შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 22


1917 წ. რევოლუციის პირველსავე დღეებში გაზ. „სოციალ-დემოკრატში“ ქვეყნდება გალაკტიონის ლექსები „დროშები ჩქარა“, „ტახტი დაეცა“ და სხვა. ხალხი აღფრთოვანებით ხვდება პოეტის გამოსვლებს მგზნებარე ლექსებით, ჯარის ნაწილებში გალაკტიონს ხელით ატარებენ. რევოლუციის მესამე დღეს გალაკტიონი ჩამოდის თბილისში, აქ იგი ხვდება რიგს ქართველი მწერლებისას, რომელთანაც თათბირის შემდეგ პოეტი მიემგზავრება მოსკოვს.
აქ ეცნობა მაქსიმ გორკის. გალაკტიონი ხალხის მდგომარეობის უფრო ახლოს გასაცნობად მონაწილეობას იღებს მოსკოვის მოსახლეობის მთლიან აღწერაში, რის შედეგადაცაა ლექსი „როგორ ებრძოდენ ზარებს ზარები“. ამავე დროს პოეტი გატაცებულია თეატრალური სამუშაოებით. ამთავრებს სარეჟისორო ინსტიტუტს, იღებს ატესტატს საუკეთესო რეჟისორისას. ამავე დროს მოსკოვის ქართველთა კოლონია მართავს გრანდიოზულ საღამოს პოეტის პატივსაცემად. ოქტომბერში გალაკტიონი ჩადის პეტროგრადში, სადაც ხვდება ამხ. სტალინს.
1918 წ. გერმანელების მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქებსა და დაბებში - გალაკტიონი ხდება დიდი პარტიზანული ომების მოწმე; ნეჟინში მან ნახა, თუ როგორ ხვრეტდენ გაიდამაკები - ბრძოლის ველზე დაჭრილ პარტიზანელებს. შემდეგ, შავი ზღვით, გემით „დალანდი“ გალაკტიონი ბრუნდება საქართველოში, მას დასაბეჭდათ მზათ აქვს ახალი წიგნი.
ამავე წელს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში ეწყობა გალაკტიონის 10 წლის სალიტერატურო მოღვაწეობის საღამო, რომელზედაც პოეტი კითხულობს ლექსს „გემი „დალანდი“, ამ საღამოზე პირველად გაისმა ქართულ პოეზიაში სახელი ლენინი.
1919 წ. გამოდის წიგნი „არტისტული ყვავილები“. წიგნში რევოლუციურ ლექსებთან ერთ („გემი „დალანდი“, „დაბრუნება“, „დაეცა კრემლი“, „რამდენიმე დღე“, „მფარველი იალქნები“, „ამპარტავანი თათარი“, „ძველი წისქვილი“, „პარალელი“, „უნაზესი ხელნაწერი“, „პირიმზე“, „მარმარილო“, „აკაკის ლანდი“, „შერიგება“, „მერი“, „ატმის ყვავილები“, „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“ და სხვ. ჟურნალი „თბილისი“ წიგნის გამოსვლის გამო სწერს: „ახალი ქართული პოეზია ზეიმობს თავის ფერისცვალებას და ამ განახლების პირველი ჩუმი და წრფელი აღსარება ეს წიგნია... საქართველოში მოდის დიდი მწერალი და გზას ულოცავს ერი, ჩვენს თვალწინ ირღვევიან ხელოვნების დამჩრდილავი სოციალური პირობები, სრულიად განსაკუთრებული გზით მიდის გალაკტიონ ტაბიძე. ასეთი გზა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. წარსულის პოეზიამ მას უანდერძა ბუნებრივობა, ესთეტიური სისპეტაკე და ლიტერატურული სინდისიანობა. ამავე დროს [იგი] მთელი თავისი ტემპერამენტით, ნერვებითა და ოცნებით იგი ახალი კულტურის წინამორბედია. არ შეიძლება მის პოეზიას პესსიმიზმი და ცხოვრების უარყოფა დაერქვას! პოეტის უნაზესი სევდა დიდი სიყვარულის და გრძნობათა სიჭარბის ნაყოფია. მართალია, პოეტს ხშირად "ბედით დაწყევლილ გზაზე სიკვდილის ლანდი მოეჩვენება“, მაგრამ მან იცის, რომ „სიკვდილის გზა არ-რა არის ვარდისფერ გზის გარდა“, რომ „ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“, „ამაღლდი სულო, თეთრ აკლდამაზე, მშვენიერების ლექსით მქებელი, დღეს ყველგან მზეა და სილამაზე, სიკვდილთან შენი შემრიგებელი“.
