შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 7


ავტობიოგრაფია
(მასალები)
1892 წ. -  მდ. რიონის პირად მდებარე სოფ. ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში - დაბადება.
1892-1898 წ. წ. - მამის გარდაცვალების შემდეგ, ვიმყოფები დედის მზრუნველობის ქვეშ. როდის ვისწავლე წერა-კითხვა არ მახსოვს.
1899 წ. - ვსწერ პირველ ლექსს და ვიწყებ შთაბეჭდილებათა დღიურს.
1900 წ. - ჩავყავართ ქუთაისში. იქ მიმაბარეს პირველდაწყებით შკოლაში. ვწერ ლექსს - „ნანგრევები!“
1905 წ. - მონაწილეობას ვიღებ მოწაფეთა არალეგალურ კრებებზე. იქ ვკითხულობ ლექსს - „პირველი მაისი“. ვკითხულობ ძალიან ბევრს, თითქმის დღითა და ღამით. მთლიანად ვთარგმნი ჰომეროსის „ოდისეი“-ს.
1907 წ. - მოვითხოვ ლექსების წიგნის გამოცემას. ვწერ მოთხრობებს, პიესებს.. ლექსით ვეხმაურები ილია ჭავჭავაძის მკვლელობას.
1908 წ. - ვამთავრებ სასულიერო სასწავლებელს; როგორც კარგი მოწაფე ვიგზავნები ტფილისის სემინარიაში - სახელმწიფო ხარჯზე, პანსიონში მიღებით.
ჟურნალ „ახალ კვალში“ და გაზ. „ამირანში“ პირველად ქვეყნდება ჩემი ლექსები („სქელი ღრუბელი“, „მთვარე ანათებს“). ლექსები იქცევენ საერთო ყურადღებას.
იბეჭდება მთელი რიგი ლექსების ალმანახებში „პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“ და სხვ.
ვიმარჯვებ სემინარიელთა კონკურსზე აკაკი წერეთლის იუბილეიზე გამოსასვლელი ლექსით.
ვცემ ხელნაწერ რევოლიუციურ ჟურნალს „შუქი“.
1909 წ. - [ვთანამშრომლობ] მიწვევენ თანამშრომლად  ჟურნალ „ფასკუნჯში“ ისეთ კორიფეებთან ერთად, როგორც იყვნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა და სხვ. „ფასკუნჯის“ თითქმის ყოველ ნომერში იბეჭდება ჩემი ლექსი...
1910 წ. - სემინარიაში მთავრობასთან [მდგომარეობის] დამოკიდებულების გამწვავების გამო თავს ვანებებ სემინარიას. მივდივარ მასწავლებლად სოფლად.
ვხდები აკტიური თანამშრომელი ჟურნალ „განათლების“. აქ იბეჭდება მთელი რიგი ჩემი ლექსები „მესაფლავე“, „ფერფლი გრძნობათა“ და სხვ.
1911 წ. - ვთანამშრომლობ გაზ. „თემში“, რომელშიც იბეჭდება მთელი რიგი ლექსების და აგრეთვე პოემა „მწყემსი“.. ვთანამშრომლობ ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ მისი დაარსების დღიდან ვიდრე მის დახურვამდე.
1912 წ. - შკოლების უფროს თედო ჟორდანიასთან კონფლიკტის გამო - ვტოვებ მასწავლებლობას. იმ დღიდან უფრო აკტიურად ვებმები ლიტერატურულ ცხოვრებაში.
ჟურნალ „ოქროს ვერძში“ იბეჭდება ჩემი „მე და ღამე“, „ქალი და ხელოვნება“ და სხვ.
თანამშრომლობას ვიწყებ უმთავრესად სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში. გაზეთ „თანამედროვე ხმაში“ იბეჭდება ჩემი ლექსი „ავგუსტ ბებელის გარდაცვალების გამო“, ცენზურა ამ ლექსიდან იღებს მთელ ტაეპებს.
ლექსის „გურიის მთების“ გამო [იხურება] მთავრობის მიერ კონფისკაციაქმნილია გაზ. „განთიადი“.
ერთ-ერთ რედაქციის გაჩხრეკის დროს ჟანდარმერიას მიაქვს ყუთი ჩემი ლექსებით.
