შუალედი - დან - მდე
 
 


ქართველი მწერლების საყურადღებოდ


„ჯენტლმენი ზესტაფონიდან“ - ვერ მიხვდებიან?

გალაკტიონ ტაბიძე.

ქართველი მწერლების საყურადღებოთ

Евфемизм – стремление придать речи возможное благозвучие.
რევოლიუციონური სალამით გალაკტიონ ტაბიძე.
თანამედროვე ქართული [ენა] მწერლობა სავსეა არა მარტო უეცარი გრამმატიკული შეცდომებით, არამედ საშინელი ვულგარიზმებითაც. ლიტერატურაში შემოიპარა „სულ უკანასკნელი სიტყვები“-ც. ამის წინააღმდეგ მიღებული უნდა იქნას რაიმე სპეციალური ზომები. ამ ზომების მიღებას გვიკარნახებს ქართული მწერლობის პრაკტიკული სტილისტიური ამოცანები. უამისოდ ეს „უკანასკნელი სიტყვები“ თუ სავსებით არა, საგრძნობლად შეაფერხებს კულტურული რევოლიუციის ამოცანების შესრულებასაც; [მით უმეტეს, რომ „სულ უკანასკნელი სიტყვები“-ს ავტორები მოკლებული ყოველგვარ თვითკრიტიკულ უნარსა და...]
[ამხანაგებო! ჩვენ გვსურს თქვენი ყურადღება მივაქციოთ] ვინაიდან ვერავითარი კულტურული საქმიანობა ვერ წაიწევს წინ, თუ ეს საქმიანობა იმოსება უკულტურო, „სულ უკანასკნელი“ სიტყვების [გვერდით?] ლოზუნგებით. ამიტომ საჭიროა [ქართულმა მწერლობამ მოახდინოს ერთგავრი „თვითკრიტიკა“ - აი, რა არის თავი  და თავი]. რამდენიმე ასეთი პირის ლიტერატურული ზრდილობის გაკვეთილები. მიეცეს, ვინაიდან ბევრს [სულელს] ამ „სულ უკანასკნელი სიტყვების“ თქმა - რევოლიუციონერობა ჰგონია, და რადგან ერთხელვე არავინ დაუშალა, სულ უკანასკნელი სიტყვები სპეციალობად გაიხადეს. თუ გაზეთის ტირაჟმა მართლა 70 ათასს მიაღწია, ადვილი წარმოსადგენია, გაფრთხილებული უნდა იქნან რედაქციებიც. აი, რა არის თავი და თავი.
აი, მარგალიტები პ. მ. საყვარელიძის წერილიდან: 1. სანდრო შანშიაშვილს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, „თავს გაუდის“; 2. თუ „არიფიონს“ შეძენილი აქვს მეტყველებისა და ხილვის უნარი, ესეც დიდი ბარაქა იქნება“; 3. „ქალი კომუნისტურ ჭკუაზეა; ვაჟები უფრო „დარბაისლად“ მსჯელობენ, დაახლოვებით ისე, როგორც თვითონ ავტორი“ (ე. ი. ...შალვა დადიანი!); 4. უკაცრავად მართლის დაურიდებლად თქმისთვის, ასე უგნურად გამოჰყავს თავის მოთხრობაში... (შალვა დადიანს); 5. „პირდაპირს სახალხო ჯანმრთელობის კომისარიატს გადაუგზავნიან“ (შალვა დადიანის პროეკტებს) (ვინ გადუგზავნის?). 6. ერთი  მიბრძანეთ, რა ოხრობათ უნდა... 7. ჭიჭინაძეს კიდევ აქვს ორი ლექსი, მაგრამ არც  ერთში არაფერი არ ჰყრია ისეთი; 8. კარგი ხელობაა, ღმერთმანი; 9. უნდა განახვათ, როგორი სიამოვნების ნერწყვი ადგია ენაზე ჯავახიშვილს... რა მახინჯად და შავრაზმული ენის სისინით არის არეული; 10. დიდის საქმის მკეთებელ ხალხს სიბინძურისა და აყროლებული წუმპის გუბე გადაასხა თავზე ჯავახიშვილმა. ასეთ შემთხვევაში ითქმის: „კოკასა შინა რაცა სდგას, იგივე წარმოდინდებისო“; 11. არის ერთი წყება მეტყველებისა და ხილვის უნარით  აღჭურვილი ხალხი, რომელიც იკვებება ზოგის უგუნურებითა და ზოგის უტიფრობით. ამ მეტყველების აყროლებული ორმო, რაც ჩქარა ამოივსება, მით უკეთესია; 12. არ ვარგა, როდესაც ადამიანს არაფერი ესმის; 13. დაუკვირდით ამ სრულებით ხეპრეთ ნასროლ სიტყვებს (გერონტი ქიქოძის შესახებ) და სხვ. და სხვ. (ჩვენ ამოვიღეთ მხოლოდ შემთხვევით შეხვედრილი სიტყვები). კომენტარიები ზედმეტია! ეხლა ჩვენ ვიცით, რა ჯურის კორესპონდენტთან გვაქვს საქმე! აქ მ. საყვარელიძემ ნიღაბი ჩამოიხსნა და საზოგადოებას აჩვენა თავისი [„კულტურული“] ჯენტლმენური, ზესტაფონური [რევოლიუციონური] ფიზიონომია, და თავისი საკუთარი სულიერი ალფაბეტიდან... [და] ასეთი სტილის პატრონი  დიდი ხნის განმავლობაში რედაკტორობდა გაზეთ „მუშა“-ს და მონაწილეობას იღებდა სხვა კულტურულ საქმიანობაში. ასე რომ, ჩვენ ის შეგვიძლია ავიღოთ „ახალი ადამიანის“ ტიპად, რომლის აღმოჩენასაც, სხვათა შორის, მიზნად ისახავს არიფიონი - ე. ი. „სულ უკანასკნელი სიტყვები“-ს ტიპად. როგორც იცით, ეს „სულუკანასკნელიზმი“ მთელი ლიტერატურული მიმდინარეობაა (და მისი წარმომადგენელია პ. მ. საყვარელიძე, მან ამ თავისი მშვენიერი [იდეებისთვის] პროგრამით შეჰქმნა საკუთარი ორგანო, ჟურნალი „ტარტაროზი“ და გაზეთი „მუშა“, სადაც ფართოდ გაშალა თავისი იდეები, „სულ უკანასკნელი სიტყვებისა“, როგორც გადმოგვცეს, ამ სიტყვებს ზედ მიაყოლა მუშტი-კრივიც, დაერია თავის საკუთარ თანამშრომლებსაც. [ამგვარი „მოღვაწეობისათვის“, რამაც მთელი ტფილისი ააშფოთა. სადაც ჯერ არს, იქ, ალბად, იგრძნეს]. საქმე მისულა მუშათა და გლეხთა ინსპექციამდი, პარტიის ცენტრალურ კომიტეტისადმი, მთავრობისადმი და სხვ.) და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მას, რამდენათაც, როგორც ვთქვით, გვაინტერესებს ქართული მწერლობის პრაკტიკული სტილისტიური ამოცანები, რადგან უმთავრესად სწორედ ამაშია ხელოვნება ზრდილობიანი და რიგიანი სიტყვა-პასუხისა და ლიტერატურული  ურთიერთობის.
არ არის საჭირო დიდი შრომა იმის დამტკიცებისათვის, რომ პ. მ. საყვარელიძე ექცევა ურიგოთ, და უწესოდ არა მარტო იდეებს, არა მარტო პიროვნებებს არიფიონის ჯგუფიდან, არამედ თავის პარტიასა და [თან მისი] თანამშრომლებს, გაზეთის მთელ მკითხველ საზოგადოებას, ამიტომ, რაც უფრო ადრე [შესწყდება] იქნება დაცული ქართული მწერლობა ესეთი ხულიგნური ქვების სროლისაგან, მით უფრო გაადვილდება ყოველგვარი კულტურული რევოლჲუციის ამოცანები.
პ. მ. საყვარელიძემ, ალბად, არ იცის, რომ მკითხველი მასსის [რომელიც კითხულობს მის ნაწერებს] წინ ასეთი სიტყვების თაიგულით, იგი სდგას თავის „ნამდვილ და რეალურ სახით“, თავისი ინტიმური ცხოვრებით, თავისი ოჯახით და სხვ. და სხვ. ერთის სიტყვით, ასე თავისუფლად, [დაუფიქრებლად] რისხვითა ან სხვა] რაიმე აფექტის დროს დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვებით [დროს] იგი იძლევა, ასე ვთქვათ, თვითდახასიათებას. შეიძლება სწორედ ასეთი კვიცების შესახებ აქვს საუბარი გერონტი ქიქოძეს. უთუოდ თავის ყოფაში, თავის პირად ცხოვრებაშიაც იგი სარგებლობს ასეთი „სულ უკანასკნელი“ სიტყვებით, რადგან ასეთი სიტყვები ერთგვარი „ფოტოგრაფიული სურათია“ მათი მეტყველების და ხილვის.
ჩვენს წინა სდგას უზრდელი, მართლაც, ხეპრე, თავისთავზე დიდი წარმოდგენის, ყოყლოჩინა, ძლივსძლივას რამდენიმე კულტურული სიტყვის მცოდნე, პატარა, ძალიან განსაზღვრული ჭკუის მქონე კაცუნა. მან სულ რამდენიმე უზრდელ სიტყვაში [გამ.] სთქვა თავისი თავი; იგი ამბობდა არიფიონის შესახებ, და უფრო მეტად თავისი თავის ისტორია - გამოაცხადა.
ასეთია სიტყვის მნიშვნელობა: სიტყვა უნდა იქნას აწონილი და მოფიქრებული.
ეს ყველაფერი მან სთქვა ერთ ფელეტონში. წამოვიდგინოთ, ამ სიტყვების მიხედვით, რა იქნებოდა პ. მ. საყვარელიძის „თხზულებათა სრული კრებული“. მაგრამ რაკი ამ წერილით, ჩვენ გვგონია, საკმარისად გამოაშკარავდა საყვარელიძის „ლიტერატურული“ ფიზიონომია, მუშათა და გლეხთა ინსპექცია მიიღებს ზომებს.

1. რევოლიუციონერობა არაა, რომ ვერავის ვერაფერი გაუგიათ.
2. სულ უკანასკნელი სიტყვები (ასსარ-ბასსარიზმი).

1928 წელი