შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-534-2 - 1940 წელი


საღამო 23 ნოემბერს, 1940 წ.
1 მაისის ქუჩის დასაწყისში ყურადღებას იქცევდა დიდი პლაკატი: „23 მაისს სსსრ. სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო“.
8 საათზე კლუბი გაჭედილია დამსწრე ხალხით. წითელი ტრანსპარანტები - გ. ტაბიძის ლექსებიდან.
              „პოეტი არის მებრძოლი,
              ახალი ქვეყნის მჭედელი,
              წინა დგას ცხარე ბრძოლებში,
              როგორც ქვიტკირის კედელი“.
და ციტატები ლექსიდან „ვჭედოთ, ვჭედოთ“.
მთელ სიგრძეზე დიდი ტრანსპარანტი კანდიდ ჩარკვიანის სიტყვებით:
„შემოქმედებით აკტივობას იჩენს გალაკტიონ ტაბიძე, რომელმაც ქართული მწერლობა გაამდიდრა მაღალოსტატური...“
იხდება ფარდა.
მაგიდას უსხედან: თ. სახოკია, მ. გარიყული, ვ. გორგაძე, მ. მიქელიძე, შ. რადიანი, ს. ხიდისთაველი, კ. ბობოხიძე და სხვ.
კლუბის სამხ. ნაწ. გამგე ი. ჯინჯიხაშვილი ხსნის საღამოს, რასაც დამსწრე ხალხი ტაშისცემით ეგებება.
რადიანი კითხულობს მოხსენებას. კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. შემდეგ იშვიათ შთაბეჭდილებას ახდენს ვასო გორგაძის გამოსვლა მოგონებით 1908 წლის შესახებ. ლექსიც მშვენიერად წაიკითხა. აგრეთვე მ. გარიყულის ვაჟმა, მარიკა მიქელაძემ, საუკეთესო ლექსი, ხიდისთაველი, ბობოხიძე; განსაკუთრებით ანდრო თევზაძე. მას პირდაპირ აღტაცებაში მოჰყავს ხალხი.
მეპყრობოდენ ძალიან კარგად. ერთი იშვიათი საღამოთაგანი იყო.
ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა ქალმა მომიტანა ყვავილები.
დასასრულ კონცერტი.