შუალედი - დან - მდე
 
 


პოეზია უპირველეს ყოვლისა


გალაკტიონ ტაბიძე. „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.

წერილი დაწერილია 1921 წ. იგი 1921 წ. დამლევს წაკითხულ იქნა მწერალთა კავშირის კრებაზე და მქუხარედ დაჯილდოებული. გადაწყდა, ეს წერილი დაბეჭდილი ყოფილიყო, როგორც სახელმძღვანელო წერილი, ჟურნალ „ლომისში“. დაიბეჭდა ლომისში, №1, 1922 წ. იანვარში.

1921 წ., გალაკტიონ ტაბიძე.

გავიარეთ 1921 წელი, ეს ფანტასტიური კიბე მრავალი საბედისწერო და საშიშარი საფეხურებით. ქართველმა პოეტებმა მაინც იგრძნეს фონი, რომელზედაც უნდა ჩატარებულიყო ჩვენი ახალი ხელოვნების დიდი მისტერია. მივდიოდით რა მომავალ საუკუნეთა დღესასწაულზე, გვევალებოდა ყოფილვიყავით მათი პლანეტარული ქაოსის ნამდვილი გამომხატველი - ერთის მხრით. და ნაციონალური სახეების მძებნელნი მეორეს მხრით. გასული წელიწადი არ იყო სანატრელად ტკბილი, რომ ენაზე დაედნო რომელიმე მეათე საუკუნის წელიწადს, მაგრამ არც იმდენად მწარე იყო, რომ მის მოახლოვებისთანავე ტკივილებით გაბრუებულვიყავით. ჩვენც ისე, როგორც მთელმა კაცობრიობამ განვიცადეთ ეს ტკივილები, რომ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობის დროს შევიძლოთ მისი სიტყვა-უთქმელად ატანა. გასული წელიწადი დემონიურად მიუძღოდა წინ მრავალ სამგლოვიარო პროცესიებს და აქ, დიდი მწუხარების გამო, ხშირად გივიწყებდა შენ, პოეზია, საკუთარ თვალს მომავლისაკენ. 1921 წელს აკლდა ეს ცალი თვალი, მაგრამ ის მან განგებ დაიბრმავა, რათა მეტი სიძლიერე მისცემოდა მეორე თვალს; ამნაირი გარეგნობით იგი ნამდვილი მეფისტოფელი იყო მარაოებით მოსიარულე რომანტიულ, ფერუმარილიან სხვა წელიწადთა შორის. ქართველმა პოეტებმაც ყველაზე კარგად იცოდნენ, რომ ბედნიერების მოსაპოებლად სრულიად საჭირო არ არის ყველა გამვლელსა და გამომვლელს ასიამოვნო. გვეზიზღებოდა ყოველგვარი შემთხვევითი საქმე, რადგან  მრავალი გამოცდილებით დავიტვირთენით, გონება-მახვილი ერუდიტები შევიქმენით. მართალია, შეუბრალებელი მოსამართლე ვიყავით წარსულის, და სასჯელისთვის ვქმნიდით სრულიად ახალ კანონებს, მაგრამ ვცდილობდით არ დაგვეტოვებინა სამართლიანობის საზღვრები. წარსულის მიერ დალუქულ ძვირფას ფოლიანტებს არ ვხსნიდით, არ გვინდოდა მათი შეურაცხყოფა, მაგრამ ლუქახსნილ რელიკვიებს არასდროს ხელახლა არ ვბეჭდავდით. პოეტები სვამდენ საუკეთესო ღვინოს, წარსულისაგან გადარჩენილს, მაგრამ თვალყურს ადევნებდენ თავიანთ თავს, რომ ღვინო არ მოჰკიდებოდათ; მათ ყოველთვის ახსოვდათ მოვალეობა და აწუხებდათ მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩვენი საუკუნე არც ვალებს იხდის, არც თავმდებად უდგება ვისმეს მევალეების წინაშე. აი მე-XIX საუკუნეც: მან მე-XX საუკუნეს საჩუქრად მოართვა მხოლოდ ერთი გამხდარი ცხენი, ჩვენს საუკუნეს კი გაქანებული მერნები - ლურჯა ცხენები - სჭირდება. ეხლა ეს მერნები დგანან ახალი ეპოქის კარებთან და უცდიან გაბედულ მხედრებს. საქართველოში მხოლოდ ეხლა გვიახლოვდება სივრცე, შემოკლებული გიგანტიური ნაბიჯებით; რადიო, უმავთულო ტელეგრაფი, აერო, ავტო! მათი საშუალებით საკითხი, რომელიც ეხლა ირჩევა ვერსალში, სამკვდრო-სასიცოცხლოა საქართველოსთვისაც. იგია ფონი, რომელზედაც საქართველოს ახალი პოეტი და ახალი გმირი შეჰქმნიან ახალ სიმღერებს, ახალ პოეზიას.