„დღეს ფორმისა და სტილის დაძლევისათვის ბევრი ნიჭი ვირტუოზობს, მაგრამ გალაკტიონისებური ბუნებრივობა, მისებური სიმარტივით მიღწევა იშვიათია“ (ჟურნალი „თბილისი“, 1920 წ., №1, წერილი „გენიალური გალაკტიონი“).
1920 წ. ეწყობა გალაკტიონის საღამოები თბილისში, ქუთაისში, სოხუმში და სხვ. კახეთში მოგზაურობის შედეგია ლექსები: „შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა“, „ეს მშობლიური ქარია“, „მთვარემ ამოზიდა ლურჯი მოგონება“, „მივდიოდით ალაზნის ველად“, „კახეთის მთვარე“, „წინანდალელი ნათელა“, „ალაზანთან“, „გახედე: კახეთი“ - და სხვ.
1921 წ. სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმში გალაკტიონ ტაბიძის მიერ წაკითხულ იქმნა ჟურნალი „ლომისისთვის“ - წერილი. წერილის შინაარსი ასეთი იყო: „ჩვენს საუკუნეს გაქანებული მერნები სჭირდება. ეხლა ეს მერნები დგანან ახალი ეპოქის კარებთან და უცდიან გაბედულ მხედრებს.
საქართველოში მხოლოდ ეხლა გვიახლოვდება სივრცე, შემოკლებული გიგანტიური ნაბიჯებით: რადიო, უმავთულო ტელეგრაფი, აერო, ავტო. მათი საშუალებით საკითხი, რომელიც ეხლა ირჩევა ვერსალში, სამკვდრო-სასიცოცხლოა საქართველოსათვისაც. იგია ფონი, რომელზედაც საქართველოს ახალი პოეტი და ახალი გმირი შექმნიან ახალ სიმღერებს, ახალ პოეზიას. აქ პოეზიისათვის გაშლილია მეტად დიდი ასპარეზი. წარსულს ნურავინ თვლის უმნიშვნელოდ დაკარგულად: იმ უძველეს ღვინოსავით გამომდგარი ტრადიციის საფუძველზე, [მასში ჩაცვენილ ნაძირალების ქიმიურად განადგურების შემდეგ] შეიქმნება ახალი პოეზია, ძველი რომანტიზმის განახლებული სულით (რომანტიზმი ყოველთვის იყო, არის და იქნება ხელოვნების ერთ უმთავრეს თვისებად) მოიფინება იგი მუსიკის სინათლითა და ფერადებით, აივსება ახალგაზრდული ძლევამოსილებით. მართალია, ჩვენმა დღეებმა არ იციან ნიუანსები, მაგრამ თანამედროვეობა აქანდაკებს თავის ხელოვნებას უშიშარი ხელებით, რომელიც გააოცებს ქვეყანას უდიდესი გმირობისა და რაინდობის მაგალითებით. ჩვენ ყოველთვის ვყოფილვართ ხალხთან, მაგრამ მომავალში მეტი სითამამით უნდა ვტრიალებდეთ ხალხში. იქ დაგროვილია უმრავლესი გრძნობები: წყურვილი სიყვარულის, წყურვილი ოცნების. ჩვენ მივცემთ ხალხს ყველაფერს კეთილშობილურს, ახალ ეთიკას, ახალ წინასწარმეტყველურ განათებას პრობლემისას. ჩვენ იქ მოვნახავთ ახალ ადამიანებს, რომელთაც ეზიზღებათ ყოველივე არაესტეტიური და მახინჯი, სწყურიათ თითონ გადაიქცენ ხელოვნების ნაწარმოებათ. ჩვენი დაახლოვება ხალხთან გვაჩვენებს, როგორი სიხარბით ეწაფება იგი ყოველგვარ მხატვრულ სიტყვას. ხალხის სახელით ჩვენ უნდა უარვყოთ კაფე-შანტანების პოეზია. იგი დამახასიათებელია საშინლად დაცემის მდგომარეობის ხანისა, დეკადენსის. აქ პოეზია ხდება „სკანდალების“ ხელოვნებად, ისეთი ხალხის გამართობლად, რომელთაც არავითარი მორალური იდეოლოგია არ ახასიათებს.
