შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-7 - 1921 წელი


გალაკტიონ ტაბიძე:
დღიური, შენიშვნები, რითმები და სხვ. 1921. აპრილი.

მასალები ლიტერატურული მანიფესტისათვის:

1. В. Брюсов. Опыты. 1918. 2. В. Брюсов. Предисл. к ст. „Ук. Б.“ 3. „Дада“ - Вестн. театра. 4. В. Брюсов - Доклады (Вестн. театр.). 5. Робакидзе. Портреты. 6. История Шера. 7. Башкирцева. Дневн. 8. Взмахи о Верхарне. 9. Взмахи о человеке. 10. Массонство. 11. Доклады. В. в Иск.  12. „თვალთა“. 13. „Царя Нушревана“. 14. „სახარება“.

*
არ მოვსულვარ, არ მოვსულვარ.
მე მოვედი..

„ორდენი მსოფლიო ხელოვნებისა“.
Орден Всемирных искусств.
ეს იქნება კოლოსალური მოძრაობა.
[Всемирный орден.]
„Орден поэтов [мира] всех стран“.

*
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ომებში იწოდა,
ვინც ირაკლის მარადისი
აღტაცება იცოდა.
მოდიოდა ერთზე ასი
                                       და სხვ.
მოდიოდა ერთზე ასი
გზა გვშვენოდა დიდების -
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
მტერთან არდარიდების.
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა:
ავდგეთ ფეხზე და ტფილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა.
ამგზნებელი ჟრუანტელი
ვის სისხლში არ ენთება.
ვისაც მისი დღევანდელი
სახე გაახსენდება.
თითქო კარი დარაზოდეს,
სურთ ტფილისის მიგნება.
არასოდეს, არასოდეს!
ის სხვისი არ იქნება.
აქ სიკვდილი და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება.

გ. ტაბიძე
 
*

N. B.
192... 19/IV
გერონტი ქიქოძე ტფილისშია. ტფილისში არის აგრეთვე შალვა ამირაჯიბი, მელიტონ ბალანჩივაძე, თამარ შავერზაშვილი.
 
ინტერნაციონალური საღამო

რუსი პოეტები, სომხები და ქართველები.
არიან მრავალი მხატვრები და არტისტები.
ელსნერი. გორდეევი.
თარები, საზანდრები და სხვა ასეთები ეხლა მხოლოდ უზომო ხარხარს გამოიწვევს.
საჭიროა არტისტები, განსაკუთრებით ქალები.
1. I. სიტყვა.
2. II. ლექცია.
3. III.
4. დეკლამაცია ჩემივე ლექსების.
5. და ჩემი გამოსვლა.
6. 2.
7. მელოდეკლამაცია.
8. 3.
ფულის სესხება აუცილებელი ხარჯებისათვის.
9. წერილები - გაზეთებში.
10. პლაკატები ქუჩებში.
11. ალმანახი. სურათები.
12. კოსტიუმი. Костюмерная.
13. გრიშაშვილის გამოსვლა.
14. დაგვიანება.
შეიძლება ყველაფერი ირგვლივ... პირობები... არავის ჰქონდა...
 
ლექსების კითხვა შეიძლება ასე მოეწყოს: ჯერ უბრალო დეკლამაცია.
შემდეგ ლექსები შეიძლება დაიდგას, როგორც პიესა. საჭიროა დეკორაცია, კარგი. შემოდგომის ბაღი, ძლიერი განათება, კარგი ტანთსაცმელი, მუსიკა კითხვის დროს. კითხვა ცოცხალი სურათებით. არტისტი კონერანსიე ხსნის თვითეულ გამოსვლას. ამ სახით შეიძლება წაკითხულ იქნას ლექსები პირველი წიგნიდან, აგრეთვე მეორე წიგნიდან („მე და ღამე“, „მესაფლავე“, „ქალი და ხელოვნება“, „გურიის მთები“, „მოგონება“, „უდაბნო“, „ხელოვნება“).

სამშაბათი. 19/IV.
იყო მორიგი სხდომა აკადემიის და მორიგი სოოსულეйლეები.
„ლიტერატურული მანიფესტი“.


