვაში.
...რომ ბერლინის გარე თავდაცვითი ზღუდეების გარღვევისას, მდინარე ოდერს გაღმა განლაგებულ გერმანელთა სიმაგრეებს თავს დაატყდა საბჭოთა არმიის 22.000 სხვადასხვა ყალიბის ქვემეხისა და ნაღმმტყორცნების ერთდროული ცეცხლი. ეს იყო მსოფლიოში მანამდე არნახული საარტილერიო არმადა.
...რომ ბერლინში ბრძოლებისას ზოგიერთი ქუჩის მარტოოდენ ერთ კილომეტრზე იდგა და ისროდა 500-ზე მეტი საბჭოთა ქვემეხი.
*
1948, სამშაბათი, 27 აპრილი.
№1. დღეს პირველად მეცვა ახალთ-ახალი კოსტიუმი; და მოვახდინე პირველი გაფრენა, უაღრესად დამაკმაყოფილებელი. მზიანი დღე, კარგი სულიერი განწყობილება. ხალხი ყურადღებას მაქცევდა, მოწიწებით, ინტერესით და სიყვარულით. По платью встречают...
№2. „წიგნის პალატა“ - სცემს საიუბილეოდ წიგნს - ბიბლიოგრაფიას. გამგემ გამოჰყო სამუშაოდ მეცნიერი მუშაკი თინა ნაკაშიძე. გამგე ძალიან კარგი კაცია. თინაც ერთგული და გამოცდილების მქონე ამ დარგში.
№3. „დინამო“-ში შესაძლებელია ჩარჩოების შეკვეთა გამოფენისათვის ან კერძოდ, ან სახელგამის მაღაზიის №2 მეშვეობით.
№4. მაგრამ სამხატვრო ფონდი ("ხუდფონდი") იაფად აკეთებსო ჩარჩოებს (შიო ჩიტაძის ქ. №8). ანდრო ლევანის ძე ჯავახიშვილი იქ გამგედაა. ის ძლიერ კარგი კაცია.
№5. თინა ნაკაშიძე - სახელგამის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებში მოთავსებულ ლექსების სიას ადგენს. აქ გარდა ბიბლიოგრაფიული მნიშვნელობისა, ჰონორარის საკითხიცაა.
№6. ავიღეთ სამკურნალო კომისიის წიგნაკები, რომელთაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.
№7. სტეკლოგრაფიაში შესაძლებელია წიგნების გამოცემა მცირე ტირაჟით. ფურცელი ღირს 21 კ. ასი ფურცელი 21 მანეთი. ერთის სიტყვით, ორმოცდაათ გვერდიანი წიგნი - ორმოცდაათი ცალი ჯდება 500 მანეთი. ეს არაფერია წიგნის სარგებლობასთან შედარებით.
№8. ხოლო დიდი წიგნის (V და VI ტ.) გადაბეჭდვა მანქანაზე შემდეგი ანგარიშით იწარმოებს: ყოველი ოცდაათი სტრიქონის (იქნება ეს ერთსა თუ რამდენიმე გვერდზე) ფასია 3 მანეთი. 3000 სტრიქონი, ე. ი. 100 ფურცელი - 300 მან. და ა. შ.
№9. იპ. ვართაგავას (ჯგუფია მთელი, მასთან დადის ფ. გოგიჩაიშვილი და სხვ.) დამთავრებული ჰქონია „მოგონებები“. ძველი კაცია. სთქვა: შენზე სულ სხვანაირადა მაქვსო, დანარჩენების არა მჯერა-რაო.
№10. ექ. ლადო გასვიანს გამოუცია წიგნი „შოვი“. მთელი ტირაჟი წაუღიათ რაჭაში. ამ წიგნში მოთავსებულია ჩემი ლექსი. საჭიროა ბიბლიოგრაფიისათვის. ლადო გასვიანი შესანიშნავი პიროვნებაა.
№11. „კულტსაქონელში“ (რუსთავ. პრ. სამხედრო ქუჩის პირდაპირ) - 100 ცალი ფოტოქაღალდი - ღია ბარათის ზომისა, ჰღირს 24 მან. (შევიძინე). ხოლო 100 ცალი დიდი (კედლისათვის) ფოტოქაღალდისა ღირს - 120 მანეთი.
№12. გამოვიტანე კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკიდან 1908 წლის ჟურნალის „ჩვენი კვალის“ სამი ფოტო: 1. ჩემი ლექსის. 2. ყდის. 3. ლადო დარჩიაშვილის პორტრეტის. იქ: ფოტოგრაფი დიდებულიძე და ბიბლიოგრაფი ქალი თამარა მაჭავარიანი - იშვიათი ყურადღებით მეპყრობიან. ეს დასაფასებელია.
№13. თეო კეკელიძე და ლადო ჯაფარიძე - ერთად იყვნენ. ეს მომენტი საყურადღებოა - ძველი ტრადიციული მათი მეგობრობის მხრით. მათ გარშემო კი...
