დღიური-629-14 - 1947 წელი
1947 წ., 19 ენკენისთვე (თორმეტის თექვსმეტი წუთია).
როგორც ქორი გინახავს, თებერვლის რევოლიუცია[მ] ისე მოულოდნელად [დაარტყა] დააცხრა ქუთაისს. მე მაშინ მხატვარ თედორე ჩუდეცკისთან ვცხოვრობდი. მატერიალურად გამოუსვლელ მდგომარეობაში ვიყავით ორივენი. მაგრამ ერთად ვიტანდით ჭირსა და ლხინს... უფრო მეტად, თუ ფული ჩაგვივარდებოდა ხელში, დროს რესტორანებში ვატარებდით, მეორე დღეს კოშმარები, თავისტკივილი, არაფრის მომტანი დღე, ანგრეული ბინა, საღებავები და ფუნჯები არეული, კედლები დაჭუჭყიანებული. ვცხოვრობდით ჯიბოს სახლში, ჯიბოს ჯიბემ პაოლოსაც უღალატა და არც „კორპორაციას“ გააჩნდა რამე, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა. სახლთან სრულიად არავითარი კავშირი არა მქონდა, რომ მქონოდა კიდეც, მერე რა? არც სახლში არ გააჩნდათ რამე... არსაიდან რაიმეს [მოლოდინი] იმედი, არავითარი სახსარი საარსებო, არსად არ ვმუშაობდი, რედაქციებშიც [გაჭივრებული] „ჭიდოსნურად“ იყო საქმე... არაფერი არ ჰქონდათ არც მათ და მე რას დამეხმარებოდენ... ერთის სიტყვით - სრული უიმედობა, ყოველი მხრივ და აქ კიდევ - ამბავი ბეგლარ ახოსპირელთან. ორ-ორი კვირა გვქონდა პატიმრობის გადაწყვეტილი - „სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევისათვის“. დღე-დღეზე ველოდი დაპატიმრებას. უეცრად მოხდა რევოლიუცია და ის შენი ლავრენტი მახარაძე თვითონ დაიჭირეს თავისსავე საპოლიცმეისტროში. იქიდან თვითონ გეგეჭკორი ჩაუჯდა ეტლში და მთავარ ქუჩაზე რომ გამოატარა მახარაძე, ხალხმა ერთი კი დაიძახა „უუო“ და გადავარდა ქუჩაში მახარაძის დასაწიწკნად, მოეხვია ეტლს და რომ ევგენი გეგეჭკორი არა, დაგლეჯდენ. ევგენი წამოდგა ეტლში, მქუხარე ხმით დაიძახა: „რასა სჩადიხართო“. ხალხმა პატივი სცა გეგეჭკორს, თორემ მახარაძის საქმე წასული იქნებოდა. ისე იყო ეს არწივივით კაცი მობუზული, ხაფანგში ჩავარდნილი [ტურა] მგელი გეგონებოდათ. შიში თვალებში უკრთოდა ისეთი, რომ გადმოცემაც ძნელია. აქეთ-იქით უმწეოდ იცქირებოდა, თითქო მელიააო და კაცს უსათუოდ გაახსენდებოდა ამ დროს პოეტის სიტყვები: „ვით დასასჯელი, დასჯის წინ, გარეშემო ვეძებ სულს მახლობელსო“.. და აი, კიდეც შეხვდა ერთმანეთს ამ დროს ჩვენი თვალები. „კარგი მახლობელიაო“, - გაიფიქრა, ალბად, მახარეძემ; მე კი გავიფიქრე: „აჰანდე, მე რომ დაჭერას მიპირებდი, ეხლა ხომ თვით შენ ბრძანდები უფრო უარეს მდგომარეობაში-მეთქი, ევგენი გეგეჭკორს უმადლოდე, არა ნახავდი შენს სეირს“. თურმე ბეგლარა ახოსპირელიც გვერდითაა.
- აჰანდე! - ყვიროდა იგი, - მე რომ მიპირებდი დაჭერას, ეხლა? ეხლა აჰანდე, ესეც შენა!
Стеклография.
სიასამური. Зубоскалы. Зубоскалу.
Суббота. რაუდი.
Чтобы брюки трещали.