შუალედი - დან - მდე
 
 


ხვამლი


შორს, ძლიერ შორს, ჩვენი დიდი მეფის ჭალების დასასრულს იქ, მოსჩანდა ხომლი. ვეებერთელა კლდოვანი მთა, არა, ეს ჩვეულებრივი მთა [არ] როდი იყო: იგი ხან ვეებ[ერთელ]ა ხომალდათ მეჩვენებოდა, მხოლოდ ეს ხომალდი არსად არ მისცურავდა, არავითარ ტალღებს არ [ეჯახებოდა] მიარღვევდა, არავითარ [ქარიშხალს] გრიგალს არ ებრძოდა, არც სხვა ქარტეხილს, არც ქარს, არც ცას. [ეს მაღალი მთა] იდგა [გაყინული] გარინდებული ერთს ადგილს, ერთს სივრცეზე, ერთს მომენტზე, მიჯაჭვული იმ ცის ერთს წუთზე - რომელსაც ნამდვილად წუთი კი არა, მარადისობა ეწოდება. ბავშობიდანვე ვიცნობ მე ამ მთას, და არასოდეს მის მაღალ კალთებზე თოვლი არ დამინახავს, ზამთარშიაც კი, როდეს მას იქით მდგარი კავკასიონის გრეხილი, მე ვიცოდი, რომ ამ ბუმბერაზ კლდეს ხომლი [ერქვა] ეწოდებოდა. მის იქით იწყებოდა სვანეთი. ო, როგორ მიზიდავდა მისი ლაჟვარდოვანი სიშორე, როგორ მხიბლავდა მისი იდუმალებით მოსილი სიმძიმე, მისი ზეცაში ატყორცნილი ჰაეროვნება და მისი დიდზე დიდი საიდუმლო; ო, მე ოცნება მიზიდავდა, ხომლის ღრუბლებისკენ. მხიბლავდა მისი დილა, შუადღე, შემოღამება და ღამე. და მეძახდა, მეძახდა, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მეძახდა ხომლი. „რად მეძახდი, ხომლო, რად [გინდა ჩემგან] მიწვევდი, ხომლო, ჩემი ცხოვრების უღრუბლო დილის, ჩემი ქარიშხალში გატარებული ცხოვრების შუადღეში?“

[1930-იანი წლები]