შუალედი - დან - მდე
 
 


წიგნები ხალხს


ჩვენი ასოთამწყობი
მხნე და გულით მართალი,
დგას მტკვრის სანაპიროზე,
როგორც მთავარსარდალი.

ხშირად გამახსენდება,
ოცნებავ პირდაპირო,
ექვსი სხვადასხვაგვარი
და მძაფრი სანაპირო -

შოთას, გურამიშვილის,
და სივრცედ გულგაშლილის
ილიასი, აკაკის,
ვაჟას, ბარათაშვილის!

აგერ მოყმე იგი ზის
და მას უსმენს მთა-ველი:
სანაპიროდ უკვდავი
ჩანგით ჩანს რუსთაველი.

აგერ საგურამოა...
ტყვეობა და შიმშილი...
სანაპიროს - ჩანგით დგას
დავით გურამიშვილი.

აგერ მიჰქრის მერანი
მძაფრი, ფაფარაშლილი:
სანაპიროდ დგას ჩანგით
მძაფრი ბარათაშვილი.

აგერ, დიდი კაკლის ხე,
სად ლაღად გაშლილია
სანაპირო, რომლის გზით
მოდის დიდი ილია.

აგერ სანაპიროა,
სადაც ტოლ-ამხანაგი
„მოდინახეს“ გასცქერის
და ჩანგი ჟღერს: აკაკი!

აგერ (თუ იპოვება
მსგავსი სადმე მთა-ველად),
სანაპირო: სიმღერით
მოდის ვაჟა-ფშაველა!

ასოთამწყობების გზამ
მათზე განაპირობა,
ეპოქა, მისწრაფება,
სივრცე, უნაპირობა.

ვდგევართ სანაპიროსთან,
გვიყვარს აქაურობა,
დღე-ღამეს ჟრჟოლვით ავსებს
შფოთი და ხმაურობა!

ჭალა გამახსენდება
იმ ფაზისს რომ მირონი
სდის, სად ღრმა ხაბოებით
კრთიან სანაპირონი.

აქ დგას სანაპიროზე
ციურ ცვარით ნაბანი
ჩემი ყრმობის ლექსების
მოთაყვანე ლაფანი!

აგერ, პეტერბურგია,
მოაგონებს ის პოეტს
ნისლით ატივტივებულ
ნევის სანაპიროებს!

აგერ, ცხრაას ჩვიდმეტის
ეტლი მოაგრიალებს
გენიალურ თვალების
მისწრაფების სიალეს!

დიდი დროშა ფრიალებს,
დროშა ხალხს გარს იგროვებს,
მოწოდების ფურცლები
ფარავს სანაპიროებს!

აგერ, ზღვის ნაპირების
ლამაზი საფირონი,
კასპიიდან შავ ზღვამდე
კრთიან სანაპირონი!

ჩვენი ასოთამწყობი
მხნე და გულით მართალი,
აქ დგას სანაპიროზე,
როგორც მთავარსარდალი.

არის მთავარსარდალი
ჩვენი ასოთამწყობი,
წიგნთა დივიზიების
საომარად განმწყობი.

მალე ჯარი მედგარი
შევა სიძლიერეში,
მაშინ მთავარსარდალი
გასძახებს: იერიშით!

იბრძვით სანაპიროზე,
მეგობრებო ძვირფასო,
სტამბავ, ასოთამწყობო
და კალამო პირბასრო.

მრავალთ-მრავალ წიგნების
რომ გაშალეთ ალმები -
ძვირფასო მეგობრებო,
გულწრფელად გესალმებით!

თქვენი ხმა წინმსვლელობას
მთელ ქვეყანას აცნობებს...
ვუსურვებთ გამარჯვებას,
ვაშა, ასოთამწყობებს!

[1955 წლის 6-21 სექტემბერი]