                                                  *

20 აპრილი.
დავლიე რა რიუმკა კონიაკი, მე გავეშურე კად. კორპუსისკენ. იქ დანაკლისის შესახებ ვნახე და ველაპარაკე სახ. შინაგან საქმეთა კომისრის მდივანს: ის თურმე კიდეც მცნობდა და დიდებულად მიმიღო. ვნახოთ, რა გამოვა. საზოგადოდ, საზოგადოებაში თანდათან ვსარგებლობ იდუმალი სიმპატიით, რაც ძნელი გამოსაცნობი არაა. საღამოს აკადემიის სხდომაა. გრ. რობაქიძე კითხულობდა ლექციას ნოვალისის პოეტიკის შესახებ. მან აღწერა ნოვალისის გარე ცხოვრება, მისი სულიერი ცხოვრება და აქედან გამოიყვანა მისი პოეტიკაც. იგი კითხულობდა წიგნიდან ციტატებს და ასე ლექციის წაკითხვა არავისთვის ძნელი არაა. მაინც ლექცია ძლიერ საინტერესო გამოვიდა ერთის მხრით: მან ნათლად დაამტკიცა რობაქიძის არაპოეტობა, და ამისთვის შესაფერი საფუძვლების ძიება... ჩემის აზრით, არ ვიცი რატომ, რობაქიძე გარდა იმისა, რაც თქვა ნოვალისზე, მეტს ვერაფერს იტყოდა, რადგან მისივე დახასიათებით ნოვალისი უფრო სხვა კატეგორიის პოეტია, ვინემ რობაქიძე. იგი უფრო სულიერი ცხოვრების წარმომადგენელი კაცია. შეიძლება მიუახლოვდეს ოდნავ, როგორც ფილოსოფოსი და ვიაჩესლავ ივანოვის მოწაფე. მაგრამ სად ნოვალისი და სად ვიაჩესლავ ივანოვი? სად „პროკურორი“ და სად „კურდღელი“? სად პროლეტარი და სად „ჩიტი“. გერონტი ქიქოძეს უთქვამს: სად გამონახავს რობაქიძე ასეთ ტემებსო. პავლე ინგოროყვას აზრი ვერ გავიგე, სამწუხაროდ.
საინტერესოა ნოვალისის ცხოვრება. ძლიერ საინტერესოა შილლერის დახასიათება: მაღალი, ფართე შუბლი და ვიწრო სახე, დიდი ცისფერი თვალები მისტიური ცეცხლით, საინტერესოა მისი დაახლოვება სოფიოსთან, მისი უზომო სიყვარული და საშინელი მწუხარება სოფიოს გარდაცვალების გამო. ნოვალისი თურმე ამბობდა:  ეხლა მკვდარი ვარ მე... „მე“ აღარ ვარსებობო. რა თქმა უნდა, ეს მწუხარება დიდხანს არ გაგრძელებულა და ნოვალისმა მალე სხვა ცოლი შეირთო: რობაქიძის აზრით, ეს დიდ საგონებელში აგდებს მის ბიოგრაფებს (ძალიან იდიოტები ყოფილან). მათ რომ დაკვირვების უნარი ჰქონოდათ, ისინი დაინახავდენ, რომ მთელი დედამიწა და შეიძლება თვით ის ბიოგრაფები სწორედ ასე იქცევიან და ნოვალისის სულიერი ცხოვრება სავსებით დამოკიდებული იყო მის მატერიალურ არსებობაზე, მის სხეულზე. ეს ისეთი ნათელი ფაკტია, რომ არავინ საგონებელში არ უნდა ჩააგდოს. ნოვალისი ერთი ხაზის, განსაკუთრებული სულის და იდეიის კაცი არ ყოფილა. იგი უბრალოდ ჩვეულებრივი სუსტი ნების კაცი იყო... შემდეგ ნოვალისს ეწვია მისტიური შიში სიკვდილის მოახლოებისა, ეს ფიზიოლოგიურადაც ადვილი გასაგებია... არავითარი სხვა აზრი აქ არ შეიძლება იყოს, მაგრამ როცა კაცი დასუსტდება, გაკრეტინდება და თუ იგი მაინც სიკვდილს არ ელის, მართლაც, ძალიან კრეტინი ყოფილა. ნოვალისს სჯეროდა, რომ კაცი არ მოკვდება არასდროს, თუ იგი ამაში დარწმუნებულიაო. ამას, რა თქმა უნდა, სხვა სარჩული უნდა მოენახოს, თორემ რეალურად ასეთი სასაცილო აზრი მეორე მე არ ვიცი. არსებობა რაღაც მეორე „მე“-სი, ჩვენ თითქო ანარეკლი ვიყოთ იმ მეორე „მე“-სი, ეს ლამაზი იდეაა, გამოხატულებაა უფრო სულ სხვა აზრის, მაგრამ ამის ჭეშმარიტ საფუძველზე დამყარება მიქარვაა. მე მესმის ეს. მე განმიცდია ეს... (...ჩვენში არის დაფარული მეორე „მე“ - უფრო ნამდვილი, ვინემ ხილული „მე“. სწორედ ამ უხილავ „მეს“ გამოაშკარავებაშია მთელი საქმე და მიზანი პიროვნებისა. აქ ინტელექტი თამაშობს უდიდეს როლს, შეიძლება გადამწყვეტსაც. შესაძლებელია „მე“ სამუდამოდ დამარხული დარჩეს და გამოუაშკარავებელი). ასე. რა საფუძველი უნდა ედოს ამ იდეას: დარწმუნება იმისა, რომ ადამიანი არ მოკვდება.. ეს „ნიგილისტურია“ თუ არა.. შეიძლება ეს ნიგილისტური არ იყოს და იყოს უბრალო გაკრეტინება, ჟინიანობა.