1913 წ. - იწყება პერიოდი მთელი რიგი სალიტერატურო საღამოებისა. ამ წელს მე გამოვედი აკაკი წერეთელთან ერთად საღამოზე ქუთაისში.
ვმოგზაურობ სალიტერატურო საღამოებით იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში.
აკაკისთან ერთად ვმოგზაურობ ქვემო იმერეთის სოფლებში.
1914 წ. - [ორგანიზებულია ხელისმოწერა] ხელისმოწერით გამოდის ჩემი ლექსების პირველი ტომი. წიგნი [მეტის] იშვიათი პოპულიარობით სარგებლობს. ყველა დარჩენილი ეგზემპლიარები იყიდება ორი კვირის განმავლობაში. პრესა ეხმაურება წიგნს. აკაკი წერეთელი მე მაღიარებს ყველა ახალგაზრდა [პოეტებში] მგოსნებში უნიჭიერეს პოეტად.
პირველ იმპერიალისტურ ომთან დაკავშირებით, ვწერ მთელ რიგ ლექსებს, რომლის გამოცემის ნება მთავრობამ არ დამრთო.
სასტუმრო „გრანდ-ოტელში“ პატარა, ცივ ოთახში, ქუთაისში, უკანასკნელად ვხვდები აკაკი წერეთელს.
1915 წ. 26 იანვარს, ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა. ვესწრები როგორც მწერალთა დელეგატი მის [გამოსვენებას] დაკრძალვას. ვბეჭდავ ლექსებს „აკაკის გარდაცვალების გამო“, „აკაკის ლანდი“ და სხვ.
ვცხოვრობ საჩხერეში და ჭიათურაში.
პირველად მივემგზავრები მოსკოვში. იქ საღამოს მიმართავენ [ვეცნობი] ვხვდები და ვეცნობი რუსეთის მწერლებს.
მოსკოვში გამგზავრების წინ ქუთაისის ახალგაზრდობამ მისახსოვრა ვერცხლის კალამი წარწერით „პოეტების მეფეს“.
1916 წ. - დაბრუნება საქართველოში.
ქვეყნდება ჩემი ლექსები: „მერი“, „ატმის ყვავილები“, „მთაწმინდის მთვარე“, „ლურჯა ცხენები“, „თოვლი“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „ვერხვები“, „ცამეტი წლის ხარ“, „საქართველოში შენ ერთი მაინც“ და სხვ.
მეორედ მივემგზავრები მოსკოვში. იქიდან ჟანდარმერიის დევნის გამო არალეგალურად ვბრუნდები საქართველოში.
ხალხის მდგომარეობის გასაცნობად მონაწილეობას ვიღებ ამიერ-კავკასიის სასოფლო-სამეურნეო აღწერაში.
1917 წ. - გუბერნატორის განკარგულებით რამდენიმე დღით მაპატიმრებენ. ვახერხებ თავის დაღწევას და ვცხოვრობ ქუთაისში არალეგალურად. [პოლიციას დავალებული აქვს ჩემზე თვალ-ყურის დევნება]. თებერვლის რევოლიუციის პირველსავე დღეს იბეჭდება „სოციალდემოკრატში“ ჩემი ლექსები: „დროშები ჩქარა“, „ათრობდა ხალხთა მწუხარება“. რევოლიუციური ლექსებით გამოვდივარ მიტინგებზე ქალაქის თეატრში, ქალაქის თვითმმართველობაში, ჯარის ნაწილებში.
ჩამოვდივარ ტფილისში.
[სასწრაფო მატარებლით მივემგზავრები ისევ მოსკოვს] [გზად ტფილისში] ვხვდები აქაურ მწერლებს და ვეცნობი მათ განწყობილებას, მათი დავალებით სასწრაფო მატარებლით მივემგზავრები [მოსკოვში] [პეტროგრადში], შევდივარ სმოლნიში, ვხვდები ამხ. სტალინს]. მივემგზავრები მოსკოვში.
მონაწილეობას ვიღებ მოსახლეობის მთლიან აღწერაში.
ვამთავრებ სარეჟისსორო ინსტიტუტს საუკეთესო ატესტატით. ვდგამ ოსტროვსკის პიესას „ტყე“-ს.