სრულიად განვთავისუფლდეთ აგრეთვე იმ კონსერვატიზმისაგან, რომლითაც ნაწილობრივ შებოჭილია თანამედროვე შეგნება პოეზიის. უნდა მოინახოს ახალი რიტმი სიტყვის მოძრაობისათვის და ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართულ პოეზიას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ისტორიული პროცესი. გასული წლის განმავლობაშიაც შფოთიანი საქართველო ოცნებობდა იმ დროზე: როდესაც მასში შეეძლებოდა ცხოვრება პოეზიის უმძაფრესი ცხოვრებით. ამქვეყნიურ სიმდიდრედ ჩათვლიდა თავისსავე სულს და იქნებოდა დასახლებული მხოლოდ ღირსეულებით.
ამნაირად იგი არ ეძებდა მას, რის მოპოვებაც შეუძლებელი იყო: ნამდვილი პოეტები იყვნენ ხალხში და იცოდნენ, წინასწარვე გამოზომილი ქონდათ თავიანთი მიზნები; შედიოდნენ რა ახალ ტაძარში, არ ცდიდნენ მას, რაც დაცდილია, რასაც ამბობდენ სიტყვით, ასრულებდნენ საქმითაც და ყველაფერი ნათლად ამტკიცებდა ასეთი გამოსვლის თანამედროვეობას. საუკუნე მომწიფებულია მათთვის, ვინც მიდის ხალხში, საუკუნე გათენდა მათთან ერთად და მათთანვე ჩაესვენება.
ქართველ პოეტებს სწყუროდათ მსოფლიო ხელოვნებათა შეერთება. სურდათ ემღერათ ხელოვნების მსოფლიო ინტერნაციონალი. ქართველ პოეტებს ისე, როგორც ყოველთვის, არც გასული წლის განმავლობაში აუღიათ უღირსთაგან გადმოსროლილი ხელთათმანი, რადგან საუკუნეების განმავლობაში თვლიდენ სიამაყეს სიკვდილზე უმაღლესად, დიდებას ამ სოფლისას თვლიდენ ამაოებათ და ახსოვდათ მხოლოდ დიდება მარადისი“.
1922 წ. გალაკტიონი აქტიურად მუშაობს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმში. გალაკტიონის რედაქტორობით გამოდის სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული ჟურნალი „ლომისი“, რომლის პირველ ნომერში მოთავსებულია გალაკტიონის მიერ დაწერილი და მწერალთა ფართო კრებაზე წაკითხული ჟურნალის საპროგრამო წერილი. გალაკტიონის მეთაური წერილით გამოდის „პოეზიის დღე“, გალაკტიონი აქვეყნებს მონოგრაფიას ზაქარია ჭიჭინაძის შესახებ.
1923 წ. გამოდის ყოველკვირეული ჟურნალი („გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“). აქ ქვეყნდება მთელი რიგი ლექსებისა „ეფემერების“ სახელწოდებით.
რუსთაველის თეატრში ეწყობა გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწეობის 15 წლის იუბილე.
საიუბილეო კომიტეტი აქვეყნებს მოწოდებას: „გალაკტიონ ტაბიძე ეპოქალური მოვლენაა საქართველოში... თხუთმეტი წლის წინად მკითხველმა საზოგადოებამ ერთხმად აღიარა მასში შეუდარებელი პოეტური ნიჭი. თხუთმეტი წლის განმავლობაში თვითეული მისი ლექსი იწვევდა არაჩვეულებრივ გამოხმაურებას; უდიდესი პოეტი აკაკი წერეთელი აღელვებული პირველი მიესალმა ამ წიგნის გამოსვლას. გალაკტიონ ტაბიძის ყოველი სალიტერატურო საღამო იყო პოეტის ნამდვილი დღესასწაული... მან შეჰქმნა მთელი შკოლა. დაუფასებელი ღვაწლი დასდო თანამედროვე ლექსის ტეხნიკას... ასეთი პოეტი საუკუნეში მხოლოდ ერთი იბადება“. დიდის ზეიმით ტარდება გალაკტიონის მოღვაწეობის 15 წლის იუბილე.
1924 წ. გალაკტიონი ერთ-ერთი დამფუძნებელია ჟურნალ „მნათობისა“, რომლის გარშემო ირაზმება მთელი ქართული მწერლობა. გამოცემის დღიდან დღემდე, ამ ჟურნალის ყოველი პირველი გვერდი იხსნება გალაკტიონის ლექსებით. გალაკტიონი „მნათობის“ ძირითადი თანამშრომელია.
ცალკე წიგნად გამოდის პოემა „ბავშები ყიდდნენ პაპიროსებს“.
„მნათობში“ ქვეყნდება ლექსი „ჩვენ, პოეტები საქართველოსი“.