რობაქიძემ ამ ბიოგრაფიიდან გამოიყვანა მისი პოეტიკაც. მხოლოდ ხანდახან არის შესაძლებელი ბიოგრაფიული ხაზებიდან პოეზიის საფუძვლების ძიება. მე პირადად პოეზია მესმის როგორც სხვა, არაჩვეულებრივი, სხვანაირი ეთიკით ცხოვრება. ბიოგრაფიასთან პოეზიის მიგნების ძიება ძველი მეთოდია, თუმცა არა... ხშირია ასეთი მეთოდები ეხლაც. ცხოვრება ყოველთვის დიდ მასალას აძლევს პოეტს და თვითონ ვალერი ბრიუსოვი ამბობს, რომ ვერლენში შეერთებული იყო პოეზია და ცხოვრებაო. მართალი აზრია, რომ პოეტი ცხოვრების ნაპირების გაღრმავებას უნდა ცდილობდეს, მაშინ რაღაც ახალი აღმოჩნდება ყოველთვის.
ნოვალისში იყო ბევრი რამ მეტაფიზიკური, ბევრი მისტიციზებური, ძლიერადაც. რობაქიძეს პოეტი ვერ წარმოუდგენია (ამ მხრით დაასახელა ნოვალისის როლი, ვიაჩესლავ ივანოვი და სხვ.). საინტერესოა, როგორ ესმის რობაქიძეს მისტიციზმი? რა არის მისტიციზმში სხვა გარდა მსოფლიოს მეორე არსად შეცნობისა, სიკვდილისა და სხვ. აგრეთვე სიყვარულისაც (სიყვარულს ნოვალისი რელიგიას უწოდებს).
მოხსენების შემდეგ ილაპარაკა გამსახურდიამ. მან აღნიშნა მუსიკის არ არსებობა საზოგადოდ პოეზიაში (ყველა თავის უნიჭობის საფუძვლებს, იდეოლოგიურ გამართლებას ეძებს). [მუსიკაში] პოეზიაში გერმანიაში განდევნილია არტიკლებიო. ეს კარგი, ქართულ სიტყვაში არაა არტიკლები. რობაქიძეს ამნაირად ესმის მუსიკა: თვითეულ სიტყვას, რანაირიც არ უნდა იყოს იგი, აქვს თავისი მუსიკაო. მაშინ რა არის კეთილხმოვანება, რისთვის ამბობს იგი წყალიდან და არა წყლიდან. თუ სიტყვაში არის შემეცნება და საზრისი, აზრი, რატომ არ შეიძლება იგი თანაბრად გამოიყენოს. მე უნდა დავარწმუნო ეს ვაჟბატონები, რომ არის პოეზიაში მუსიკა, არა ქვების (მალლარმე), არა არტიკლების (გერმანელი პოეტები), არა ვერლენის (ნიუანსები), არამედ სხვა.. ნიჭის, ნიჭის და კიდევ ნიჭის: ეს, მართალია პარადოქსია, მაგრამ სხვანაირად ვერ ახსნით ამას, სიტყვა არც რომანსია, არც სიუიტა, არც ოპერა, ამათ ყავთ თავიანთი კომპოზიტორები. სიტყვა გამოძახილია მხოლოდ სხვა დიდი მუსიკის, რომლის სახელიც უნდა მოინახოს. ერთი რამ აღმოჩნდა: მუსიკა აქ სხვა და სხვანაირად ესმისთ, ორნაირად ესმისთ: ერთი როგორც გამოსახულება და მეორე როგორც მუსიკა. ამნაირად ჩვენ, მგონია, ბევრში ვთანხმდებით, ბევრში ვერ ვრიგდებით. ეგ ჯერჯერობით არაფერია. რა თქმა უნდა, პოეტებმა გულდამშვიდებით მოისმინეს მისი ნაამბობი და სრულიად ჩუმად დაიშალენ. ეტყობოდათ უფრო მეტი დაფიქრება, ვინემ აცუნდრუკება ლეონიძესავით. ეს ძალიან მოსაწონია.
ლექციის შემდეგ ჩაი დავლიეთ პაოლოსთან.
აქ მე პირდაპირ ობლად ვგრძნობ თავს. იმდენად უსინდისოები არიან, რომ ყოველნაირად ტერორს მიკეთებენ სიტყვის თქმის დროს, ერთმანეთს გადახედავენ ხოლმე და სხვ. ეს კარგი, მე მშვენიერად ვგრძნობ თანდათან რანაირად მოვიქცე.

