დღიური-629-23 - 1940 წელი
[შეიძლება ასეთი სურათის შედგენა:]
(ღამე პირველი, აგვისტო).
1. მას არ სძინავდა და რაღაც ძალიან შეშფოთებული იყო. სთქვა - გარედ წვიმსო. ვკითხე, ავად ხომ არა ხარ.
2. როდესაც მარიკამ გვიან ღამით თავისი ბინის კარები გააღო და წამით თითქო ჩვენს კართან შეჩერდა - ოლგა იურიევნა შეკრთა! ხელი - რომელიც მე მეჭირა - შეუკრთა, მან სთქვა - ведь дождь идет.
3. აივნის წინა კარები - რომელსაც მე, როგორც მახსოვს, ჩვეულებრივად ვკეტავ: ღია დამხვდა. როდესაც ეს მე ჩავთვალე ძაღლის ეშმაკობად - ო. ი. სთქვა: არა, ძაღლები ასე არ სჩადიან.
4. ქვაზე საწოლის გაშლის წინ მან მარიკას გაბედულად უთხრა (რა თქმა უნდა, თითქო ხუმრობით): მარიკა მე აქ ვწვები, თუ მოგესურვება - ღამით შენც აქ გადმომიწევიო.
5. დილით, როდესაც აივანზე გავედი - იგი იმ ქვაზე არ იწვა. წვიმდა. ჩემი აივნის კარები გაღებული იყო.
6. დილით ჩაიზე რომ შევიკრიბენით, მან ეს ამბავი მოჰყვა: „უცებ ვიგრძენი, რომ წვიმა მოდის. რაღა ვქნა. ავკრიფე ქვეშსაგებელი და სახლისკენ გავექანე. იქ კარები დაკეტილი დამხვდა...“
- მოხვიდოდი, შე კაცო, ჩემს ოთახში, - უთხრა სოლომანმა.
ამაზე ვიქტორმა სოლომანს არაფერი უპასუხა.
გერონტიმ ირონიულად შენიშნა:
- ასე რომ, თუ ვიქტორი ვისმეს ოთახში შუაღამისას შეიჭრას, იცოდეთ, რომ გარედ წვიმააო (ყველამ გაიცინა).
წვიმის შესახებ მარიკამ სთქვა:
- რაც დავწევი, მთელი ღამის განმავლობაში მკვდარივით მეძინა - გზისგან დაღალულსო (სწორედ გუშინ ჩამოვიდა იგი).
გამეფდა დუმილი: ვიქტორმა აღარა სთქვა, თუ რა საშუალებით შევიდა იგი თავის ოთახში...
მხოლოდ ამ საუბრიდან ცხადია: 1. სახლის დიდი კარებიდან ვერ შევიდოდა, დაკეტილი იყო. 2. მარიკას კარები არ გაუღია, წვიმა არ გამიგიაო, მთელი ღამე მეძინაო. 3. სოლომონთან არ ყოფილა, თვითონ სოლომონმა ჰკითხა: რატომ ჩემთან არ შემოდიო. და... დარჩა ერთად-ერთი ჩვენი ოთახი...
მე მგონია ვიქტორი ჩვენი ოთახიდან ისე ვერ გავიდოდა თავის ოთახში, რომ ეს ოლგა იურევნას არ გაეგო.
ერთი რამ მაოცებს: ის დაწოლისას ყოველთვის სასთუმალთან ასანთს ინახავს - როდესაც მე გამომეღვიძა, მითხრა: ასანთი ხომ არ არის? ასანთი მივეცი. მაგრამ იგი მაინც ოთახიდან არ გასულა.. იყო, ალბად, გათენების ხანი (რადგან მე არაფერი გამიგია, ისე ღრმად მეძინა).
სურათი ასეთია:
1. კაკლის ხის ქვეშ მძინარე ვიქტორმა იგრძნო წვიმის მოსვლა, არა ძლიერი წვიმის, არამედ უბრალოს... შეხვია საბანსახურავი და სწრაფად სახლისკენ გამოეშურა.
მაგრამ აქ სახლის დიდი კარები დაკეტილი დახვდა. ღამეა. ყველას სძინავს.
მან მარიკას ფანჯარასთან უძახა, მაგრამ მას (მარიკას) ან ნამგზავრობის გამო ღრმად სძინავდა, ან მძინარედ თავი მოიკატუნა და კარები არ გაუღო; ვინაიდან დაწოლის წინ არაორაზროვნულად უთხრა ვიქტორმა: ჩემთან გადმოწევიო.
ამის შემდეგ ვიქტორს არც უფიქრია სოლომონთან მისვლა – იმის ოთახი განაპირასაა და იქიდან თავის ოთახში ვერ მოხვდებოდა. გარდა ამისა, შეიძლება, არც უნდოდა.
შემდეგ მან გაიფიქრა: გალაკტიონის ოთახის კარი ღიაა, იქიდან შეიძლებაო და სხვ...
მან შემოაღო აივნის კარები და აღარ მიხურა (კარები დილით ღია იყო ხომ).
შემოვიდა ოთახში (მე ღრმად მძინავდა).
ოლგა იურიევნამ გაიგო (შეშფოთება - რომელიც დილამდე გამოყვა).
ვიქტორმა სთქვა: გარედ წვიმააო და იმის გამოო (თორემ საიდან ეცოდინებოდა ოლგა იურიევნას, რომ გარედ წვიმაა).
სთხოვა ასანთი (ოლგა იურევნას ღამით ასანთი არ აღმოაჩნდა).
საუბარი ესმოდა მეზობლებს: გერონტის (მისი ირონიული თქმა დილით - თუ ვისმეს შუაღამით ვიქტ. მიგადგესთო) და შეიძლება, სალომონსაც (რატომ ჩემთან არ შემოდიო).
იცოდა მარიკამაც (დემონსტრატიულად განცხადება - თითქოო მთელი ღამე მკვდარივით მეძინაო).
რა მოხდა შემდეგ? - საიდუმლოა.
ყველაფერი საიდუმლოა - რადგან ოლგა იურიევნა არაფერს არ ამბობს.
დასაშვებია: რომ შეიძლება მოსამსახურეები გააღვიძა. კუხარკა და უბორშჩიცა.
გამოსარკვევია: კარები შიგნიდან იკეტება თუ გარედან?
ყველაფერი დაკვირვებების - და არა დაკითხვის საშუალებით შეიძლება.