შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-206 - 1948 წელი


1948 წელი
Москва. 1948 г., 19 мая.
რიაბინინა.
რიაბინინამ მითხრა: „წიგნს დააგვიანდა, მაგრამ წიგნი უსათუოდ უნდა გამოიცესო“. თან დაასახელა წიგნის გამოცემის დაგვიანების მიზეზები:
1. ბესო ჟღენტს მიენდო რედაქტორობა, და დაევალა: მასალების შერჩევა, დალაგება, და სხვ. მან ეს არ შეასრულა.
2. მოვიდაო ჩემთან თვალთვაძის ქალი - და მიჩვენაო თქვენი წიგნი. სარჩევში მას „მერცხლებით“ აღნიშნული ჰქონდაო ლექსების სათაურები; აი, ესა და ეს უნდა ვთარგმნოვო. მე სრულებით ვერაფერი ვერ გავიგეო. თვალთვაძის ქალმა სთქვაო, რომ მას ბესო ჟღენტისაგან აქვს დავალებული თარგმნაო. ერთის სიტყვით, არეულ-დარეული საქმე გამოვიდაო. მე თვალთვაძის ქალი ამ საქმეში სანდო პიროვნებად ვერ მივიჩნიე და უარი ვუთხარიო.
3. ბესო ჟღენტის მიერ 5 მაისს გამოგზავნილ დეპეშის შესახებ რიაბინინამ სთქვა: ის მეკითხებოდა, მასალები გამოგზავნილია თვალთვაძის ქალის ხელით და სხვა რაღა გინდათო. მე ვუპასუხეო, რომ - მასალები გამოგზავნილია ისე, რომ მისით სარგებლობა შეუძლებელია-მეთქი. „მერცხლებით“ აღნიშვნა ლექსების სათაურებისა - ეს არაა რედაქტორობა. რაღაც მეტია საჭირო-მეთქი.
ამის შესახებ რიაბინინას მე ვუთხარი - ბესო ჟღენტს თქვენი პასუხი ჩემთვის არ უჩვენებია-მეთქი. მან მიპასუხა: გასაგებიცაა, როგორ გიჩვენებდათ მის მამხილებელ დეპეშასო.
3. მე რიაბინინას ვუთხარი, რომ „სიტყვა-სიტყვით“ თარგმანებს მე გავაკეთებინებ აკადემიაში-მეთქი. ამის შესახებ მას არა უპასუხნია რა..
4. რიაბინინამ მკითხა: ვინ აჯობებს რედაკტორადაო. მან დაასახელა ვ. გოლცევი. მე დავუსახელე ერენბურგი; ერენბურგზე მან სთქვა, რომ ვერ გააკეთებსო, რედაქტორი თვითეულ სიტყვას უნდა ჩაუჯდესო, თვითეულ სტრიქონსო. საკითხი ღიათაა.
5. რიაბინინამ მკითხა მთარგმნელების შესახებ: დაასახელა დერჟავინი, კოჩეტკოვი. საწინააღმდეგო მე არა მითქვამს რა. დაასახელა სტრელცოვი, ცაგარელი. თან დასძინა, რომ ცაგარელს სურს მთლიანად სთარგმნოს თქვენი წიგნიო. მე ვუპასუხე - რომ ის ვერ მოასწრებს მოკლე ხანში ყველაფრის თარგმნას-მეთქი. სტრელცოვზე, არ მახსოვს, რა ვთქვი (გამოსადეგია სტრელცოვი - თუ მთლად თარგმნა არ მოისურვა).
6. სერგეი გოროდეცკის შესახებ სთქვა, რომ ის უკვე ვეღარ თარგმნისო კარგად. იაკუბ კოლასმა მას უთხრა - აწი მე თქვენ არაფერს გათარგმნინებთო.
7. ორშაბათ-სამშაბათისთვის მე დავპირდი რიაბინინას მცირე-რამ გეგმის,  ან კონსპეკტის გადაცემას.
8. როდესაც 1944 წ. 25 მაისის ხელშეკრულება ვუჩვენე, მან სთქვა: ეს ძველია, ახალი ხელშეკრულება უნდა დავდვათო. ძველად 4 მანეთი იყო - ეხლა გაცილებით მეტი გონორარიაო.
9. ხელშეკრულების (ახალის) დადების შესახებ რიაბინინამ სთქვა: გოლოვენჩენკო, ჩემი უფროსი, ეხლა ტაშკენტშია და ერთ კვირაში ველითო. ჩამოვა და ეს საქმეც გაკეთდებაო. უიმისოდ მე ვერ ვბედავ ხელშეკრულების დადებასო.
10. მთხოვა, რომ გავაცნო ნინა, მომცა მისამართი და დამიწერა ტელეფონის ნომერი. ერთობ გულწრფელად ვილაპარაკეთ.

რეზიუმე:
1. ძველი ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და დაიდოს ახალი.
2. უნდა გამონახულ იქნას რედაქტორი (ჩვენისა და გამომცემლობის მიერ).
3. უნდა შერჩეულ იქნას სიტყვა-სიტყვითები.
4. კარგი მთარგმნელები ლექსებისა.
და ყოველივე ეს მას შემდეგ, რაც დაზუსტებული იქნება გეგმა. მთავარ მოქმედ ქალად ამ საქმეში უნდა იქნას რიაბინინა, მიუხედავად მისი წინანდელი "მოდერნისტული ცოდვებისა" (როგორც თვითონა სთქვა).