აქ იწერება ლექსები: „როგორ ებრძოდენ ზარები ზარებს“, „მას გახელილი დარჩა თვალები“, „რამდენიმე დღე პეტერბურგში“, ვხვდები მაქსიმ გორკის და სხვა რუსის მწერლებს.
ოკტომბერი. მივემგზავრები ისევ პეტროგრადში, სმოლნიში ვხვდები ამხ. სტალინს.
მოსკოვში ქართულ კოლონიის მიერ იმართება გრანდიოზული საღამო ჩემს პატივსაცემად. სიტყვით გამოდის ლადო მესხიშვილი.
1918 წ. - [ვხვდები] გერმანელების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქებში [ქალაქ ნეჟინში] მოწმე ვხდები დიდი პარტიზანული [შეტაკების] ომების.
[1919 წ. ვბრუნდები საქართველოში დასაბეჭდათ გამზადებული წიგნით Craine aux fleurs] ოდესიდან გემით „დალანდი“ ვბრუნდები საქართველოში დასაბეჭდათ გამზადებული წიგნით „Craine aux fleurs“. ვხდები ცენტრი [ტფილისის] საქართველოს ლიტერატურული [ცხოვრება-] მოძრაობის.
ტფილისში, კონსერვატორიის დარბაზში ეწყობა ჩემი სალიტერატურო მოღვაწეობის 10 წლის აღსანიშნავი შემოქმედებითი საღამო. [ახალგაზრდა] მწერლები ოფიციალურად მაცხადებენ პოეტების მეფედ.
1919 წ. - გამოდის წიგნი „Craine aux fleurs“. წიგნი გარდატეხას ახდენს - ლიტერატურულ წრეებში.
1920 წ. - ვაწყობ სალიტერატურო საღამოებს ტფილისში, ქუთაისში, და სხვ.
1921 წ. - აკტიურად ვმუშაობ სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირში, რომელსაც მთავრობა ჩემის [მეცადინეობით] შუამდგომლობით გვითმობს სასახლეს მაჩაბლის ქუჩაზე.
ჩემის რედაკტორობით გამოდის სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული ჟურნალი „ლომისი“, რომლის პირველ ნომერში მოთავსებულია ჩემმიერ დაწერილი და მწერალთა ფართო კრებაზე წაკითხული საპროგრამო წერილი.
ჩემის მეთაური წერილით გამოდის გაზეთი „პოეზიის დღე“.
[ვწერ] ვაქვეყნებ მონოგრაფიას ზაქარია ჭიჭინაძის შესახებ.
1922 წ. - განვაგრძობ მუშაობას მწერალთა კავშირში. ვამზადებ მასალებს მომავალი წიგნისათვის. [მონაწილეობას ვიღებ] ვაწყობ სალიტერატურო საღამოებს საქართველოს თითქმის ყველა დაბა-ქალაქებში.
1923 წ. - გამოდის ყოველკვირეული ჟურნალი („გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“). იბეჭდება მთელი რიგი ლექსების „ეფემერების“ სახელწოდებით. ჟურნალი გამოვიდა 9 ნომერი.
1924 წ. - სხვებთან ერთად ვაარსებ ყოველთვიურ დიდტანიან ჟურნალს „მნათობს“ - რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას. ამ ჟურნალის გამოცემის დღიდან პირველი გვერდები იხსნება ჩემის ლექსებით. ჟურნალის გარშემო თავს იყრის მთელი ქართული მწერლობა. ქვეყნდება ჩემი ლექსები: "ქარი", „ჯონ-რიდი“, „ეს ლექსი“ და სხვა. ცალკე წიგნად გამოდის „ჯონ რიდი“.
ლენინგრადის აკადემია სცემს [წიგნს] აკადემიკოს ნ. ი. მარის წიგნს: „იაფეტიურ სემინარიებს“, რომელიც მთავრდება ამონაწერებით ჩემი ლექსებიდან.
1925 წ. - „მნათობის“ ერთ ნომერში იბეჭდება ჩემი „ასი ლექსი“..
1926 წ. - „მნათობში“ იბეჭდება ლექსები...
1927 წ. - სახელგამის მიერ იცემა ჩემი დიდი წიგნი - რომელშიაც მოთავსებულია უმრავლესობა ჩემი ლირიული ლექსებისა. წიგნს აღტაცებით ეხმაურებიან დავით კლდიაშვილი, ვ. ბარნოვი, ვალერიან გუნია, განდეგილი, ზაქარია ჭიჭინაძე.
გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“ - რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები ჩემს შესახებ.
„შვენება და სიამაყე ქართული ლირიული პოეზიის“ - დ. კლდიაშვილისა, „დიდი ლირიკოსი“ - სანდრო შანშიაშვილის და სხვ. შიო მღვიმელის, გ. ქუჩიშვილის და სხვ. ლექსები.
ყოფ. „ქართულ კლუბში“ ეწყობა ჩემი დიდი საღამო.
1928 წ. - „მნათობში“ იბეჭდება მთელი რიგი ლექსებისა. სოხუმში იმართება ჩემს პატივსაცემად დიდი საღამო.
რუსთაველის სახ. თეატრში იმართება ჩემი სალიტერატურო მოღვაწეობის ოცი წლის იუბილეი.
აფხაზეთში იმართება საღამო. სოხუმის მოსახლეობამ მისახსოვრა ოქროს ლირა წარწერით: პოეტების მეფეს.
1929 წ. - კომინტერის მე-VI კონგრესის, [დელეგატებთან ერთად, რომელ] ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ვმოგზაურობ საბჭოთა კავშირის სამრეწველო რაიონებში, კონგრესის დასრულების შემდეგ.
„მნათობში“ იწყება [ლექ.] „ეპოქის“ ბეჭდვა.
1930 წ. - ცალკე წიგნათ გამოდის „ეპოქა“. [გამოდის „პაციფიზმი“].
„მნათობში“ იწყება ბეჭდვა „რევოლიუციური საქართველოსი“.
1931 წ. - ცალკე წიგნად გამოდის „რევოლიუციური საქართველო“.
[„მნათობში“ იბეჭდება და შემდეგ ცალკე წიგნად გამოდის „პაციფიზმი“].
1932 წ. - მირჩევენ საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის (ცაკ-ის) წევრად.
1933 წ. - სახელმწიფო ოპერის თეატრში ქართველმა ხალხმა დიდის ზეიმით გადამიხადა ჩემი სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეი.
ქვეყნდება საქართველოს მთავრობის დადგენილება - ჩემი მთლიანი კრებულის გამოცემის შესახებ.
მენიჭება სახელწოდება რესპუბლიკის სახალხო პოეტისა.
მთელს საქართველოში ტარდება ჩემი შემოქმედებითი საღამოები (აქ საჭიროა მთლიანად მოყვანილ იქნას ეს დადგენილება).
რუსულ ენაზე გაზ. „ზარია ვოსტოკა“ სცემს ჩემი რჩეული ლექსების კრებულს.
დაჯილდოვება ლენინის ორდენით.
[1934 წ. - გამოდის ჩემი ნაწერების მეორე დიდი ტომი, გამოცემა სახელგამისა. წიგნში მოთავსებულია 500-მდე ლექსი].
1934 წ. - ლენინგრადში [იმართება] ენათმეცნიერების ინსტიტუტი აწყობს ჩემთან [შეხვედრას]  საზეიმო შეხვედრას.
„მნათობის“ ათი წლის თავზე იმართება საღამო ჩემი მონაწილეობით.
დაჯილდოებულ ვიქმენი ა/კ. ცაკის „საპატიო [გრამოტით] სიგელით“ „ამიერ-კავკასიის ფედერაციის განმტკიცებისათვის“.
1935 წ. - ვიგზავნები დელეგატად პარიზში - პირველ მსოფლიო კონგრესზე [ანტიფაშისტურ] მონაწილეობის მისაღებად. [ვბრუნდები ბერლინზე და ვარშავაზე გამოვ] [გამგზავრება ხდება] მოგზაურობა მოხდება გერმანიის, პოლონეთის და ბელგიის [საზღვრებში] ტერიტორიებზედ.. არჩეული ვარ კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.
პარიზში ვხვდები და ვეცნობი მსოფლიოს გამოჩენილ მწერლებს.
მწერალთა კავშირში ეწყობა ჩემი მოხსენება - პირველი ანტიფაშისტური კონგრესის მუშაობის შესახებ.
სახელგამი უშვებს ჩემი ნაწერების პირველ ტომს (300 ლექსი).