1925 წ. „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის „ასი ლექსი". მათ შორის: „რა საოცარი დასრულდა წლები“, „პოეტი - მასსა“, „ბავშვები“,  „დაბრუნდა გრძნობა და სისადავე“, „ქაოსიდან გზებზე გავედით“, „დიკკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება“, „ბრძოლა ღმერთთან“, „შინდისის ჭადრებს“, „იარე, კაცი შენ აღარ გქვია“, „ყანები“, „ხალხური მოტივებიდან“, „მთელი ღრიანცელი ყველა პოეტების“, „ცხრაას ჩვიდმეტი“, „სანატორია“, „მთელი საუკუნე მიდის“, „მაისმა ისევ მოიტანა“, „ღრუბელი - ფრეგატი“, „როდესაც მთვარე ანათებს დღისით“, „კაცი, რომელმაც გაბედა“, „რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს“, „თუ ბრძოლა არ არის“, „ვარ გენია რიმანელი“, „რა დროს რომანსეროა?“, „პირიმზეს“, „გამარჯვებათა ბედნიერება“, „ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის“, „მე არა ერთხელ მქონია ფრთები“, „წინ, გაბედულად“, „ფანტასტიური იმპერატორი“, „რუს პოეტს“, „ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლა“, „შუადღის გულმოდგინება“, „აფიშა“, „გადავეშვათ უფიქრელად“, „სიხარული შრომაში“, „პროზიდან პოეზიაში“, „ცეცხლი“, „წიწამურში რომ მოჰკლეს ილია“ და სხვა.
1926 წ. გალაკტიონი თანამშრომლობს გაზ. „კომუნისტში“.
1927 წ. სახელგამის მიერ იცემა გალაკტიონის დიდი წიგნი. რომელშიაც მოთავსებულია უმრავლესობა პოეტის ლექსებისა. წიგნი დიდის პოპულიარობით სარგებლობს.
გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიაც მოთავსებულია წერილები და ლექსები გალაკტიონის შესახებ. გალაკტიონის წიგნის გამოსვლას ესალმებიან ქართველი მწერლები: დ. კლდიაშვილი, ვ. ბარნოვი, ვ. გუნია, განდეგილი, შიო მღვიმელი, ზ. ჭიჭინაძე და სხვები.
ქ. სოხუმში იმართება დიდი საზეიმო საღამო გალაკტიონის პატივსაცემად. სოხუმის ახალგაზრდობამ გალაკტიონს სახსოვრად მიართვა ოქროს ლირა წარწერით: „გალაკტიონს, პოეტების მეფეს“.
1928 წ. გალაკტიონი მეტის ინტენსივობით განაგრძობს მუშაობას. იწყება ბეჭდვა „ეპოქის“ („მნათობის“ 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12 ნომრებში).
ყოფილ ქართულ კლუბში იმართება გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.
1929 წ. კომინტერნის მე-6 კონგრესის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების დელეგატებთან ერთად გალაკტიონი მოგზაურობს საბჭოთა კავშირის სამრეწველო რაიონებში.
1930 წ. ცალკე წიგნად სახელგამი უშვებს გალაკტიონის „ეპოქას“. „მნათობში“ იბეჭდება და ცალკე წიგნადაც გამოდის „პაციფიზმი“. „მნათობში“ იწყება ბეჭდვა „რევოლუციური საქართველოსი“.
1931 წ. სახელგამი ცალკე წიგნად უშვებს „რევოლუციურ საქართველოს“.
1932 წ. გალაკტიონი არჩეულია საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის (ცაკ-ის) წევრად.
გალაკტიონი მოგზაურობს სომხეთში და აზერბეიჯანში.
კრებულში „ერთხმად“ ქვეყნდება ლექსი: „პოეტი და ოქტომბერი“.
გალაკტიონი ირჩევა მწერალთა კავშირთან არსებულ სამხედრო ბიუროს თავმჯდომარედ.
1933 წ. სახელმწიფო ოპერის თეატრში ქართველმა ხალხმა დიდის ზეიმით გადაიხადა გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე.
ქვეყნდება საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება: „საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი იღებს რა მხედველობაში პოეტ გალაკტიონ ტაბიძის ნაყოფიერ სამრეწველო-სალიტერატურო მოღვაწეობას ოცდახუთი წლის განმავლობაში, რითაც მან სათანადო სამსახური გაუწია სოციალიზმის მშენებლობას ადგენს:
1. მიენიჭოს პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს საქართველოს სახალხო მწერლის სახელწოდება.
2. დაევალოს სოცუზრუნველყოფის კომისარიატს, უზრუნველჰყოს გ. ტაბიძე პერსონალური პენსიით.
