შუალედი - დან - მდე
 
 


წერილი საბჭოთა მწერლობის ფედერაციას


ამხანაგებო! პირადათ მე, გალაკტიონ ტაბიძე [მე მგონია, არავინ არ მოითხოვს] არ მოვითხოვ თქვენგან და [მისი] თქვენი მემარჯვენე ფრთისაგან, რომელიც სიცოცხლეს უმწარებს ქართულ ლიტერატურას, ფედერაციისაგან 180 გრადუსით გადახრას... [ეს ჩემის მხრით] მე მოვითხოვ, [მისგან მხოლოდ] რომ მას შესწევდეს გამბედაობა - პირდაპირ შეხედოს თვალებში სიმართლეს - რანაირიც არ უნდა იყოს ის. [თორემ რასა ჰგავს... ესაა უდიდესი გამბედაობა: დიაღ, მე ვიმეორებ: პირდაპირ უნდა შეხედო თვალებში სიმართლეს, რანაირიც არ უნდა იყოს ის! რანაირი არის ამჟამად ეს სიმართლე?] კაცს უნდა [შეგწევდეს] გქონდეს ამისი გამბედაობა! [მთელი ჩვენი, ხანდახან ზედმეტი...] ეს ლიტერატურული ომები ხელოვნების სასახლეში, ჟურნალებში, გაზეთებში, სალიტერატურო საღამოებზე მიდის ერთი [ნიშნის ქვეშ] ლოზუნგით - უნდა შეგწევდეს გამბედაობა, [მოდი, ამხანაგებო, შევხედოთ ეხლა თვალებში სიმართლეს] პირდაპირ შეხედო [სიმართლეს] ჭეშმარიტებას თვალებში, რანაირიც არ უნდა იყოს ის. [თქვენ კი შეგწევთ ასეთი გამბედაობა? 180 გრადუსით გადახრა კი არა და აი, გეტყვით სიმართლეს: აი, რა არის: სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირს აქვს სრულიად უიმედო პოლიტიკა, [ეს არის პოლიტიკა] [მოიგონეთ] პრუტკოვის „რაინდი გრიუნვალდუსის“, რომელიც [ეს გრიუნვალდუსი არავითარს] არ აქცევს რა ყურადღებას გარემო ამბებს -
„Все в той-же позиции
На камне сидит“.

