შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-4 - 1944 წელი


გემი „გალაკტიონი“
მეორე დღე

ტელეფონით ირაკლი აბაშიძეს:

- შენ ხომ არა ხარ ამისი წინააღმდეგი? ეს ჩემი, ავტორის უფლებაა.
- რა თქმა უნდა, შენი უფლებაა. მე კი მგონია, რომ, ასე არ ვარგა, სახელი და გვა­რი მთლიანად უნდა იყოს, ჩემის აზრით.
- ჩემის აზრით, ეს ჩემი უფლებაა. მინდა, სახელს მოვაწერ, მინდა - არა. რე­­დაკ­ტო­რის საქმე ტექსტია.
- რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს პირადათ შენი საქმეა. შენი უფ­­ლებაა.
- მე ვისარგებლებ ჩემის უფლებით.
ორი საათის შემდეგ სახელგამში შემხვდა.
- მე ასე ვაწერდი ლექსებს ჯერ ისევ 1917 წ.
- არა, მე არაფერს არ ვამბობ. ეს ყველაფერი გამომცემლობის საქმეა.
აი, უსინდისო: ორი საათის წინ ამბობდა, რომ შენი უფლებააო, ეხლა ამ­ბობს: გა­მომცემლობის საქმეაო!

ტელეფონით ალიო მაშაშვილთან:
- შენ ხომ... და სხვ.
- არა, ასე არ შეიძლება: უნდა მოეწეროს გალაკტიონ ტაბიძე.
- მე კი დავწერე გალაკტიონი და ეს ჩემი, ავტორის უფლებაა. თუ ასე არ იქ­ნება, მე ლექსს ამოვიღებ.
ჰმ! გარეთ მოველაპარაკეო ირაკლი აბაშიძეს: ის არ შვება. რედაქციაში ვიქ­ნები 2 საათზე.

გრიგოლ აბაშიძე – მნათობის მდივანი:
- დიდი სისულელეა ალიოს მხრივ: ავტორს როგორც უნდა, ისე მოაწერს ხელს. ვი­სი რა საქმეა. დღეს მე მოველაპარაკები ალიოს.

იაშვილი – კორეკტორი:
- ეს ჩასაფრების ამბავია!

ნიკო კიკნაძე:
შეშფოთებულია. უბრალო საკითხს, დაეწეროს თუ არ წიგნს „გალაკტი­ონი“, ის სვამს ცეკაში!!! (ვინაიდან ასეთი ამბავი ატყდაო).

ლავროს კალანდაძე:
- მე შენს მხარეზე ვარ. თუ გინდა, გეტყვი - ვინ ატეხა ეს ამბავი! დეე, დას­ვას სა­კითხი ცეკაში: იქაც ასე ეტყვიან: ავტორს აქვს უფლება - მოაწეროს თა­ვისი სა­ხელი.
(იგი დიდხანს ელაპარაკებოდა ტელეფონით ჩემს შესახებ ირაკლი აბა­ში­ძეს - რა­ზე, არ ვიცი).

კოტე მჟავანაძე:
- რა არის აქ საკამათო? პირდაპირ გასაოცარია (თვითონ კი ყდა მისცა რე­­­ვა­­ზიშ­ვილს სწორედ სხვანაირი ტექსტით. ეტყობა ელის, თუ რითი გათავ­დე­ბა საქმე).
რევაზიშვილი აგვიანებს ყდას... რაშია საქმე? არაფერია.
„მნათობის“ კორეკტურა არ იქნა და ვერ მივიღე. არაფერია.
წიგნის შეკვრა დაიწყო - ვუცდიო - რანაირად გადაწყდება ეგ საქმე! რა ამ­ბავს მოი­ტანს ნიკო.
არ დამავიწყდეს: ირაკლიმ ტელეფონით მითხრა: ამ სამამულო ომის დროს [უკე­თესი] უხერხულია გალაკტიონის ხელის მოწერაო.

 

                                                                            გემი „გალაკტიონი“

15 იანვარი.

„მნათობის“ რედაქციაში როცა მოვყევი ამბავს იმისას, რომ ირაკლი აბა­ში­ძე მი­საყვედურებდა, „ამ სამამულო ომის დროს რა დროს გალაკტიონიაო“ - ყველამ გა­დიხარხარა. შემოვიდა გლავლიტი - იცინოდა. ასტვაცატუროვი - იცი­ნოდა, გა­ბესკირია - იცინოდა. არა ჩემზე - ირაკლიზე. შევყევით ხუმრობას: ამ დროს და­რეკა ალიომ. მე მივედი ტელეფონთან.
- ალლო! გისმენთ! გრიშა აბაშიძე არ არის?
- არ არის, ალიო. მე გალაკტიონი ვარ. როგორ შეათანხმე ის საქმე?
- არ ვიცი... ვნახოთ... - ლუღლუღებდა, - სხვა არავინაა რედაქციაში?
- ასტვაცატუროვი.
- ერთი მოვიდეს.
ასტვაცატუროვი მივიდა და რაღაცაზე ილაპარაკეს. შემდეგ მითხრა ერე­მამ: „გა­ლაკტიონმა დონაძეს (პარტიულია, რაიკომის მდივანი) შეუთანხმდეს ამ სა­კითხ­ზეო“.
კიდევ დიდი ხარხარი ატყდა: გალაკტიონი დონაძეს უნდა შეუთანხმდეს იმა­ზე, რომ მას გალაკტიონი ჰქვია.
ორი საათის შემდეგ (ვიცადე განმანაწილებელში) კიდევ შევიარე რედაქ­ცი­აში, ალი­ოც მოვიდა. მივესალმე. თანამშრომლები და სხვები იქ არიან. მე ვა­პირებდი წასვ­ლას.
- მოითმინეთ, გალაკტიონ. ის საქმე... (გრ. აბაშიძე).
მე დავდექი სწორად. ალიო თითქო მიჭედილია კედელს.
- ის საქმე, მართლა, როგორაა... არ გამოარკვიეთ?
- ჰო... ისე... გაუშვით... გალაკტიონი, - თითქმის კვნესით.
გრ. აბაშიძე: მაშ, გალაკტიონი. ალიო: გალაკტიონი.
ასე გათავდა ეს საქმე.