3. დაევალოს სახელმწიფო გამომცემლობას გამოსცეს გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული“.
„მთელს საქართველოში ტარდება გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამოები“. თბილისის „კომკავშირის“ - ქუჩას ერქმევა გალაკტიონის სახელობის ქუჩა.
„ზარია ვოსტოკა“-მ გამოსცა რუსულ ენაზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული.
1934 წ. სრულდება ათი წელი „მნათობის“ გამოსვლიდან. გალაკტიონი მონაწილეობას იღებს „მნათობის“ საღამოში.
გალაკტიონი დაჯილდოებულია სიგელით ამიერკავკასიის ცენტრ. აღმასრულებელი კომიტეტის მიერ.
1935 წ. გალაკტიონი მიემგზავრება პარიზში - როგორც მწერალთა პირველ მსოფლიო ანტიფაშისტურ კონგრესის დელეგატი. გაივლის რა გერმანიის, პოლონეთის და ბელგიის საზღვრებს, იგი ჩადის საფრანგეთში. იგი ირჩევა კონგრესის პრეზიდიუმის წევრად. გამოდის სიტყვით, მონაწილეობას იღებს კონგრესის მუშაობაში - ეცნობა ევროპის გამოჩენილ წევრებს.
„პრავდაში“ - თავსდება კოლექტიური წერილი პარიზის კონგრესის მონაწილე საბჭოთა მწერლებისა.
საქართველოში დაბრუნებისას გალაკტიონი მწერალთა კავშირში აკეთებს საანგარიშო მოხსენებას მწერალთა მსოფლიო კონგრესის მუშაობის შესახებ.
გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ნაწერების მეორე ტომი, გამოცემა სახელგამისა.
გამოდის „ზარია ვოსტოკას“ გამომცემლობით გალაკტიონის „ლექსები და პოემები“ რუსულ ენაზე.
1936 წ. გალაკტიონი დაჯილდოვებულია უმაღლესი ჯილდოთი - ლენინის ორდენით.
ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება მთელი რიგი „ანტიფაშისტური“ ლექსებისა, დაწერილი გალაკტიონის მიერ.
1937 წ. გალაკტიონი არჩეულია რუსთაველისა და პუშკინის საიუბილეო კომიტეტების წევრად.
მოსკოვში გამოდის გალაკტიონის ლექსების კრებული.
„სასკოლო ბიბლიოთეკის“ სერიაში, სახელგამი უშვებს გალაკტიონის წიგნს.
გამოდის გალაკტიონის თხზულებათა პირველი ტომი.
1938 წ. მწერალთა სასახლეში იმართება გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი საღამო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება ამგვარივე საღამოები.
მთელ რიგ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება გალაკტიონის ახალი ლექსები „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, „მთვარის ნაამბობიდან“, „მთებში“, „პოეზიის ინტეგრალები“ და სხვ.
1939 წ. „ზარია ვოსტოკა“ სცემს გალაკტიონის ლექსების წიგნს სათაურით: „რჩეული ლექსები“.
გალაკტიონი ჩრდილოეთ კავკასიაშია. ბაქსანის ხეობიდან იგი სხვებთან ერთად ადის იალბუზის მისადგომ მწვერვალზე „11 თავშესაფარი“.
გამოდის ქართველი მწერლების დიდი კრებული მიძღვნილი ბელადისადმი. წიგნი იხსნება გალაკტიონ ტაბიძის ლექსით „გორი“.
1940 წ. ჟურნალ „მნათობში“ ქვეყნდება პოემა „აკაკი წერეთელი“, რომლის ადგილები ითარგმნება რუსულად.
გამოდის გალაკტიონის ნაწერების მე-3-ე ტომი (გამოცემა სახელგამისა).
მოსკოვის გამომცემლობა „მხატვრული ლიტერატურა“ უშვებს გალაკტიონის „რჩეულ ლექსებს“.
გამოდის გალაკტიონის წიგნი „ლირიკა“ გამოცემა სახელგამისა.
1941 წ. გალაკტიონის ლექსით „მშობლიურო ჩემო მიწავ“ იხსნება საქ. მწერალთა კავშირის კრებული, მიძღვნილი საქართველოს გასაბჭოების XX წლის თავისადმი. ესევე ლექსი ითარგმნება უკრაინულად, სომხურად, რუსულად და სხვა.
ფაშისტურ გერმანიის ვერაგულად ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის დღეს პოეტი აქვეყნებს ლექსს „მამულო, სიცოცხლეო“.
