შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-201 - 1948 წელი


1948.
[2 იანვარი].
1926 - გარდაიცვალა მწერალი შიო არაგვისპირელი (შ. დედაბრიშვილი). და¬იბადა 1867 წ.
59 წ.
გარეგნულად იგი ისეთი იყო, როგორც ერთად ერთ მის პორტრეტშია გამოხატული, და რომელსაც ივ. გომელაურის „ქართველი მწერლებიდან“ ვიცნობთ, ან იმ გავრცელებულ სურათით, რომელსაც „ქართველი მწერლები“ ეწო¬დებოდა. ამ ჯგუფის სურათებს ყოველ ინტელიგენტის ოჯახში ნახავდით. შუაში შოთაა, აქეთ აკაკი, იქით ილია, დანარჩენები გარეშემო, მათ შორის არაგ¬ვისპირელი.
წერა-კითხვის საზოგადოება. გამგეობის კაბინეტი. მაგიდასთან შ. არაგვისპირელი. 1911 წ. დიდი გონიერი  შუბლი და თვალები. მას საქმეზე ესაუბრება ვიღაც დიდხანს. იგი გულდასმით უსმენს, არ აწყვეტინებს განმარტებას. მხოლოდ ძალიან ხშირად ჩაურთავს სიტყვას „Да, да“. ხმის ტემბრი - დაღალულია, სახეც დაღალული აქვს. „Да, да“ - იმეორებს იგი. ნეტავი რას უნდა დაეღალა ასე სულ 50 წლის კაცი?

[4 იანვარი].
1799 - დაიბადა ადამ მიცკევიჩი - დიდი პოლონელი მწერალი (გარდაიცვალა 1855 წ.).
56 წლისა.
ადამ მიცკევიჩის და პადერევსკის შესახებ მშვენიერი წერილები იყო „კვალში“ 1893 წ. იქვეა მისი ლექსის თარგმანიც „სად ხარ, ჩემო სიყმაწვილევ“, მგონი, გიორგი წერეთლის თარგმანი. მიცკევიჩი ჩემი საყვარელი პოეტი გახდა - 1904 წლიდან, ე. ი. როდესაც თერთმეტი წლის ვიყავი.

[5 იანვარი].
1943 - გარდაიცვალა ნ. შენგელაია - ნიჭიერი კინო-რეჟისორი (დაიბადა 1902 წ.).
გარდ. 41 წლისა.
შემხვდა 1921 წ. მატარებელში, მაშინ სამხედრო იყო. მე მოვდიოდი სოფლიდან. ის შემოიჭრა და სთქვა: ძლივს დავაღწიე თავი, მივყავდით დაჭერილი და ხიდიდან წყალში გადავვარდიო, და ამით თავს ვუშველეო. ძალიან ცოცხალი კაცი იყო.
ის მოწმე იყო 1922 წ. ხელოვნების სასახლეში ჩემი და ტიციანის კონფლიკტის. მე ვთხოვე, არავისთვის გაემხილა და მან ეს შეასრულა.
1940 წ. საგურამოში გვეწვია ავტოთი მწერლებს. შემდეგ არაგვზე წავიდა სათევზაოდ.
რაღაც ტრაგედიას განიცდიდა, ეტყობოდა, თუმცა ოხუნჯობდა, იცი¬ნოდა.

[7 იანვარი].
7 აპრილს დილით გადმოცემული იქნა რადიოთი პოეტის ვარლამ ჟურულის ლექსები „შრომის სიმღერები“. კითხულობდენ პიერ კ. და მედეა ჩ. გადმოცემა კარგი გამოვიდა და ერთგვარი სიახლეცაა, რამდენადაც მას ახასიათებდა თემატიური მთლიანობა სხვადასხვა ლექსებისა. საერთოდ კი, ვარლამის ლექსებს ჩემი დიდი გავლენა ემჩნევა, როგორც თემატიკის, ისე რიტმის, რითმისა და წყობის მხრივ, რაც მას, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ამცირებს, პირიქით, მეტს შნოსა და სიდინ¬ჯეს მატებს.
საინტერესოა, რა აზრისაა  თვითონ ვარლამი.