22 მაისი.
ვიყავი მწერალთა კავშირში. ფადეევი მოსკოვში არ არის (ის არ იმუშავებს მთელი ზაფხულის განმავლობაში). ტიხონოვი, სკოსირევი - ტაშკენტში არიან. მათ მოვალეობას ასრულებს საფრონოვი.

23 მაისი.
მოსკოვში ჩამოვიდა გიორგი ჯიბლაძე (ალბად, ჩემს საქმეზედაც). თვალთვაძის ქალს, როგორც თვითონა სთქვა, ნათარგმნი აქვს 2.000 სტრიქონი ჩემის ლექსებისა. წარმოადგინოს უნდა ეს ორი ათასი სტრიქონი, მით უმეტეს, ფული აღებული აქვს. დანარჩენების თარგმანს ჩვენ ვიკისრებთ. თვალთვაძის თარგმანები უნდა შემოწმდეს.
ასე: რიაბინინა, გოლოვენჩენკო, გოლცევი, ჯიბლაძე და მე.
მთავარია - მომზადდეს წიგნი. გამოცემა ადვილი იქნება.

გოლცევი. 24 მაისი.
ველაპარაკე ტელეფონით. პრინციპიალურად თანახმა ვარო, სთქვა, რედაკტორობაზე, მაგრამ ძალიან დატვირთული ვარო. ვრედაკტორობო კ. კალაძის წიგნს, ს. კლდიაშვილის წიგნს, მხატვრული  ნარკვევების წიგნს (კანდიდმა პირდაპირ მე მომანდოვო). ასე რომ, ძალიან დატვირთული ვარო და თუ საქმე სასწრაფოა, ვერ შევძლებო. მიმითითა რიაბინინაზე: აქვსო თუ არა გეგმაში თქვენი წიგნიო (რომ არა აქვს, მეც კარგად ვიცი).
ძალიან უნდა გ. ჯიბლაძესთან საუბარი. რაზე? საინტერესოა.
მაინც რას ჩააცივდენ ამ გეგმას? აქ „მუშაობენ“, ალბად, ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი, თვალთვაძის ქალი, ეს გოლცევიც და, ნაწილობრივად, რიაბინინა.
აჰა, გეგმა!

„გ. ჯიბლაძე“.
ველაპარაკე ტელეფონით: დიდის სიამოვნებით თანახმაა რედაკტორობაზე. დაგეხმარები, რითაც შემეძლებაო.
საჭიროა შევიარო მწერალთა კავშირში. ეს არას მავნებს, იურიდიულად მე ყველაფერში მართალი ვარ.

25 მაისი.
დილით ვესაუბრე გ. ჯიბლაძეს.
- მას მოსწონს,  რომ წიგნი ქრონოლოგიურად იქნება დადგენილი.
- გოლცევს მოუსწრია უკვე მასთან მოლაპარაკება (შეიძლება დაამყარეს კიდეც კონტაკტი. შეიძლება მათ უკვე იციან ის, რაც მე არ ვიცი).
გ. ჯიბლაძემ მითხრა: ინახულე სონია ხითაროვაო. რა შუაშია ეხლა ხითაროვა? ის უკეთესად გააკეთებს ყველაფერსო. თუ საქმე ხითაროვაზე  მიდგა, არაფერიც არ გამოვა. განა მის მიერ არ იყო ხელმოწერილი ჩემი ხელშეკრულება? რა გააკეთა? მოიჯინა თვალთვაძის ქალი, აძლია ჰონორარები და... არა გამოვიდა რა!
ხომ არ არის აქ, გ. ჯიბლაძის მხრივ, ჩემს საკითხში, უპრინციპო - ორმაგი თამაში, როცა მე მპირდება დახმარებას და ამავე დროს მხარს უჭერს ჩემს მოწინააღმდეგეებს?
დიდხანს კი ელაპარაკებოდა რაღაცას ტელეფონით გოლცევს - ხმადაბლა მეორე ოთახში. მე გავიგონე მხოლოდ ორი სიტყვა: „А как они думают?..“ „Они“, ე. ი. გოლოვენჩენკო, რიაბინინა? ან კიდევ ვინ?
ცხადია, აქ წინ წამოსწევენ გეგმას. „არა გვაქვს გეგმაში“. მე დავუპირისპირებ ხელშეკრულებას, სახალხო პოეტის სახელწოდებას, ყოველგვარ უფლებას ჩემსას.. ცეკას აზრს, და სხვ.
გოლცევმა, ალბად, აიკლო აქაურობა. შევსცდი, რომ მას დავუკავშირდი. რაში გამოდგება აქ მისი პრინციპიალური თანხმობა რედაკტორობაზე? იგი იბრძვის ხელშეკრულების წინააღმდეგ, იგი წინ აყენებს „გეგმას“. რაში ეკითხება მას ეს „გეგმა?“ მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ სურს გული გაუცივოს ხალხს.
აქ მას დაუპირისპირდება ცეკა, რომელიც (გ. ჯიბლაძის თქმით) ჩემს მხარეზეა. ჯიბლაძეც ხომ მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმისთვის ჩამოვიდა.
ის (ჯიბლაძე) უნდა მოვიდეს გამომცემლობაში 3 საათზე - რომ მე, ის და რიაბინინა ერთად შევიდეთ გოლოვენჩენკოსთან.