რა შუაშია აქ 180?
ყოველგვარ ამბავს აქვს თავისი პროლოგი [დაჯდა] ჩამოჯდა ეს გრიუნვალდუსი ოდესმე ერთ ქვაზე, და მას შემდეგ ზის და ზის. ვთქვათ, მოხდა კატასტროფა, ციდან ჩამოვარდა მეტეორიტი, ბოლიდი ან მთვარის ნატეხი, გრიუნვალდუსზე (რაინდზე) ეს გავლენას არ ახდენს: „Все в той-же позиции, на [том] камне сидит“. ასე არ ვარგა. ეს პოზიცია კი ყოვლად უიმედო პოზიციაა.
ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის ბედი კი გადაწყდა არა გუშინ, არამედ 1917-ში. მაგალითად, საქართველოში ჟურნალი „მნათობის“ როლი არის ის სიმართლე, რომელსაც პირდაპირ უნდა შეხედო თვალებში. მას ჯერ არ უთქვამს უკანასკნელი სიტყვა, მაგრამ მან ხომ სთქვა პირველი რევოლიუციონური სიტყვა. გრიუნვალდუსს ეს არ ესმის, გრიუნვალდუსს არ უნდა პირდაპირ შეხედოს თვალებში სიმართლეს (ეს გრიუნვალდუსი ან მასხარაა, რომელიც თავს განგებ გვიჩვენებს გამოტვინებულად, ჭეშმარიტება კი აი, როგორია).
[სიმართლე კი, აი, რა არის] ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის ბედი გადაწყდა არა გუშინ, არამედ 1917-ში. ლიტერატურას მას შემდეგ არ უნდა შეშინებოდა არავითარი რეაქციის, არავითარი ძალდატანების, ჩვენ კი გამოვიჩენთ საბედისწერო სისუსტეს. 1917-მა გამოარკვია ულმობელი სიცხადით, რომ მემარჯვენე მიმდინარეობა თავიდანვე თვითონ ცხოვრებისაგან [არის] იყო განწირული [მისი], თვით ცხოვრება კი შეუბრალებლად და უგულოდ ნამდვილად გადაიხარა 180 გრადუსით. იგი შეუჩერებლად მიეშურება მსოფლიო რევოლიუციისაკენ. თქვენ კი ამ მიმდინარეობამ ქრონიკული ალიანსებით და კომპრომისებით სუსტი (ხანდახან ავანტიურისტული) ხელმძღვანელობის ხელში, მიგიყვანათ გადაჩეხვამდე. ეს არის სიმართლე, რომელსაც პირდაპირ უნდა შევხედოთ თვალებში! ახალი ლიტერატურული ისტორიის დიალექტიკა [დაბადა ჟურნალი „მნათობი“], მისი ინტერნაციონალური იდეოლოგია - კი მოითხოვს, რომ ხელი შევუწყოთ შინაგან გადახალისების ორგანიურ პროცესს, [ვინც] ზოგი კი ჯიუტად იცავს თავის დანგრეულ პოზიციებს, და ამით ხელოვნურად აყვავებს პროცესს რევოლიუციონურ ლიტერატურულ ჯგუფთა გაერთიანებისას; ბოლოს ხომ მაინც იძულებული [იქნება] გახდება აღიაროს თავისი სრული უძლურება ინტერნაციონალური იდეოლოგიის [ბრძოლაში] წინაშე. ეს [კი] იქნება [ისეთი] სიმართლე; [არავის არ არგებს] რა დროს ერთი და იმავე ადგილის ტკეპნაა, [მაშინ, როდესაც] რატომ აბნელებთ პერსპეკტივებს? [განუზომლად ნათელია:] ინტერნაციონალური იდეოლოგია! ამ იდეოლოგიას დიამეტრალურად ეწინააღმდეგება [მაგრამ] ნამდვილად საშინელი სიმართლე, მემარჯვენე მიმდინარეობა.
[ფაკტიურად] რისგან შესდგება ეს მემარჯვენე მიმდინარეობა. იგი შესდგება ნამსხვრევთა ნამსხვრევებისაგან. [ეს არის მიმდინარეობა] [ადამიანები] იგი შესდგება რევოლიუციის მიერ შეურაცხყოფილი კლასებიდან, რომელთაც დაჰკარგეს მშვიდობიანობა და სოციალური მდგომარეობის წონასწორობა.
ეროვნული ინტერესები აქ არაფერ შუაშია, პირდაპირ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური სიყალბე და ისტორიული უნიადაგობა. მემარჯვენეობა ისე იჭერს თავს, როგორც ძველი გვარდია ვატერლოოსთან, რომელიც ჰკვდება, მაგრამ არ ნებდება [წარმოდგენილი მაქვს, როგორ იცინიან] ამის შემხედვარე სიცილით ჰკვდებიან უკვდავი ღმერთები ოლიმპის, ეს [კლასიკური] აკადემიური, მაგრამ ღრმად პროვინციალური კომიკები. [ისინი, ალბად, ხედავენ, რომ თვით ცხოვრება გადაიხარა 180 გრადუსით. შეიძლება ჩვენ მეტისმეტად ვეჭვიანობდეთ, მაგრამ ერთი კი ნამდვილია, რომ ჩვენი გზები დაშორდნენ ერთი მეორეს. შეიძლება ჩვენ [ვეომებით] ხელოვნურად ვაცოცხლებთ აჩრდილებს?] მაგრამ ეს აჩრდილები ყოველთვის იგვიანებენ. ჩვენთვის კი დრო ბევრ რამეს ნიშნავს. არა, ნამდვილად არ შეიძლება დიდხანს ყოფნა ასეთ სუმბურულ მდგომარეობაში. [დრო შეუბრალებლად და უგულოდ].
მართალი იყო გეგელი, რომელიც ისტორიული ბედის ცვალებადობაში ნახულობდა [ბეჭედს, დაღს] „მსოფლიო წარმმართველი აზროვნების სიცბიერეს“.
ჩვენ გვინდა მდიდარი, ბრწყინვალე, გრანდიოზული, დიდებული ლიტერატურა!! [ჩვენ მისკენ მივისწრაფით] ამიტომ იბრძვის ჩვენი ახალგაზრდობა ყველა საშუალებებით. [მსოფლიო რევოლიუციის სახელით] იგი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და „მსოფლიო რევოლიუციის სახელით“ ანადგურებს ყოველივე ძველს. ასაფეთქებელი მასალები კი მას საკმარისად მოეპოება, ჩვენი ლიტერატურა შევიდა თავისი განვითარების ახალ [ფაზაში] ხანაში, რომელიც...

[გაზეთი „კომუნისტი“, 96, 1930]