რა უბოლოო, რა დიდ და ღრმა მწუხარებასა და მარტოობას განვიცდი;  დავკარგე ყველაფერი, რაც მიწერია ბავშობიდანვე... სულ ყველაფერი. არასდროს არ მიგრძვნია რაიმე მსგავსი გრძნობა: განვიცდი ამის გამო დიდ მარტოობას: თითქო მომკვდარიყოს ჩემი სიყმაწვილე: მთელი ჩემი სიყმაწვილე, მრავალი გათენებული ღამეები, მრავალი გრძნობები სიხარულისა, მუყაითი შრომის, ენერგიული თავგამოდების... ჩემი დღიურები. ჩემი ლექსები... ვერასდროს, ვერასდროს, ვერასდროს მათ ვეღარ ვნახავ... ვერსად მათ ვერ ვნახავ, დაწერილებს მსუბუქი ხელის ახალგაზრდური სიმსუბუქით და გატაცებით... ონეგინისებური უზრუნველობით, ყველაფერი დაიკარგა: ოჰ, ძვირფასო წერილებო საყვარელი ქალისა: რა სასოებით, რა იდუმალი სიამაყით გინახავდით თქვენ... რა თავდადებული წარსულის შუქი გამაშუქებდა თქვენ გადაფურცვლაზე, ეხლა ყოველივე ეს მკვდარია: თქვენ, იდუმალებით სავსე ნაწყვეტებო, რომელთაც მოწიწებით გინახავდით მომავალი დიდი რომანის დასამუშავებლად... თქვენ, ჩემო ძვირფასო წიგნებო: გოტიე, ვერლენ... რემბო! თქვენც, ჩემო მშვენიერო სურათებო, არავინ, არავინ, არავინ თქვენგანი არ დაბრუნდება, არც ერთი თქვენგანი არ გამიღიმებს და ვარ მარტო ეხლა, სრულიად მარტო. არასგზით არ შემიძლია ვთქვა: ვერაფერს ვერ გავაკეთებ აწ. მაგრამ ის, რაც დაიკარგა, რა დამიბრუნებს მას? ვერავინ, ვერავინ, ვერავინ. გაჰქრა წარსული: ჩემი გული, ჩემი იმედი მომავალისა. ეხლა მეშინია იმაზე ფიქრი, თუ რა მომელის მე მომავალში. ვინ დამიჭერს მხარს? ვინ მომცემს ძალას. არ ვიცი. დიდი, დიდი, დიდი მწუხარება.. გალაკტიონ ტაბიძე აღარ არის.. გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს.