აქ პოეზიისათვის გაშლილია მეტად დიდი ასპარეზი. წარსულს ნურავინ თვლის უმნიშვნელოდ დაკარგულად: იმ უძველეს ღვინოსავით გამომდგარი ტრადიციის საფუძვლებზე, მასში ჩაცვენილ ნაძირალების ქიმიურად განადგურების  შემდეგ შეიქმნება ახალი პოეზია, ძველი რომანტიზმის - განახლებული სულით (რომანტიზმი ყოველთვის იყო, არის, და იქნება ხელოვნების ერთ უმთავრეს თვისებად). მოიფინება იგი მუსიკის სინათლითა და ფერადებით, აივსება ახალგაზრდული ძლევამოსილებით. მართალია, ჩვენმა დღეებმა არ იციან ნიუანსები, მაგრამ თანამედროვეობა აქანდაკებს თავის ხელოვნებას უშიშარი ხელებით, რომელიც გააოცებს ქვეყანას უდიდესი გმირობისა და რაინდობის მაგალითებით. ჩვენ ყოველთვის ყოფილვართ ხალხთან, მაგრამ მომავალში მეტი სითამამით უნდა ვტრიალებდეთ ხალხში. იქ დაგროვილია უმრავლესი გრძნობები: წყურვილი სიყვარულის, წყურვილი ოცნების. ჩვენ მივსცემთ ხალხს ყველაფერს კეთილშობილურს, ახალ ეთიკას, ახალ წინასწარმეტყველურ განათებას პრობლემებისას, ჩვენ იქ მოვნახავთ ახალ ადამიანებს, რომელთაც ეზიზღებათ ყოველივე არაესტეტიური და მახინჯი, სწყურიათ თვითონ გადიქცნენ ხელოვნების ნაწარმოებად. ჩვენი დაახლოვება ხალხთან გვიჩვენებს, როგორი სიხარბით ეწაფება იგი ყოველგვარ მხატვრულ სიტყვას. ხალხის სახელით, ჩვენ უნდა უარვყოთ კაფეშანტანების პოეზია; იგი დამახასიათებელია საშინლად დაცემის მდგომარეობის ხანისა, დეკადანსის. აქ პოეზია ხდება „სკანდალების“ ხელოვნებად, ისეთი ხალხის გამართობლად, რომელთაც არავითარი მორალური იდეოლოგია არ ახასიათებს. სრულიად უნდა გავთავისუფლდეთ აგრეთვე იმ კონსერვატიზმისაგან, რომლითაც ნაწილობრივ შებოჭილია თანამედროვე შეგნება პოეზიის. უნდა მოინახოს ახალი რიტმი  სიტყვის მოძრაობისათვის - და ერთი წამითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართულ პოეზიას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ისტორიული პროცესი. გასული წლის განმავლობაშიაც შფოთიანი საქართველო ოცნებობდა იმ დროზე: როდესაც მას შეეძლებოდა ცხოვრება პოეზიის უმძაფრესი ცხოვრებით, ამქვეყნიურ სიმდიდრეთ ჩასთვლიდა თავისსავე სულს და იქნებოდა დასახლებული მხოლოდ ღირსეულებით. ამნაირად, იგი არ ეძებდა მას, რისი მოპოებაც შეუძლებელი იყო: ნამდვილი პოეტები იყვნენ ხალხში, და იცოდნენ, წინასწარვე გაზომილი ჰქონდათ თავიანთი მიზნები, შედიოდენ რა ახალ ტაძარში, არ ცდიდენ მას, რაც დაცდილია, რასაც ამბობდენ სიტყვით, ასრულებდენ საქმითაც და ყველაფერი ნათლად ამტკიცებდა ასეთი გამოსვლის თანამედროვეობას. საუკუნე მომწიფებულია მათთვის, ვინც მიდის ხალხში, საუკუნე გათენდა მათთან ერთად და მათთანვე ჩაესვენება.
ქართველ პოეტებს სწყუროდათ მსოფლიო ხელოვანთა შეერთება: სურდათ, ემღერათ ხელოვნების მსოფლიო ინტერნაციონალი, რომ ამ კოსმოპოლიტური მესსივით წაეშალათ საზღვრები გუშინ და დღეს მეომარ ერთა შორის. ეხლა ეს მორიგ საკითხთაგანია.
ქართველ პოეტებს ისე, როგორც ყოველთვის, არც გასული წლის განმავლობაში აუღიათ უღირსთაგან გადმოსროლილი ხელთათმანი.
რადგან საუკუნეების განმავლობაში თვლიდენ სიამაყეს სიკვდილზე უმაღლესად, დიდებას ამა სოფლისას თვლიდენ ამაოებათ და ახსოვდათ მხოლოდ დიდება მარადისი...

„ლომისი“ №1

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის
ყოველკვირეული სახელოვნო სალიტერატურო ჟურნალი
1922 წ., ტფილისი