შუადღისას ვიყავი რიაბინინასთან და გადავეცი ჩემი გეგმა (ქრონოლოგიურად დალაგება, რედაკტორის როლი, სტრიქონების რიცხვი). მან გამოიძახა ხითაროვა და გადასცა მას შესასრულებლად (Сказка про белого бычка. ისევ რიაბინინა).
ჯიბლაძე არ მოვიდა. ამის გამო საქმე გადაიდო ორი დღით.. ორი დღე! ჩემს მდგომარეობაში.
მე ხელშეკრულების დადებას მოვითხოვ, წიგნი რომ უსათუოდ გამოვა, ეს ცხადი ხდება.
საღამოთი ჩემთან მოვიდა ჯიბლაძე და ბოდიში მოიხადა. ცეკაში საქმეს ვერ დავაღწიე თავიო. სამაგიეროდ დიდ დახმარებას დამპირდა ზეგისთვის, 27 მაისისთვის (ხელშეკრულების დადებაზე).
დღეს შესრულდა სრული 4 წელი - რაც ხელშეკრულება დაიდო, ხვალიდან იგი ძალაში აღარ არის.
დეევი - კარგი კაცია, ეტყობა, მაგრამ დიდად არ უნდა დაენდოს კაცი, ვიცი გამოცდილებით.
ხიტაროვაც ასე, კარგი ქალია, მაგრამ... გამოცდილებამ სხვა დაამტკიცა.
რაღაც დიდი და ჩუმი კავშირი აქვთ ერთმანეთში (ნეტავი ორივენი სომხები ხომ არ არიან?).
რაც ნიშნავს „Дружба народов“-ის ჩემდამი, რაღაც მეტი რომ არა ვთქვათ, გულგრილი დამოკიდებულება?
დიდი სიფხიზლეა საჭირო.

31 მაისი.
ხელშეკრულება დადებულ იქნება მთარგმნელებთან. ჩემთან კი არა. არაფერია!

*
არაყიშვილი:
Мы, композиторы, естественно, предъявляем свои  требования поэтам. Нам не нужна изощренная, самодовлеющая техника стиха. Глубина и искренность текста должны согревать романс своей внутренней теплотой. Именно такие стихи создавал Г. Кучишвили, поэт большого поэтического дарования. Такие стихи пишут А. Абашели и И. Гришашвили.
„Заря“, 25 июня, 1944 г., №126

„Суди дружок, не выше сапога“.
ხელმა ხელი დაბანა, ორივემ პირი. იქავეა გრიშაშვილის წერილი.
მ. კავსაძის წერილი საინტერესოა.

*
Головенченко Феoдор Михайлович. Гослитиздат. Ул. 25 Октября, д. №10/2.
Гольцев Виктор Викторович. Арбат. Г-1-5-0-7-9. Союз писателей ССР.
Деев Аркадий Дмитриевич. Гослитиздат. Ул. 25 Октября, д. №10/2.

Киселев Александр - Артист, диктор.
დიდებულად წაიკითხა რადიოთი ბელინსკის შესახებ, 28 მაისს. ნახევარი საათი ჰკითხულობდა და არ მოგწყინდებოდა.

Рябинина Александра Петровна. Ул. 25 Октября, д. 10/2. Гослитиздат. Тел. К-0-67-68. С 12 ч. - 4 ч.
Союз писателей ССР. К-2-14-00.
Хитарова...

*
26/VI-48.
კავსაძე მიშა:
ღმერთო, ნუ მიცემ ვაჟკაცსა
ცოლსა ყბედსა და მძინარსა -
ის მოჰკლავს, ის დააჭლექებს,
ის მისცემს წყალსა მდინარსა.

ვაჟკაცსა ცოლის სიავე
შარა-გზას მოაგონდება,
წავა და წავა ფიქრებში,
კლდეებში გადიჩეხება.
- არა ვარ ფორმალისტი! ფული არა მაქვსო. მგელაძე აფერისტიაო, რა იციან მათ ხალხური სიმღერისა? სულ მოსპეს ქართული ეროვნული სული.
- წაიკითხეთ გუშინ „Заря“-ში ჩემი წერილი?
- 70 წლისა ვარ, თვალების რემონტი მჭირდება.

*
За 12 дней - 600. 60. 650 р. + 1000 = 1650 + 1200 = 2850.

Тбилиси. Мачабели 13. Союз Писателей. Гомиашвили.
Прошу срочно переслать обещанную сумму две тысячи пятьсот. Москва. Гостиница „Москва“.

Столовая Академии. Садово-Кудринская 9. Телефон - Д-2-15-08. Доб. 9.