შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 23


ტაბიძე გალაქტიონ ვასილის ძე (1892 წ. 28/9) - რესპუბლიკის სახალხო მგოსანი, ორდენოსანი, პოეტების მეფედ წოდებული, პოეტი-ლირიკოსი, რომანტიკოსი, რევოლუციამდე სიმბოლისტი, გასაბჭოების შემდეგ - ოპტიმისტი, სტიქიურობის მადიდებელი, თანმგზავრთაგან ინდუსტრიალურ თემებზე პირველი მწერალი; იმერეთიდან (დაიბადა სოფ. ტობანიერს, ქუთაისის მაზრაში, მამა - მასწავლებელი, დედა - მაკრინე ადეიშვილის ასული). სწავლობდა ტობანიერის პირველდაწყებით სკოლაში, ქუთაისის სას. სასწავლებელში, თბ. სას. სემინარიაში და მოსკოვის შანიავსკის უნივერსიტეტში, აგრეთვე მოსკოვის დრამ. კურსებზე და სარეჟისორო ინსტიტუტში. იმოგზაურა უკრაინას, ყირიმსა და ვოლგაზე. რევოლუციის პირველ ხანებში მოსკოვის მიტინგებზე ყველას თავისუფლების დაცვისაკენ მოუწოდებდა. მისი თვალის წინ გაიარა რუსეთის რევოლუციის უდიდესმა მომენტებმა: ლვოვის კაბინეტის დამხობამ, ანარქიამ, კერენსკის ტრიუმფმა, ბოლშევიკების გამოსვლამ, სისხლიანმა კვირამ მოსკოვში და სხვ. პირველი ლექსები დაბეჭდა 1908 წელს ჟურ. „ახალ კვალში“ (ღრუბლები) და გაზ. „დროება“-ში (მყუდრო ღამეა), 1909 წ. ქართულ ალმანახებში („პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“) და ჟურ. „ფასკუნჯში“, 1910 წლიდან ითვლებოდა ჟურ. „თეატრი და ცხოვრების“ უახლოეს თანამშრომლად. ამ ჟურნალში, სხვა მრავალ ლექსთა შორის, დაიბეჭდა მისი „მერი“, „ატმის ყვავილები“, „პოეზია“ და სხ. ამავე ჟურნალში დაიბეჭდა პირველი კრიტიკული წერილები ტ-ძის შემოქმედების შესახებ (ნარის - „ბუნება პოეზიაში“, ვრცელი ფელეტონები, მიხ. აბრამიშვილის „ღამის მგოსანი“, იოსებ არიმათიელის „თეთრი მეფე“ და სხ.). 1911 წ. ქუთაისში გაიმართა ტ-ს პირველი საღამო. ტ-ძემ პირველად ამ საღამოზე წარმოსთქვა ლექსი ორიგინალური კილოთი მელოდიურ, ოდნავ სიმღერის ჰანგით, რასაც შემდეგ სხვათაც მიჰბაძეს. 1912-14 წ. თანამშრომლობდა ყველა ქართულ სახელოვნო გამოცემაში. 1914 - გამოვიდა მისი ლექსების I ტომი; 1922-24 წლებში სცემდა ჟურნ. „გალაკტიონ ტაბიძეს“; 1922 წელს ხელმძღვანელობდა „ლომისს“. მისი ლექსების კრებული გამოსცა სახელგამმა 1927 წელს. 1927 წ. ივნისში გამოვიდა მისი სახელობის გაზ. „გალაკტიონი“, ერთი საგანგებო ნომერი, რომელიც სავსებით ტ-ძის სამგოსნო შემოქმედების დახასიათებას ეხება. მრავალ ლირიკულ ლექსთა გარდა, აქვს პოემები „ჯონ რიდი“, „რევოლუციური საქართველო“ და სხვ. ტ-ძის უწმინდესი დანიშნულებაა ხელოვნება, განსაკუთრებით პოეზია, და თითქოს ყველას შეჰღაღადებს: „სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა, პოეზია უპიველეს ყოვლისა...