[ზოგიერთები] ტიციანმა თქვა, როდესაც რობაქიძე ლაპარაკობდა ბარათაშვილზე (ნოვალისსა და მას შორის ნახა მსგავსება), საზოგადოებამ გალაკტიონს გადახედაო... ეს ირონიულად სთქვა... მასხრად, ვნახოთ, ვინ იქნება აგდებული. რობაქიძის ლექცია მთლად მეტერლინკიდან იყო. სიცილი კიდევ ტიციანის რეფერატზე იქნება. პაოლო და ტიციანი ძალიან მეგობრები არიან, მაგრამ ძლიერ წაიჩხუბებიან. ეს სულ ახლო მომავალის საქმეა. მათი ჯგუფი...
ლეონიძე ამბობდა გესლიანად: საზოგადოება გულდასმით ისმენდა და დებოშს არ აკეთებდა; განსაკუთრებით ის, საგანელის ხალხი რომ არისო. ეს უნდა იცოდეს კარგად საგანელმაც. კოლია მიწიშვილი ლეონიძის გესლიანი მუსუსია.. საერთოდ ჯერჯერობით ირგვლივ მხოლოდ გესლიანობაა. საჭიროა დაარსდეს ფართო სალიტერატურო აკადემია და ამას ცოტათი მაგათი გამაგრილებელი მნიშვნელობა ექნება - ყოველი მხრით. საინტერესოა, რატომ არ არის ასეთი მუშაობა ეხლავე დაწყებული. ისინი ხელს შეუშლიან ამასაც, მაგრამ ეს არაფერია, საქმე თავისით წავა წინ. ძლიერ წავა წინ. საჭიროა ერთი თესლი გადავარდეს, ერთი ნაპერწკალი და იგი თავისით სწრაფად აინთება: იგი ძლიერ გაიზრდება და უშველებელ ალად გადაიქცევა. რობაქიძეს ჰგონია, რომ მან ყველაფერი იცის, ფაკტიურად კი ეს ასე არ არის. ეს მალე დამტკიცდება.
შემდეგი კრება არის პარასკევს, კ. აბაშისპირელი წაიკითხავს მოხსენებას პოეზიაზე: საინტერესოა. აბაშისპირელი უარყოფს ყოველგვარ მუსიკას. რობაქიძე საშუალოდ უარყოფს. ტიციანი უთუოდ თავისად გამოიყენებს. პაოლო ბევრს იყვირებს და სხვა არა იქნება რა. ძალიან, ძალიან სიმპატიური ხალხია.
საცოდავები! მალე მაგათი ხსენება აღარ იქნება. აქა იქ გაშვებულია მცურავი დინამიტები, საცაა აფეთქდებიან.
უმრავლესობას სწყურია გამბედავი მეთაური: მთელი ეს ხალხი ამაყი და შეუგუებელი ხალხია. ფსიხოლოგიურად ეს გასაგებია. საჭიროა სხვა, რუქაზე არსად არ აღნიშნული პოლიუსის, რომელიმე კამჩატკის გამონახვა. უნდა იცოდეს გერონტი ქიქოძემ, რა აზრის არიან მასზე რობაქიძე და ტაბიძე და იაშვილი. როდესაც ამას გაიგებს, იგი სავსებით ჩვენ მოგვემხრობა. საზოგადოდ მაგათი ხერხი და იარაღი პროვოკაცია და ენის მიტან-მოტანაა. უნდა გავაგებინოთ პავლე ინგოროყვას, რომ ისინი მას უნიჭოს უწოდებენ. რობაქიძე წინააღმდეგი იყო შალვა დადიანის იმიტომ, რომ იგი ლოთიაო. ობოლმა მუშამ, რუხაძემ, აბაშელმა და სხვებმა ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ. ამაშია თვით მაგათი ხსნა. შემაერთებელი ძაფი უნდა მოინახოს. უამისოდ მოსალოდნელია სწრაფი კატასტროფა... მაგათი აზრი ასეთია..