[9 იანვარი].
ნ. ა. ნეკრასოვი.
გალილეო გალილეი.
ნეკრასოვის ლექსის „ფიქრები საპარადო შესავალთან“ ანტონ ფურცელაძის თარგმანი დაბეჭდილი იყო ძველისძველ „მნათობში“. მე ბავშობისას წამიკითხავს. სუსტი თარგმანია.
ნეკრასოვს ჰყავდა მოურავი შანშიაშვილი, რომელიც მას სძარცვავდა.
ნეკრასოვი არასდროს კავკასიაში არ ჰყოფილა, რომ ყოფილიყო, ისევე გარდაიქმნებოდა, როგორც პუშკინი, ლერმონტოვი და გრიბოედოვი.
„გალილეიმ სთქვა, მიწა ბრუნავსო,
ბოროტად იცვნეს, ჰკიცხეს ამისთვის“.
ესაა ზ. ჭიჭინაძის მიერ ერთერთი ნათარგმნი ლექსიდან, მახსოვს ბავშობიდანვე. ზაქარიას ჰქონდა ლექსები, მოთხრობები, კრიტიკული წერილები. კარგია შეიკრიბებოდეს.

[10 იანვარი].
ა. ნ. ტოლსტოი.
პირველად შევხვდი პარიზში 1935 წ. კონგრესზე.
გავახსენე მის მიერ აკაკი წერეთელზე დაწერილი წერილი, 1915 წ.
არ ესიამოვნა.
შემდეგ დავმეგობრდით.

[11 იანვარი].
ვ. კიკვიძე.
მასზე ლექსი მქონდა. სად დამეკარგა? კარგი წერილი იყო 1924 წ. გამოცემულ ერთ-ერთ რუსულ კრებულში: „ჯარისკაცები მზად იყვენ ცეცხლში და წყალში გაჰყოლოდენ მასო“. არის მასზე პიესა დარასელისა.

[12 იანვარი].
1876 - დაიბადა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯეკ ლონდონი (გარდაიცვალა 1916 წ.).
ე. ი. 40 წლისა!
ჩემზე მან მოახდინა უდიდესი გავლენა. „მარტინ იდენი“ და „ზღვის მგელი“ - შესანიშნავი მოთხრობები. დაუვიწყარია. „ცხენთა შეჯიბრებაზე“ მისი გავლენით მაქვს დაწერილი. მან თავი მოიკლა ამნაირად: ჩაიკეტა ოთახში და დაიწყო განუწყვეტელი სმა მაგარი სპირტის არაყისა. დაემართა „белая го¬ряч¬ка“ და მოკვდა კიდეც, ასე საშინლად.
„Лит. Энциклопедия“-ში მისი კარგი სურათია, წერილი კი მდარე.

[13 იანვარი].
1870 - გარდაიცვალა მწერალი ლავრენტი არდაზიანი (დაიბადა 1818 წ.).
ე. ი. 48 წლისა.
კიროვის სახელობის ბაღში წინად ეკლესია და სასაფლაო იყო. ეხლა იქ ორადორი საფლავია დარჩენილი, ლ. არდაზიანისა და დანიელ ჭონქაძის. აქ იყვენ დამარხულნი თამარ ყანჩელი (ბალმონტმა რომ „ვეფხისტყაოსნის“ თარ¬გმა¬ნი უძღვნა), დავით პავლიაშვილი (ნიჭიერი მწერალი, სემინარიელი), გიონ საგანელი პოეტი.
სანდრო ყანჩელი გარდაიცვალა ამ რამდენიმე დღის წინად. ყველას, ვინც მას იცნობდა, გული დასწყდა.

[14 იანვარი].
1876 - დაიბადა ლადო კეცხოველი მგზნებარე რევოლუციონერი (მეფის ჯა¬ლათებმა მოჰკლეს 1903 წ.).
ე. ი. 27 წლის.
1850 - დაარსდა ქართული თეატრი.

ჟან-ბატისტ მოლიერი.
„სკაპიენის ცუღლუტობა“.
მე ბავშობისას მქონდა არალეგალური ჟურნალი „ბრძოლა“, რომელშიდაც დახატული იყო მეტეხის რკინებიან სარკმელიდან გადმოყურებული ლადო კეც¬ხოველი. იქვე იყო მოთავსებული სამგლოვიარო წერილი მისი მოკვლის გამო.
როგორც ეს, ისე სხვა არალეგალური ფურცლები და გაზეთები, აბესალომმა მიწაში დაფლა 1906 წ. დაწყებული რეაქციის შიშით. სახლს გადაგვიწვავენო. კაზაკები თარეშობდენ სოფელში.
როდესაც ეს შევიტყვე, ძალიან გული დამწყდა.