“ მისწრაფება - თავისუფლება, სამშობლოს კეთილდღეობა და მსოფლიო ბედნიერება: „რა გინდ საშინელ ცეცხლში ვდნებოდე, მე ამ მონებში ცხოვრება არ მსურს, არ მსურს, რომ მათში მეც ვითვლებოდე, გთხოვ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო, სადაც მალხენდა ოცნება ყრმობის, სადაც არ ვგრძნობდი, რას ნიშნავდა ფიქრი სირცხვილის, ფიქრი მონობის“... მისი რწმენით, მხატვრული ემოციის მისაღებად უმთავრესი ძალაა პოეზია, მუსიკა. რითმა და სხეული მეორეხარისხოვანი საქმეა. ძვირფასია ყოველგვარი ხელოვნება (რეალისტური, სიმბოლისტური), თუ იგი ნამდვილი ხელოვნებააო. მწერალ-კრიტიკოსთა დახასიათებით, ტ-ს „პოეზია ბუნებრივი ჩანჩქერია, წმინდა და ანკარა, რომელიც უცხო და სურნელოვან ყვავილებს გვერდით ჩაურბის... ლექსების თვითეული ბწკარი ჩამოკვეთილი სახეა. მღერის, წკრიალებს, ხან კისკასებს, ხან ჰქუხს, ხან ბზინავს, ციალებს, როგორც განთიადზე, ავდრის შემდეგ, პირველი უმანკო სხივი. ხან შავის ძაძით და თალხით იმოსება, მაგრამ მაინც მომხიბვლელია და საყვარელი... ნიადაგი ცხოვრებაში აქვს, ერთ შკოლას არ ეკუთვნის, ყველაფერი მასშია ახლად გარდაქმნილი ახალ თემაზე“ (ს. შანშიაშვილი); ტ-ძე „ქართული ლირიული პოეზის შვენება და სიამაყეა... ბედმა მას დააკისრა ყოფილიყო გამომსახველი, გამომთქმელი იმ ადამიანების სულისკვეთების, რომელთა შორის იგი იყო“ (დ. კლდიაშვილი). ტ-ძე „ჰაეროვანი ციაგი ნაზთა გრძნობათა, განცდათ წალკოტი, პირდაპირად ყვავილით სავსე, მგრძნობიარე ქართველი სული - შუქთამფენელი... მთელი ლაშქარი საარაკო სახეებისა. ულეველი სხვადასხვაობა“ (ვ. ბარნოვი). ტ-ს "პოეზია მომხიბვლელი და სხივოსანია“ (ვ. გუნია). ტ-ძე „დიდი პოეტია. უდიდესი განცდებით და უნაზესი გადმოცემებით“ (განდეგილი). ტ-ძის „პოეზია ფერადია ვით ზიზილა ყვავილებით შემკული მინდორ-ველი ჩვენი მშვენიერი ქვეყნისა... ტკბილია ვით დედის რძე, წკრიალაა - ვით ციდან მონასმენი ზარის რეკა, პოეზიაა ყოველი დროისა“ (ია ეკალაძე); „ასეთი ლექსის მრავალფეროვანება, ლექსების სილამაზე ქართული ენის სინარნარე და სიკეკლუცე არავის უნახავს“ (ზ. ჭიჭინაძე); ტ-ძე „რეაქციის სუსხიანობაშიაც კი სჭვრეტდა რევოლუციის ხანძარს და სწამს, რომ რევოლუციის ცეცხლი მთელ ქვეყნიერებას ხანძრად უნდა მოედვას“ (თ. ბეგიაშვილი); „ტ-ძე, მოუსვენარი, მგზნებარე, ღვთაებრივი ნიჭის ბუნტარი, პროტესტანტია, რომელიც ზეკაცებსაც კი ომს უცხადებს“ (გრ. საქარიქედელი); „სევდა მისი ღრმაა და იდუმალი, განცდა მისი ძიებაა გარდუვალი, მარადიული, ტანჯვა მისი გაორებაა სიცოცხლის ცხოველმყოფელი მისწრაფებით გადაბასრული... მისი სევდა მუდამ ხალხია, მუდამ ხალხისთვის აშლილი, მუდამ ხალხის ბედით გამსჭვალული“ (ნარკანი-კურდღელაშვილი); ტ-ძემ „შეჰქმნა ფორმები, რომლიდანაც შკოლები და მიმართულებები უნდა გამომდინარეობდეს... ტ-ძე ქართული ლექსისა და სიტყვის შემომქმედია, სტილის უდიდესი ოსტატი... ტ-ს პოეზიაში ლექსები ატარებენ საიდუმლოზე უსაიდუმლოეს შინაარსს... მისი პოეზია მრავალფეროვანი და მრავალთემიანია... მასში ღრმა განცდებითაა მოცული რევოლუცია... უიმედობისა და სასოწარკვეთილების ელემენტები მასში ნაკლებია, ეს არის პოეტი, რომელმაც გადაიტანა ტრაღედიის მოზღვავება, გაიგო სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა და მაინც სდგას ლამაზ ცხოვრებაზე და იმედებზე მეოცნებე რაინდი... მისი მსოფლშეგრძნობით: ცხოვრება არის საყვარელი იმიტომ, რომ იგი იძლევა ისეთ ტანჯვებს, რომელნიც სილამაზის განცდის საშუალებანი არიან. მისაღებია ცხოვრება იმიტომ, რომ მასშია ის სევდა, რომელსაც მოაქვს პოეტისათვის უსაზღვრობისა და მარადისობის იდეის არსებობის გრძნობა... ტ-ს სახით დადის საქართველოში პოეტი, რომელშიც მადლი ქართული მიწის და ცისფერი ცის გადმოსულა. ეს სახე ტ-ში გამოქანდაკებულია უდიდესი ლირიკოსის ხელით“ (კაიუს პელი - გაიოზ იმედაშვილი); „გ. ტ-ძე უფრო და უფრო ძლიერად სძლევს თავის თავში წვრილბურჟუაზიულ ინდივიდუალისტურ წარსულს... თავის შემოქმედებით აქტიურად ებმება სოციალისტურ მშენებლობაში და იმსჭვალება მისი კონკრეტული ამოცანებით... დღეს მისი თემებია, რომლებიც უშუალოდ ეხება უკლასო სოციალისტური საზოგადოების მშენებლობას“ (შ. რადიანი). ტ-ს კრიტიკული წერილები უძღვნეს: ივ. გომართელმა (სევდის მგოსანი, ტ-ს წიგნშივე 1914 წ.), აკ. პაპავამ (გაზ. „შრომა“, 1914 წ. ივლისი 12), ვ. ყიფიანმა (კრებ. „ცხოვრება და მეცნიერება“), გ. ჭუმბურიძემ, მ. წულუკიძემ, ს. აბაშელმა, ი. არიმათიელმა, მიხ. აბრამიშვილმა, ი. ეკალაძემ, შ. ამირეჯიბმა, ტ. ტაბიძემ, გრ. რობაქიძემ, ფილ. მახარაძემ, ხომლელმა, ალ. წერეთელმა და მრავალ სხვამ. აგრეთვე ლექციების დროს შეეხნენ. რუსულად გამოვიდა მის რჩეულ ლექსთა კრებული, ქართული ლექსების მეორე ტომი გამოიცა 1936 წელს. წყარო: 1. ავტობიოგრაფია, 2. ჩემი ცნობები, 3. პ. ქიქოძე - საბჭოთა მცირე ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 642, 4. შ. რადიანი „კომ.“, 1936 წ., №10.

[1936 წლის შემდეგ]