რუსულ ენაზე „ზ. ვ.“ სცემს ჩემს წიგნს „ლექსები და პოემები“.
1936 წ. - ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება მთელი რიგი ლექსებისა - ფაშიზმის წინააღმდეგ.
[ვირჩევი რუსთაველის და პუშკინის, აკაკი წერეთლის საიუბილეო კომიტეტის წევრად].
1936 წ. - გალაკტიონი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
1937 წ. - ვარ რუსთაველისა და პუშკინის საიუბილეო კომიტეტების წევრი.
მოსკოვში [გამოდის] სცემს ჩემი რჩეული ლექსების წიგნს - „სოვეტსკი პისატელი“.
[საბლიტ] სახელგამი სცემს ჩემს ლექსებს „სასკოლო ბიბლიოთეკის“ სერიაში. იწერება ლექსები: „ქალაქი წყალქვეშ“, „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“.
სახელგამის „სასკოლო ბიბლიოთეკის“ მხატვრული ლიტერატურის სერიაში გამოდის გ. ტაბიძის ლექსების წიგნი.
[1938 წ. ქვეყნდება] იწერება რკალი [წიგნებისა] „საუბარი ლირიკის შესახებ“.
1938 წ. - მწერალთა კავშირში იმართება ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი საღამო.
საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქებში იმართება ამნაირივე საღამოები.
საღამო რუსთაველის საკონცერტო დარბაზში.
მთელ რიგ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება ახალი ლექსები: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, „რუსთაველისადმი“, „მთვარის ნაამბობიდან“, „მთებში“, „სამშობლოს“.
„ზ. ვ.“ სცემს ჩემი ლექსების წიგნს სათაურით: რჩეული ლექსები.
საუბარი ლირიკის შესახებ.
1939 წ. ქვეყნდება ლექსები „პოეზიის ინტეგრალები“, „სამშობლოს“ და სხვ.
1940 წ. - გამოდის ჩემი „ლირიკა“, გამოცემა საბლიტგამისა.
გამოდის ჩემი ნაწერების მე-III ტომი. სახელგამის გამოცემა.
ქვეყნდება პოემა „აკაკი წერეთელი“.
აკაკისადმი მიძღვნილი ლექსით იხსნება სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სპეციალური კრებული. ითარგმნება რუსულად.
გამოდის ჩემი ნაწერების მე-III ტომი.
მოსკოვში გამოდის ჩემი რჩეული ლექსების წიგნი, სცემს გამ-ბა „მხატვრული ლიტერატურა“.
1941 წ. - [ქვეყნდება] ლექსი „მშობლიურო ჩემო მიწავ“, იხსნება ქართველი მწერლების - საქართველოს გასაბჭოების XX წლის თავისადმი მიძღვნილი კრებული. ესევე ლექსი ითარგმნება და იბეჭდება „Правда“ -ში.
1943 წ. - ვიწყებ თანამშრომლობას საბავშვო გამოცემებში „ოკტომბრელსა“ და „პიონერში“.
1942 წ. - სამამულო ომთან დაკავშირებით [იწერება და გამოდის "მამულო სიცოცხლეო" და სხვ.] გამომცემლობა „ფედერაცია“ უშვებს ჩემს წიგნს. გამომცემლობა „ზარია ვოსტოკა“ რუსულ ენაზე სცემს წიგნს „მშობლიურო ჩემო მიწავ“.
1943 წ. - სამამულო ომთან დაკავშირებით ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება ლექსები: „მამულო სიცოცხლეო“, „ჩვენ გავიმარჯვებთ“, „თავდადებული მილიონები“ და სხვ. „საბლიტგამის“ მიერ იცემა მხატვრული პლაკატები. გამოვდივარ რადიოთი - საკუთარი ლექსებით, აგრეთვე ჯარის ნაწილებში და საღამოებზე.
აკლია:
1. სია ქართულ ჟურნალ-გაზეთებისა, კრებულებისა.
2. საბავშო გამოცემები. 1941 წ.
3. „კომუნისტში“ თანამშრომლობა.
4. „გორი“ - ამბავი.
5. ორდენი.
6. სარეჟისსორო ინსტიტუტი.
7. ორი წიგნი: „ლირიკა“ და „ლექსები“ - გამოცემა საბლიტგამისა.

 [1944 წელი]