გალაკტიონი ათავსებს მასალებს საბავშვო ჟურნალებში: „ოქტომბერში“, „პიონერში“ და სხვა.
1942 წ. სამამულო ომთან დაკავშირებით გამომცემლობა ფედერაცია და სახელგამი სცემენ გალაკტიონის წიგნებს „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და „მამულო სიცოცხლეო“.
სამამულო ომთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზარია ვოსტოკა“ უშვებს გალაკტიონის წიგნს. გალაკტიონი მონაწილეობას იღებს საღამოებში, უშვებს პლაკატებს.
გალაკტიონი ათავსებს ლექსებს „მნათობში“, „კომუნისტში“, „ზარია ვოსტოკაში“, აგრეთვე რაიონულ გაზეთებში. გალაკტიონი ხშირად კითხულობს რადიოში.
სრულდება გალაკტიონის დაბადებიდან 50 წელი.
1943 წ. საქართველოს სახალხო პოეტის, ორდენოსანი გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 50 წლის და ლიტერატურული მოღვაწეობის 35 წლის თავს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი აღნიშნავს განსაკუთრებით. ამ მიზნით ოქტომბერში ეწყობა მხატვრულ-ლიტერატურული საღამო. მწერალთა კავშირმა შუამდგომლობა აღძრა აგრეთვე გ. ტაბიძის ნაწარმოებთა სრული აკადემიური გამოცემის განხორციელების შესახებ.
29 ნოემბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ლენინის ორდენოსანი ოპერისა და ბალეტის თეატრში შესდგა საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 50 წლის და შემოქმედებითი მუშაობის 35 წლისთავის აღსანიშნავი გრანდიოზული საღამო. წაკითხულ იქნა მოხსენება „გალაკტიონ ტაბიძე და ახალი ქართული პოეზია“. იყო სიტყვები და მისალმებები. პოეტების გამოსვლა, კონცერტი ოპერის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობთა მონაწილეობით. მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სახელით სახალხო პოეტს სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ:
„ჩვენო საყვარელო და სასახელო მგოსანო, გალაკტიონ!
ნება მიბოძეთ, დღევანდელ ზეიმს, რომელიც არის ნამდვილი დღესასწაული ქართველი ერისა და სახელოვანი ტრადიციის მატარებელი ქართველი პოეზიისა, შევუერთო ჩემი სუსტი ხმაც და მეცნიერებათა აკადემიის „რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის“ სახელით მხურვალედ მივესალმოთ თქვენს 35 წლის ინტენსიურსა და ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას პოეტური პარნასის მწერვალზე.
35 წელი ისტორიისათვის არც ისე დიდი დროა, მაგრამ კერძო ადამიანისათვის შეიძლება ცხოვრების ნახევარი გზაც იყოს. 35 წლის განმავლობაში ცეცხლივით გიზგიზებდე პოეტური ზეშთაგონების სამსხვერპლოზე და მოძმე ადამიანს გზას უნათებდე, - ეს უბრალო საქმე არაა. ეს ნამდვილი ღვაწლია! მე დღეს მოვედი თქვენთან ლიტერატურის ისტორიის სახელით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ისტორიის საგანი გახდით და მის სალაროს ჩაბარდით. არა, - დღეს თქვენ უშუალო ჭვრეტისა და ხედვის საგანი ხართ, თუმცა, საბედნიეროდ მომავალს ისტორიკოსსაც არ ექნება თავსამტვრევად გარკვევა იმისა, თუ ვინ იყო გალაკტიონი, ვინ იყო საგანი მისი პოეზიისა, რას უმღეროდა ის და როგორ უმღეროდა. თქვენი ლამაზი, ტკბილი, დახვეწილი, გულში ჩამწვდომი, წყაროსავით მოჩუხჩუხე და აღმაფრთოვანებელი ლექსი ყველას ნათლად ეუბნება, რომ გალაკტიონი არის პოეტი სიმართლისა და ჭეშმარიტების მგოსანი ადამიანისადმი გულწრფელი სიყვარულისა, მომღერალი საყვარელი სამშობლოს აყვავებისა და წინსვლისა.