[15 იანვარი].
1919 - ვერაგულად მოჰკლეს გერმანიის პროლეტარიატის ბელადები კ. ლიბკნეხტი და რ. ლიუქსემბურგი.
1795 - დაიბადა ა. ს. გრიბოედოვი გამოჩენილი რუსი მწერალი, დრამატურგი. მოჰკლეს თეირანში 1929 წ.
34 წლისა.
წამიკითხავს ბავშობაში ყველა მისი ნაწერები. რვეულებში ვხატავდი მის პორტრეტს. მახარობლიძეს მოსწონდა: რა იყო? ბავშის ნახატები: გრიბოედოვი, ბაირონი, წმ. ნინო, დარვინი.
34 წლისას მე უკვე მზად მქონდა ზარნიშიანი წიგნი.

ერთი ქალი სწერდა: „ლიპკნეხტი“.
ამბები გრიბოედოვის ქუჩის! „ო, ეს მთელი ისტორიაა“.

[16 იანვარი].
პირველი ავიატორი ქუთაისში ვნახე 1914 წ., რუსი, გვარი დამავიწყდა. იფრინა სულ 30 წუთის განმავლობაში. გამსახურდია გააფთრებით უკრავდა ტაშს, თითქოს იმ ავიატორს მიაწვდენდა ტაშისცემის ხმას. ასე ეგონა: მაგრამ ის რას გაიგონებდა?
ამ დღეს ერთმა ყოფილმა გიმნაზიელმა, ჯარში გაწვეულმა, „ჩესტი“ აუღო თავის მასწავლებელს. „აქ რა გინდაო?“ „ჯარისკაცად წამიყვანეს, რაკი თქვენ გამომრიცხეთო“.
შემდეგში ეს „ჯარისკაცი“ შეიქნა მოქეიფე, ქალების კუდში მდევარი, მოჩხუბარი, უსაქმო, სიმპატიური სახის ახალგაზრდა. იმისი გვარი იყო ლორთქიფანიძე.

[17 იანვარი].
ვარშავაში ვიყავი 1935 წ.
მატარებელში არ მოგვასვენა გამყოლმა პოლონელმა ქალმა: "ინებეთ ეს, ინებეთ ისო". არაფერი ჩვენ არ გვინდოდა. ის ქალი კი წამდაუწუმ აღებდა ჩვენი კუპეს კარებს მატარებელში და ძალიან უკმაყოფილო იყო, რომ არაფერს არ ვყიდულობდით მისგან. საუბარიც კი არ გვინდოდა მასთან; ვინ იცის, ვინ ოხერია-მეთქი, ვფიქრობდი.
ძალიან კი გვითვალთვალებდა.
„დუმილი ფარავს ტყეს და მდელოებს,
გავშორდით კიდეც ნეგორელოეს“.

[18 იანვარი].
შეგებრალება თვითონ კაინიც,
თუ გაიარე გზა უკრაინის.
კიევი. ნეჟინი. როგორ არ მახსოვს.

[19 იანვარი].
1865 - დაიბადა კ. ა. სეროვი - გამოჩენილი რუსი მხატვარი (გარდაიცვალა 1911 წ.).
56 წ.
„მეოცნებე ბავშები“ ზღვას გაჰყურებენ. დიდებული სურათია.

[20 იანვარი].
1848 - დაიბადა ცნობილი მწერალი ალ. ყაზბეგი (დაბადების 100 წლისთავი). გარ¬დაიცვალა 1893 წ.
45 წლისა.
ყაზბეგს ბავშობიდანვე ვკითხულობდი, რამდენი ღამე გამითევია. 1893 წ. „კვალი“, დეკემბრის ნომრები.
წელს - რატომ არაფრით არ აღინიშნა?

[22 იანვარი].
1798 - გარდაიცვალა ერეკლე II (გარდაცვალების 150 წლისთავი).
რატომ არაფრით არ აღინიშნა?

[27 იანვარი].
1756 - დაიბადა გენიალური კომპოზიტორი მოცარტი (გარდაიცვალა 1791 წ.).
„ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
ლურჯ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და გავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მძაფრი ზვირთებით“.