21 აპრილი.
მე წინადადება მომცენ მონაწილეობა მივიღო შვიდი მაისის გაზეთში. ვამზადებ ყუმბარას: მანიфესტს: იქნება აფეთქება. შალვა კარმელმა მითხრა:  მე თქვენზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი: მეგონეთ ვიღაცა ყაჩაღი და აღმოჩნდით ძალიან და მეტად მშვიდობიანიო. ცოტათი ახლოა ყოველივე ეს სიმართლესთან: ეს მან სთქვა იმის გამო, რომ სურთ მწერლებს ბინა წამართვან და მე კი არაფერს ვამბობ. ობოლი მუშა ძალიან სიმპატიური ადამიანია. ტიციანი რაღაც იდუმალად მეუბნება: არ შეიძლება ამდენი ხნის ჩვენი ბოიკოტიო. მართლაც, დროა გამოსვლის!
ჩამოსულა ვანო იოსელიანი. ამბობენ, სოფელი ძალიან მოხდენიაო. საინტერესოა, რას იზამს ეხლა იგი. მე არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება მექნება მასთან. ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი, თუ როგორ შესანიშნავი ადამიანია ის ხანდახან და როგორ გაუტანელია ზოგჯერ: საერთოდ მე ვერასდროს ვერ გადავიხდი მის ამაგს: Я его провоцировал! მაგრამ მაპატიებს ალბად: უკანასკნელი მისი ავადმყოფობის დროს მე მსურდა მენახა იგი და ვერ ვნახე... სოფელში ხშირად ვფიქრობდი მასზე. კარგია, რომ ამ ორომტრიალში უბედურებას გადარჩა... იგი ძალიან ამაყია. სურდა ტანისამოსის შეკერვა: (შეიკერა თუ არა?) სურდა სიმიდის გაყიდვა. გაყიდა თუ არა? საერთოდ: ტიპია ძველი სტუდენტისა და ახალი ბოგემის: უუძველესი ქართული უდარდელობის და უახლესი ევროპიული მელანხოლიის. სპლინამდე ჯერ არ მისულა და შეიძლება არასდროს არ მივიდეს: საამისოდ მას დრო არ ჰქონია. მაინც არც ისე საჭიროა ეხლა ეს.. უყვარს ომი და რევოლიუცია. ესეც კარგია. უყვარს ლიტერატურა: ჩეხოვი, ტურგენევი და აკაკი წერეთელი მისი ღმერთებია: ამ სიყვარულშიც იგი დასრულებულია როგორც ტიპი. ძალიან გამჭრიახი გონებისა და მოსწრებული სიტყვების კაცი, ყველგან ახდენს თავისებურ გავლენას და ჩვენ შეგვეძლო სამუდამო მეგობრები ვყოფილიყავით, რომ ერთმანეთი არ მოგვბეზრებოდა ხანდახან, მეტად ხშირი შეხვედრის, მეტად ხშირი, მეტად ხშირი ღვინის სმის, აქედან გამოწვეული გაკრეტინების გამო. ხელს გვიშლიდა ის გარემოება კიდევ, რომ მე გამოანგარიშებული მქონდა თვითეული დღე, თვითეული ნაბიჯი, მისთვის კი ამგვარი საქმეები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდენ. მისთვის ეს ყოველივე ერთი იყო. საზღვარი არ ჰქონდა მის უდარდელობას და ეს კიდევ გამართლდებოდა რაიმეთი, რომ მატერიალური გარემოებები არა! საერთოდ ბევრი რამ უშლიდა ხელს, რომ ვყოფილიყავით ერთმანეთის თავდადებული და უსაყვარლესი მეგობრები. ეხლა იგი ჩამოვიდა: ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს გულწრფელად: მხოლოდ. მეორე დღეს შეიძლება სრულიად ვეღარ ან აღარ შევხვდეთ. რა სამწუხაროა! შესაძლებლობა იყო და არ მოვისურვეთ.. ეხლა ჩვენ არ გვაერთებს არაფერი, სრულიად არაფერი... შეიძლება მე ვცდები? მაშინ ეს ფურცელი დღიურისა სავსებით ამოხეული იქნება ამ წიგნიდან. ამნაირად...