ქართულს მხატვრულ სიტყვას 15 საუკუნოვანი ისტორია მაინც აქვს, ამ ხნის განმავლობაში მისი გზა არ ყოფილა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი. მას ქონდა პერიოდები დაცემისა და უკან დახევისაც, მაგრამ რა დაბრკოლება არ უნდა შეხვედროდათ გზაზე, ამ სიტყვის ოსტატებს ერთხელაც არ უღალატნიათ და ძირს არ დაუხრიათ ის წმინდა დროშა, რომელზედაც ოქროს ასოებით იყო ამოჭრილი სიტყვა „სამშობლო“, ეს დროშა თაობიდან თაობამდე გადადიოდა ცურტაველ-საბანისძე-მერჩულიდან, არაბთა მიერ დანთხეულ ქართველთა სისხლში ამოვლებული, ის გადაეცა დიდ რუსთაველს, რუსთაველის ეპოქიდან, მონღოლთა, სპარსთა და ოსმალთა მიერ დანთებულ ცეცხლში გარუჯული, ის გადაეცემა გულმოწყლულ გურამიშვილსა და მისი ეპოქის პოეტებს, მათგან, მეფის უსამართლო ცენზურის მიერ შეკრეჭილი, დასერილი და შეკვეცილი ის გადადის მე-19-ე საუკუნის კლასიკოსების ხელში, ხოლო მათგან, მამულისათვის დაღვრილ ცრემლებში დასველებული ის გადმოგეცათ თქვენ, ჩვენი დროის საბჭოთა სამშობლოს მომღერალო მგოსნებო, პირველ რიგში თქვენ, ჩვენო გალაკტიონ, როგორც უხუცესს, რომელმაც პირველმა უმღერა ცეცხლისებრი ლექსები ლენინგრადში დანთებულს, განმათავისუფლებელ რევოლუციის ცეცხლს. ამ მხრიდან შენ შეიქმენი ნამდვილი „ბაიანი“ სოციალისტურ სამშობლოსი, მისი წინსვლა და, დიდი ბელადის ხელმძღვანელობით აყვავება და გაფურჩქვნა შენში იწვევდა უსაზღვრო სიხარულს და ბელადისადმი უანგარო სიყვარულს, ხოლო უკანასკნელ წლებში, ვერაგი ფაშისტ-მხეცების მუხანათურ თავდასხმის გამო, მისი აღმშენებლობითი ზეიმის შენელება და შესუსტება, შენს გულში აღაგზნებდა და აღაგზნებს მტრისადმი ზიზღს, გულისწყრომას და მათი საბოლოო და საჩქარო მოსპობის სურვილს. ერთი სიტყვით, მოყვარული შვილი სასიყვარულო ჰანგებს უმღერის სამშობლო მხარეს. უკანასკნელიც სამშობლო შვილად აღიარებს მას და „სახალხო პოეტის“ სახელით დააჯილდოვებს. იცი, გალაკტიონ, რა დიდი ჯილდოა ეს ჯილდო? უკანასკნელ ხანებში ჩვენ ვხდებით მოწამენი ასეთი სამშობლოს შენდამი განსაკუთრებული ყურადღების ახალი აქტისა. მე ხელში ჩამივარდა უკანასკნელი ნომერი (7) ჟურნალი „მნათობისა“, რომლის პირველ გვერდს აწერია არა „გალაკტიონ ტაბიძე“, როგორც ამას მიჩვეული ვიყავით, არამედ უბრალოდ და მარტივად „გალაკტიონი“. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან შენ შედიხარ ჩვენი პოეზიის სასახლეში არა როგორც „გალაკტიონ ტაბიძე“, არამედ როგორც „გალაკტიონი“. იცით, რა სათუთ გრძნობას გამოსთქვამს შენდამი ამით და როგორ გაფასებს ამ აქტით სამშობლო? ვის იხსენიებს მშობლიური პოეზია ასე მარტივად, მხოლოდ სახელით? ყველაზე უფრო ცნობილს და საყვარელ თავის წარმომადგენელებს. მართლაც, მოიგონეთ: შოთა, ბესიკი, აკაკი, ილია, ვაჟა. ამიერიდან შენ უერთდები ამ საყვარელ და სასიქადულო სახელებს! დიდია და გასაფრთხილებელი ეს ჯილდო! შენი ცხოვრების და შემოქმედების გზა ჯერ კიდევ დიდი და გრძელია. ყველას ჩვენ, დღეს აქ მოზღვავებულ საზოგადოებას გვინდა, რომ ის ასეთი იყოს, იარე მედგრად, შეუფერხებლად და ნაყოფიერად ამ გზაზე. გახსოვდეს სამი რამ: სამშობლო, ადამიანი და პოეზია!
გაუმარჯოს სახელოვან ქართულ პოეზიას და, დღეს უკვე გამარჯვებულს მის წარმომადგენელს, ჩვენს ძვირფას გალაკტიონს!
