დღიური-646-8 - 1941-1945 წლები
„და აქ მებრძოლნი შეგროვდნენ ერთად“
ლეიტენანტი რომან ქერქაძე იწერება: „მივდივართ წინ, თვალწინ გვხვდება დამწვარი სახლი [ა იმ] გლეხისა, ეს სახლი ჰიტლერმა და მისმა ბანდამ გადასწვა. ეჰ, ძაღლი ფრიცი! მან გადასწვა მთელი სოფელი, ჩემს გვერდით მდგომი, მებრძოლი, ცეცხლის ალივით ანთებული თვალებით [კიდევ] ამბობს: „ძაღლი ფრიცი“. მებრძოლები ღელავენ: ჩქარა წავიდეთ... წავიდეთ ჩვენ და გავანადგუროთ ისინი, მტაცებელნი, დამპყრობელნი, მწამებელნი! აი, მივადექით მეორე სოფელს, სადაც გამაგრებულია მტერი. „აბა, ბიჭებო, აქ მეტი ცეცხლი! [უნდა] ვიძიოთ შური მათზე, რომელთაც მწარედ აწამეს ჩვენი დედ-მამა, ძმები, დები, შვილები და ამხნაგები“. შეველით სოფელში. გავუსწორდით მტერს. არ დამავიწყდება [მოხუცი] ქალი, რომელიც წამებისაგან გაფითრებული შემოგვეგება: „ოჰ... თქვენ! შვილებო! მოხვედით... გვიხსენით მონობის მძიმე უღლისაგან“. იგი გვეხვევა მადლობის ნიშნად. იგი გვიამბობს, რაც მათ გადახდათ. „ო, შვილებო, შეხედეთ ჩემს სახლს. აქ მხოლოდ ერთი ბუხარი სჩანს. დავრჩი მე მარტო. დანარჩენები ყველა გარეკეს. წამართვეს ქალიშვილი (ო, ჩემო გოგონა). იგი წაიყვანეს გერმანიაში, მათრახ ქვეშ სამუშაოდ“. ჩვენ მივდივართ წინ. „ბიჭებო, მივდივართ წინ. წავიდეთ წინ. აი, მეორე სოფელი, სადაც გერმანელები სდგანან, და ცეცხლს აჩაღებენ. წინ! შეუპოვრად! წინ! მედგრად! თამამად!“ ვხედავ: იწვის გარშემო ყველაფერი. ავიღეთ სოფელი. მაგრამ რა? აქ არის მხოლოდ სოფლის ნამყოფი. აი, დამწვარი ცხედარი: მათი რიცხვი უთვალავია. „რა არის ეს?“ - მეკითხებიან ჩემი მებრძოლები. იგივე ქალი მიგვითითებს: „ხედავთ, შვილებო, აქ იყო სახლი. დიდი სახლი. აქ დაამწყვდიეს მთელი სოფელი და სახლს გარედან ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დასწვეს სოფელი...“
„და აქ მებრძოლნი შეგროვდნენ ერთად,
ცეცხლის ალივით ანთებულ თვალით,
შესძახეს ერთხმათ: სიკვდილი მტარვალს!
სამშობლოს დაცვა ჩვენ გვადევს ვალად!“
სამშობლო! სამშობლოს მოსდის თქვენი ლექსები, ძვირფასო მებრძოლებო, ზურაბ ალუღვიშვილო, სიკო შუშაბერიძე, ვლადიმერ გელაშვილო, დიტო ჯოჯუა, ნ. ჭანკოტაძე, ნ. ნაცვლიშვილო, ი. აბულაშვილო, ს. ჭელიძე, ა. გეწაძე, დ. ნარინდოშვილო, ზ. დოლიაშვილო, ვ. აბრამიშვილო, დ. მელაძე, ი. ბერიკაშვილო, კუპრაშვილო, აგურაშვილო, თათეიშვილო, შალვა ჩიქობავა, კოპალეიშვილო, ბლუაშვილო, ა. კვანტალიანო, შ. ბრეგვაძე, კ. კოხრეიძე -
„და აქ მებრძოლნი შეგროვდნენ ერთად“.
გ. ტ.