[19 თებერვალი].
დღეს მე და ნინა დავიტვირთეთ პროდუქტებით მთელი კვირისათვის.

21/II.
დილით დამირეკა იოსებ იმედაშვილმა. შემატყობინა, რომ „ლიტ. და ხელ.“-ში: 1. არის მ. ბახტაძის წერილი, სადაც იხსენიება კანტატა ჩემს სიტყვებზე.. 2. უნდა ჩემი ნახვა, წაღება ჩემი სრული ბიბლიოგრაფიის (რაც არა მაქვს და კარგია, რომ გამახსენა). 3. სურს გადმომცეს რაღაც ძღვენი. 4. მე მას დავპირდი წიგნს აფხაზეთზე. 5. მისი ტელეფონის ნომერია - 89-99.

[21 თებერვალი].
1944 - გარდაიცვალა ვ. ნ. ლესელიძე.
1. ვ. ნ. ლესელიძის შესახებ იყო ჩემი ლექსი კომუნისტში.
2. „ცხრა გენერალი“ - რუსულად სთარგმნა რიურიკ ივნევმა (უნდა გამოვართვა).
3. ლესელიძის შესახებ IV ტ. მოთავსებულია ჩემი ლექსი, მხოლოდ უსათაუროდ.
4. იგივე ლექსი არის წიგნში „ზღვა ახმაურდა“.
5. მშვენიერი თარგმანი ამ ლექსისა არის დავითაშვილის მიერ დაწერილ მონოგრაფიაში ვ. ნ. ლესელიძეზე.

[22 თებერვალი].
1944 - საბჭოთა არმიის ნაწილებმა გერმანელ-ფაშისტ დამპყრობთაგან გაათავისუფლეს ქ. კრივოი როგი.
(ამაზე ლექსი მქონდა).
გუშინ დავესწარი ბელინსკის საიუბილეო კომიტეტის სხდომას. აშკარაა ჩემთვის:
1. კუპრაძის რუსიფიკატორული მიმართულება.
2. გრიშაშვილის გაწამაწია საგანცხადებო და სხვა ამბავებით.
3. ქუთელიას დიდი ფილოსოფოსობით თავის გამოდება.
4. მუსხელიშვილის იდიოტიზმი.
კარგად იჭერდენ თავს: კეცხოველი, ჯიბლაძე, ვოვა მაჭავარიანი, ეგ¬ნა¬ტაშ¬ვილი.
ჟღენტი ჟღენტობდა, დანელია დანელიობდა.
მე ჩუმად ვიყავი. რა საჭიროა ამ ხალხთან თავის გამოდება?

[23 თებერვალი].
1945 - გარდაიცვალა ა. ნ. ტოლსტოი - გამოჩენილი რუსი მწერალი, ორ¬დენოსანი (დაიბადა 1883 წ.).
ერთად ვიყავით პარიზში. მომიყვა ამბავს ტანისამოსის <გაუ...ის> შესახებ. საინტერესოა. დადიოდა ყოველთვის ცალკე. ოინი ვუყავით მის აფიშას.

[25 თებერვალი].
პროდუკტები.

[3 აპრილი].
გამოქვეყნდა ლაურეატების სია:
1. ერენბურგი, 2. პავლენკო, 3. გრიბაჩოვი, 4. ნედოგონოვი, 5. სოსიურა, 6. სუდრაკალი, 7. ტანკი, 8. დურსუნ-ზადე, 9. ასახიევი (Гликов) და სხვ.
პრემია არ მიუციათ არც ერთი ქართველისათვის, არც ერთი ასე თუ ისე ხეირიანი პოეტისათვის საკავშირო მასშტაბით.  ვინაა გრიბაჩოვი? ნედოგონოვი მკვდარია; ტანკი, დურსუნზადე სრულიად უცნობებია. ერთადერთი - რომელსაც ეკუთვნოდა პრემია - ილია ერენბურგია.