საღამოს ვიყავი კონსერვატორიაში, სადაც ბოგდატიევმა უსინდისობით სავსე რეფერატი წაიკითხა ტოლსტოიზე. ტოლსტოი არც მე მრწამს დიდათ როგორც ფილოსოფოსი, მაგრამ იგი გენიალური მხატვარია... რეფერანტი რაღაცას მიედმოედო ტოლსტოისა და რევოლიუციონური იდეალიზმის შესახებ. იპოვა ოდნავი ანარქიზმი (გუმანიტარული და არა რევოლიუციონური), რაღაც სხვანაირი, ჩულკოვის მისტიური ანარქიზმის მსგავსი და სხვ. სთქვა, რომ ტოლსტოის უყვარდა ორნამენტები უსაშუალებოდ, ჩვენ კი, რევოლიუციონერებს, გვიყვარს შავი მუშაობა, ტალახი, რომლისგანაც ორნამენტი მზადდება. დაასრულა მან რევოლიუციონური პათოსით. კარგად, შესანიშნავად კითხულობდა ერთი ქალი ნაწყვეტს ანნა კარენინადან, იგი ძალიან ლამაზი იყო და თვითონ ძალიან ჰგავდა ანნა კარენინას. მე ვერ მოვითმინე გამოსვლისთანავე პირდაპირ არ შემეხედა მისთვის თვალებში. ხვალვე იგი დამავიწყდება. მე მახსოვს ანნა კარენინა - გერმანოვა... და მემახსოვრება მუდამ.

 ტიციანი საღამოთი იმეორებს ფრაზას: „Мыслю как мужчина и живу как женщина“. მას „ტოვარიშჩ ლიუბამ“ უთხრა, რომ სრულიად არ ჰგავს პოეტს და უფრო დამნაშავის, „პრესტუპნიკის“ თვალები აქვს. ამან იგი ძალიან დააღონა.
კარა დარვიშმა ერთ ლამაზ სომხის ქალთან ასე წარმადგინა: „Познакомьтесь, Король поэтов“ და სხვ.
ბოგდატიევი თავის ლექციის კითხვის დროს მიყურებდა მხოლოდ მე...
„მოსალოდნელია“ და სხვ.
პაოლომ ფ...
Смело, ясно, приветливо нужно смотреть всем в глаза! Всему и всем! შენ არავის წინაშე დამნაშავე არ ხარ...… შენი სული სავსეა იმ მარგალიტებით, რომელისთვის სხვა თავს მოიკლავდა, შენ კი გაჩერებულხარ და სრულიად არ აფასებ მას. ასე არ შეიძლება. ეს ნამეტანია. ეს არ გეკადრება შენ... შენ ისეთი დიდი ხარ და იმდენად წარმოუდგენლად დიდი, რომ არც კი გინდა შეამჩნევინო ეს ვისმეს... სულო, რამდენი რამ დაჰკარგე... მაგრამ ნუ შეშინდები... Смело, ясно, приветливо нужно смотреть всем в глаза! და სამაგიერო ჯილდოსაც მიიღებ... რამდენია განადგურებული და ობოლი სული, ყველას ნუგეში უნდა, ეს აუცილებელი ნუგეში უნდა მოიფინოს ყოველგან შენ მიერ და შენ მიიღებ სამაგიეროს. უმთავრესია: Смело, ясно, приветливо...
Да...


