შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზევიდან ბრწყინავს ცა წმინდა...


ზევიდან ბრწყინავს ცა წმინდა,
ქვევით მთებია და ჭალა,
გაფრინდა, აჰა, გაფრინდა!
სივრცეში ფრთები გაშალა!

სიმაღლეს დაედარება
სილაღე იმა ფრთებისა,
დროშათ ამაყად ტარება
დიდების, გამარჯვებისა!

სად ბაზალეთი ოდნავ სჩანს
და იქ აკვანი ნარწევი,
მას უსწორდება კარგა ხანს
თავისუფალი არწივი.

ხმა ესმის ხმამოყივარსა,
თვალნი ცეცხლივით იალებს,
დიდებულ მთასა მყინვარსა
ასცილდა და იქ ტრიალებს.

დაბლა ყვავ-ყორანთ გზა-ჭრილი
დღეები სავსე ტანჯვებით...
ოდესმე მძიმედ დაჭრილი
აწ მტერს დააცხრა კლანჭებით.

დრო მაინც მიმავალია,
ასე მიგრძვნია მე სოფლად...
მას აგონდება გალია
და ბაიყუში მეზობლად.

იქ, სადაც ძველი მუხაა,
დიდებით მხარაღმართული,
იყო ყიჟინა - ჰკა მაგას!
არწივთ ხმა. ჩვენი. ქართული.

და მთებზე გადაფრენილი
არწივი ხმებს მიაყურებს,
იქ, სადაც ძველი ნანგრევი
ძაუგის არეს გაჰყურებს.

უდაბნოა თუ მთა-ველი,
რაც სხვისი ანუ ჩვენია,
შეუცნობ-შეუსწავლელი
ომს ერთიც არ დარჩენია.

იმ ნიშნებს, ხაზებს, ფერადებს,
რომ რთავენ გეგმებს და რუქებს,
კვლავ გამარჯვება ანათებს,
კვლავ გამარჯვება აშუქებს.

იქ ერთი მძაფრი ხაზია,
ზღვათ ორთა შუა მდებარე,
იმისი დიდებისათვის
ბევრი დაეცა მგზნებარე.

დააკლეს გმირთ თავი თვისი!
არწივთ სცან გაბედითება!
მათ უსპეტაკეს-ფაქიზი
და მარადისი დიდება.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]