№14. საღამოთი მივიღე ახალგაზრდა პოეტის ნოდარ დუმბაძის ჩემდამი მოძღვნილი ლექსი. ახალგაზრდულია. გულწრფელი. ემოციური. მიწოდებს „ლექსის მესიას“, რომელმაც ბევრს წასცხო მგოსნის მირონი („მინდა დავარქვა ჩვენს პოეზიას - ძვირფასი სიტყვა „გალაკტიონი“). („როგორც იმ მხარეს იმერეთისას, ოდითგან მოჰქუხს შმაგი რიონი, რომ მკითხონ, ვის სცნობ ოსტატს ლექსისას, ვიტყვი: ყველას სჯობს გალაკტიონი“). ნახსენებია თეთრი ღამე, უძვირფასესი რითმა, ფრთაშესხმული „ლურჯა ცხენები“ („მე მაინც მინდა იქ ვიყო დიდხანს, სადაც შენა ხარ და შენი ღამე“). („და მეც დავარქვი ჩემს პოეზიას მხოლოდ და მხოლოდ გალაკტიონი“). მეორე ლექსი „საქართველოც“ კარგია. ლექსი აბესალომმა მოიტანა რკინისგზის ქალთა შკოლიდან. ეტყობა, ბავში ახალგაზრდებში პოპულიარობით სარგებლობს.
№15. „საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის“ საზოგადოებაში ვიყავი. ვინახულე ნ. მიქავა. შევთანხმდით: უნდა ავურჩიო 50 ლექსი უცხო ენებზე სათარგმნად (ნაწილი აქვე გადაითარგმნება). ლექსები ასე მინდა დავანაწილო: 1908-1917, 1918-1928, 1928-1938, 1938-1948.
№16. ჩემი ლექსები ითარგმნება ინგლისში, ამერიკაში, ვენაში. ერთი წიგნი გამოცემულია ვენაში, იქ ჩემი ლექსიცაა.
№17. მოგვივიდა „Летопись газетных статей. Октябрь-декабрь. 1947 г.“ იქ ნახსენებია 43 გვერდზე: „Табидзе Г. 29492, 31345..“ (რას ნიშნავს? საჭიროა ბიბლიოგრაფიისათვის).
№18. ხელთა მაქვს ვ. ქაჯაიას წიგნი „ნიკო ცხვედაძე“ (თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა). აქ 77 გვ. აბესალომის წერილია, ძალიან დამახასიათებელი 1908-1914 წწ. (საჭიროა გამოფენისათვის).
№19. პალტო უნივერმაღიდან იქნება 16 მაისისათვისო. По платью встречают, по уму провожают.
ამნაირად, ერთი დღის განმავლობაში მე მოვახდინე 19 სადაზვერვო გაფრენა - რა თქმა უნდა, ეს სრულებით არ კმარა. უნდა იყოს დღეში არა-ნაკლებ 100 დაზვერვისა, მაგრამ ისე კი, რომ დაღლილობა არ დაეტყოს კაცს.
ოთხშაბათი, 28 აპრილი.
№20. ნ. ტიხონოვმა მოსკოვის ასეთი მისამართი მომცა: Головенченко, Федор Михайлович. Гослитиздат. Архипов, п. 4.
№21. მელიტონ თევდორაძემ (გამგე წიგნის ბაზისა) შემოგვთავაზა ფოტო-ქაღალდები, თვითღირებულებით. სთქვა: დღესასწაულებს მერეო.
№22. ჩემდამი მოძღვნილ ლექსებს მიემატა სამი ახალგაზრდის ლექსები: ლევთერ ფარცვანიას, ნოდარ დუმბაძის, დავით კვირკვაიასი (ჯერჯერობით სიაშია 169 ავტორი. წელიწადზე 5 ლექსი მოდის მხოლოდ).
№23. ჯერჯერობით ჩემს შესახებ არქივში აღმოვაჩინე 111 ლექსი (სრული არ არის, სიაში მხოლოდ სათაურებია. 111 ავტორი შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, ბიბლიოგრაფიაში).
№24. შევუკვეთე [სა]ქალაქთაშორისო ტელეფონის - გოლოვენჩენკოსთან საუბარი 30 მაისისთვის, საღ. 18 საათზე.
№25. აღმოვაჩინე 1908 წ. „აკაკის კრებულის“ ყდა (საჭიროა კიდევ „პირველი ტალღა“ და მაშინდელი სემინარიის ფოტო). სხვა მასალები მზადაა.
№26. 1908 წლის მასალების აღრიცხვით გამოირკვა: სულ მხოლოდ 31 მა-სალაა (ფოტო, ჟურნალები, წერილები და სხვ...).
ხუთშაბათი, 29 აპრილი.
№27. მოვიძიეთ ფოტო „სახლი პრესის ქუჩაზე“ („ახ. კვალის“ და „ამირანის“ რედ.). 1908. თავისი ნეგატივით.
№28. მოვიძიეთ 14 ლექსი, მოძღვნილი ჩემდამი, რომლებიც ასე თუ ისე 1908 წ. ეხება (გ. შინატეხელი, გ. ქუჩიშვილი, ბაბილინა, შაქრო ნავთლუღელი, ლადო მაჭავარიანი, ირაკლი ტოფაძე, მირზა გელოვანი, მარიკა მიქელაძე, ვასილ მერკვილაძე, იოსებ ნადაშვილი, უცნობი („მოხველი მწუხრით“), გალინა ქოჩიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, გუგული ნასარიძე).