გაუმარჯოს ჩვენს ჭაღარა მოსილს, მაგრამ სულით ახალგაზრდა სამშობლოს და მის სიქადულს და სიამაყეს, მის ღვიძლ შვილს. დიდ ბელადს და მარშალს სტალინს, რომელმაც ომიანობის მრისხანე დღეებშიაც კი შესაძლებელი გახადა ასეთი საზეიმო საღამო პოეზიის, როგორიცაა ეს საღამო“.
ასეთივე საღამო შესდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლუბებში და სხვაგან.
მუშაობს „კომუნისტში“, აწყობს საღამოებს მწერალთა სასახლეში, ფრონტელთა ლექსების კითხვისას. ამზადებს წიგნებს.
საღამოები გორში, ბათუმში და სხვა.
გალაკტიონი მონაწილეობს ქართულ მწერლობის დეკადაში მოსკოვში, გამოდის აგრეთვე რადიოთი.
გამოდის გალაკტიონის ახალი წიგნი „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“.
გალაკტიონი ერთხმად არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1944 წ. სამამულო ომის ფრონტზე მყოფ მებრძოლთა მიერ გამოგზავნილი მასალების შესასწავლად იწყებს მუშაობას გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში.
სამამულო ომის ფრონტზე მყოფ მებრძოლთა მიერ გამოგზავნილ მასალების შესწავლის შემდეგ ატარებს რამდენიმე საღამოს საქ. მწერალთა სასახლეში.
მოეწყო საღამო გორში, სადაც კითხულობდა ახალ ლექსებს.
მოეწყო ბათუმში შეხვედრა წითელარმიელებთან, კოლმეურნეებთან, პიონერებთან.
მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართულ მწერალთა დეკადაში.
„პრავდა“, „იზვესტია“, „ლიტ. გაზ.“, „ლიტ. ისკუსტვო“, „ვეჩერნაია მოსკვა“ და სხვ. ათავსებს გალაკტიონის ახალ ლექსებს.
მოსკოვის რადიო აწყობს სპეციალურ მის შემოქმედებით დილას, სადაც გამოდის ახალი ლექსებით.
„სოვეტსკი პისატელს“ მოსკოვში გადასცა რიგი ლექსების კრებულისათვის „გამარჯვება“.
თანამშრომლობს „კომუნისტში“, „ზარია ვოსტოკაში“, „საბჭოთა აჭარაში“ და სხვ.
ჩვენს ლიტერატურაში ზღვის თემის დაფუძნების მიზნით დასწერა წიგნი „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. წიგნი შეიცავს სამოცდაათამდე ლექსს და რამდენსამე პოემას. წიგნი გამოსცა აჭარის სახელმწიფო გამომცემლობამ.
1945 წ. სამამულო ომის გამარჯვებით დამთავრებისას 9 მაისს სწერს ლექსს „გამარჯვება“. ლექსი იბეჭდება „კომუნისტში“. ითარგმნება რუსულ, სომხურ და სხვა ენებზე, გადაცემულ იქნა რადიოთი. გალაკტიონის გამოსვლა 9 მაისს გადაღებულ იქნა კინოსურათისათვის „გამარჯვების დღე თბილისში“.
სამხატვრო აკადემია მართავს გალაკტიონის შემოქმედების დიდ საღამოს.
გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის დიდი წიგნი სახელწოდებით „რჩეული“ (სახელგამის გამოცემა) წიგნში მოთავსებულია 800 ლექსი.
1945-1951 წ. ამ პერიოდში სახელგამის მიერ გამოიცა შემდეგი ოთხი ტომი. ამგვარად დამთავრდა გამოცემა შვიდი ტომისა. აგრეთვე მოსკოვში გამოვიდა „რჩეული“. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა სამწერლო მოღვაწეობის ორმოცი წლის აღსანიშნავად საღამო.
პრესაში ქვეყნდებოდა ნაწერები ომის შემდეგი დროინდელის (აღმშენებლობის) ლექსები და პოემები, თბილისში და სხვადასხვა დაბა-ქალაქებში იმართებოდა სალიტერატურო საღამოები.
ამასთან ერთად ამ წლებში საბჭოთა კავშირის ანტოლოგიებში და სხვადასხვა კრებულებში შეტანილი იქნა გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებები.
1952 წ. საქართველოს საბჭოთა კავშირის პრეზიდიუმმა დაადგინა: ღირსეულად აღინიშნოს საქართველოს სახალხო პოეტის, საქ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების სამოცი წლის თავი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ა/წ. ჩვიდმეტ ნოემბერს.

[1952 წლის შემდეგ]