[5 აპრილი].
უბედური დღეა. 9 დღის კარჩაკეტვის შემდეგ პირველად  გავედი საქმეებზე ქალაქში.
1. ფედერაციიდან 9 ათასის მაგიერ მიანგარიშეს 3 ათასი.
2. დავკარგე აფხაზეთიდან გამოგზავნილი თორმეტი ათასი მანეთის ასაღები ბარათი.
3. ამაოდ ვიარე, რომ საქ. უცხოეთთან კავშირის საზოგადოების სხდომას დავსწრებოდი. ის არ შესდგა.
4. საღამოთი ამაოდ დავეძებდი პურს,  ვერსად ვერ ვიშოვე. არ არის არაფერი.
5. არ დამიწერია არც ერთი სტრიქონი.
ყველაფერი ეს მოხდა ერთ დღეს. საზიზღარ ხასიათზე ვარ.
დავიმახსოვნოთ: მე მგონია, აფხაზეთიდან გამოგზავნილი ფულის საქმე გამოსწორდება. სხვებს კი არა ეშველება რა.

[6 აპრილი].
საქმე გამოკეთდა: დაკარგული აფხაზეთის ბარათი აღმოჩნდა - მივიღე 12.000 მანეთი..
მივაბარე ტანისამოსი შესაკერად. მზად იქნება 16-ისათვის.
უცხოეთთან კულტ. კავშირის საზ. კრება შესდგება ხვალ.
პურის მაგიერ ვიყიდეთ სიმინდის ქფილი. „ქიფილი“ კარგი საქმეა.
პიერს გუშინ თეატრში წაუკითხავს ჩემი ლექსი „მერი“. ძალიან მოსწონებიათ.
კომუნისტში ჩემი ლექსი ამ ერთ კვირაში დაიბეჭდება.
აფხაზეთის ლექსს მივუმატე რამდენიმე ტაეპი.
„თუმცა დიდის ჭრიალით, ურემი მაინც წინ მიდის“.

[7 აპრილი].
დავესწარი საქართველოს უცხოეთთან კავშირის საზოგადოების კრებას. ვიჯექ პრეზიდიუმში. მომხსენებელი მიქავა. დახარჯულია ერთი მილიონი და სამასი ათასი მანეთი. საქმე გაკეთებულია ცოტა სჩანს.  კავშირი დამყარებულია მთელ ევროპასთან, აზიასთან, ამერიკასთანაც. ბევრგან ითარგმნა „ვეფხის ტყაოსანი“, აგრეთვე ჩემი ლექსები.
კრებაზე მოითხოვდენ უცხოეთისათვის თანამედროვე ჩვენი პოეზიის ნიმუშების გაცნობას (ვოვა მაჭავარიანი). ეს მთავარია ჩემთვის...
- მივაბარე კოსტიუმი შესაკერავად. მზად იქნება თექვსმეტისათვის.
- „ასწლიანები“-ს საქმე ფერხდება. ძალიანი ჭრიალით მიდის ურემი.
- 1300 მანეთი მივეცით მკერავს ნინოს პალტოს მატერიისთვის. კიდევ საჭიროა ათას რვაასი - 11 ამ თვისთვის.

[8 აპრილი].
IV ტომში შეტანილი არაა 92 ლექსი, აფხაზეთის წიგნში - 70.

[9 აპრილი].
1821 - დაიბადა შარლ ბოდლერი - ცნობილი ფრანგი პოეტი (გარდაიცვალა 1867 წ.).
46 წლისა.

[10 აპრილი].
საბოლოოდ გასწორებულია:
1. ჩვენ გავიმარჯვებთ (1941 წ.).
2. ცხრა მაისია (1941 წ.).
3. მჭედელი (1941 წ.).

[11 აპრილი].
დღეს გასწორებულია ჩემმიერ ორმოცი ლექსი. ვმეცადინეობდი ღამის ოთხ საათამდის.

[14 აპრილი].
1930 - გარდაიცვალა ვ. ვ. მაიაკოვსკი - საბჭოთა ეპოქის უნიჭიერესი პოეტი (დაიბადა 1893 წ.).
ფურნეში პური არაა - სამაგიეროდ კედელზე დაკიდულია მაიაკოვსკის სურათი.
- პური არაა! - ამბობს მეფურნე.
- რისთვის არაა?
- არაა, - განაგრძობს მეფურნე გულმოსული სახით (ისეთივეთი, როგორიც აქვს მაიაკოვსკის  სურათზე).
- როდის იქნება?
- ხვალ.
მაიაკოვსკი გარდაიცვალა 14 აპრილს, 1930 წ., ე. ი. 18 წლის წინად. იგი მღეროდა მომავალზე. ისიც ამბობდა „ხვალ“...
„ასე ვიდრე ხვალ,
ან რასა ჰგავს ეს?
რატომ მაინც „ხვალ“,
რატომ არა დღეს?“

[15 აპრილი].
ვიყიდე 20 მეტრი - ბიაზი, 10 მეტრი - აბრეშუმი. სულ 632 მანეთისა.