22 აპრილი.
საცაა მალე დაიწყება სხდომა აკადემიის. ვინ არიან მისი წევრები, ჯერჯერობით გამოურკვეველია, ეს თანდათანობით გამოირკვევა და ალბად თვითონ უცდიან ამას ინიციატორები.. ჯერჯერობით კი არაფერს არ აგებენ. მე, „Злой гений“ ქართველი პოეტების, ვინ იცის კიდევ რა როლს არ ვითამაშებ გარემოებებში. არა... მე თანდათან ვრწმუნდები, არც ერთს მათგანს არა აქვს ჩემდენი დაფარული პოეტური ენერგია. ეს ენერგია თავისთავად, უჩემოდ იკვალავს გზას და სადმე დაგუბებული ვულკანისებური ცეცხლით ამოხეთქავს. იგი გაანადგურებს ყოველივეს, რაც კი წინ დახვდება. გაანადგურებს, დალეწავს, დაანგრევს. გაუმარჯოს მომავალ ბრწყინვალებას და მეფეს ქართველი პოეტებისას. შორს არაა ის დრო, როცა კიდევ იგრიალებენ გაზეთები, ქუჩები, თეატრები. ამ ხმას აყვება მსოფლიო. გაუმარჯოს მსოფლიო რეზონანსს.

ვფიქრობ: სად არის არტემ გაბუნია? მან მშვენიერად იცის (მთელი თვეა), რომ მე თბილისში ვარ და იგი სრულიად არ ცდილობს ჩემს ნახვას. რაშია საქმე? საცოდავი ბავშვი! როგორ დაიღუპა. მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაბიჯი ისე გადადგა, რომ მე არაფერი არ დამეკითხა: იმდენად იგი არ დამენდო მე, იმდენად იგი ფიქრობს, რომ მე ორპირი და გაფუჭებული ადამიანი ვარ. არ დამეკითხა მე? დაკითხებოდა სხვას მაინც? მაგრამ მას მეგობრები არ ყავდა. და იგი დაიღუპა. საცოდავი, საცოდავი ბავში... ვინ იცის, რა საშინელი როლი არ ვითამაშე მე მის ცხოვრებაში? შეიძლება იგი ეხლა კმაყოფილია ყველაფრით, მთელი თავისი ცხოვრებით: მაშინ იგი საკმარისად სულელი ყოფილა: დიახ, სულელი. დაკმაყოფილება ისეთი ქალით, რომელიც ქუჩაში თავის სიმახინჯით „კაშმარებს ბალიშს“ აფარებს, ან იდიოტობაა, ან კიდევ მეტი სახელი, მთლად გაცვეთილი სულის პატრონობაა... მაგრამ ეს ასე არ არის: არტემი არ არის ასეთი სული: მასში ღრმადაა გამჯდარი გრძნობა სილამაზის... მშვენიერების...
ერთი სიტყვით: იგი დაიღუპა.
ეხლა ჯერია გიორგი საგანელზე, მაგრამ მან ჯერ უნდა იცოცხლოს... ეს საჭიროა ჩემთვის... დაიღუპა თუ არა... არ ვიცი... ჩემთვის იგი ყოვლად გამოუსადეგარია. მე უნდა ვერიდო ამიერიდან მას. დიპლომატია... დიპლომატია, დიპლომატია!!!


24 აპრილი.
რამდენ ძალასა ვგრძნობ, რამდენ ნიჭს, რამდენ ღირსებას ჩემში: არისტოკრატიულს, შვენიერს, უსათუოდ შვენიერს... მახალისებს ყოველივე. მე გავიმარჯვებ, ჩემი დიდება აუცილებელია. ჩემი შუქმოსილი ბრწყინვალება დააბნელებს ირგვლივ ყველაფერს... ეს აუცილებელი მოვლენა და დღე იქნება მალე, ძალიან მალე.


3 მაისი 1921 წ.
და იყო მწარე ხილი იგი ვითარ აბზინდი.