[16 აპრილი].
1. სოხუმთან დალაპარაკების ფულის გადახდა ტელეგრაფში.
2. აბონენტთა ახალი წიგნის შეძენა (არ გამოსულა).
3. მოლაპარაკება „მნათობთან“ და „ლიტერატურა და ხელოვნება“-სთან.
4. როგორ შეიძლება მოსკოვთან დალაპარაკება?

[19 აპრილი].
1824 - გარდაიცვალა ბაირონი - დიდი ინგლისელი პოეტი (დაიბადა 1788 წ.).
160 წ.
ბაირონის ლექსები - გივი გაჩეჩილაძის თარგმანები ინგლისურიდან ქართულად წაკითხულ იქნა რადიოში. მთლად ჩემი რითმებითა და ჩემი  წყობით. ლე¬ონი¬ძეს სემინარიაში ენახა ჩემი წარწერით ბაირონის წიგნი „საქართველოში შენ ერთი მაინც“.

[22 აპრილი].
ველაპარაკე გენადის.

[24 აპრილი].
პალტო. მოიხსნა.

[28 აპრილი].
1903 - დაიბადა ა. მაშაშვილი (ა. მირცხულავა) - პოეტი, ორდენოსანი.
უი, უი!
1813 - გარდაიცვალა მ. ი. კუტუზოვი.
კუტუზოვის გვერდითაა - მაშაშვილი.

[30 აპრილი].
გოლოვენჩენკო გამოძახებული მყავს მოსკ. ტელეფონით. 18 საა¬თისთვის - 7 საათზე ტელეფონით შემოწმებაა საჭირო.

[6 მაისი].
საინტერესოა, მაქსიმ გორკიმ - შავრაზმულ გაზეთ „კავკაზ“-ში მოათავსა მისი პირველი მოთხრობა. ბევრ რამეს ნიშნავს კარგი ამხანაგი! რომ კოტიკა ვეფხვაძე არა, მეც გაზ. „კავკაზ“-ში ვაპირებდი ლექსის დაბეჭდვას რუსულ ენა¬ზე 1908 წ., დიდებული დებიუტი კი იქნებოდა.

[8 მაისი].
1. საუბრობდენ ფილოსოფიური „დისკუსიის“ შესახებ. ლიუსია და ნინა.
2. შევიძინე საზიზღარი წიგნი „ქართული პერიოდიკა“ 1819-1948. ი. გრ.-ის ოინებია.
3. შემხვდა ორახელაშვილი და გადმომცა ბ. ჟღენტის „რეცენზია“ მის გა¬მოკ¬ვლევაზე. საცოდაობაა.
4. ცხადია, [подлизываются].
5. განაგრძო ცხრა მაისის რადიომ.
6. განაგრძო ლიუსიამ, ნინამ.

[16 მაისი].
პალტო.
[19 მაისიდან 15 ივნისამდე].
მოსკოვი.

[16 ივნისი].
დილის 7 ს. 10 წ. გამოვფრინდით ვნუკოვოს აეროდრომიდან.
4 საათზე ვართ ტფილისში.
დიანას ამბები.

[17 ივნისი].
აკადემიის სხდომა.
- შარიას გამოყვანა აკადემიის პრეზიდიუმის წევრობიდან.
- შარიას მოხსნა ფილოსოფიის ინსტიტუტის დირეკტორობისაგან.
- კუპრაძის არჩევა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად.
- სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირეკტორად დანიშვნა დრო¬ებით.

[15 ივლისი].
1948. გაკეთდა საწიგნეები. ვაშა!

[18 სექტემბერი].
საღამო ცხაკაიაში. ცხაკაია. რაიკომი. ამხ. შარტავა. აფშილავა, კიტალაშვილი (კულტ. სახლი).

4 აპრილიდან 188 დღეში.
164. 28 აპრ.
11 ნოემბერი.
84-19, 00-77 - ნემსაძე.