შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დეპეშას მიგზავნის გვათუა...


დეპეშას მიგზავნის გვათუა:
„ერთი დღით ჩამოდით აფხაზეთს“.
ოჰ, საქმე საჩქარო რამ თუა,
აქ წიგნებს რა ვუყო, ან გაზეთს?

აქ - ავტოს პრობლემა ჩიხს ხვდება.
კრებული „სამშობლო“ წელში მცრის.
რა ვუქნა მერვე ტომს? - ფერხდება,
გაყინულ წერტილით არ იძვრის.

რუსულად წიგნსა სცემს „ზარია“,
არ იქნა, თავი ვერ მოება.
იქ მუდამ გლოვა და ზარია...
ანგრეულ-აყრილი დროება!

„მნათობი“ რა საქმეს მიპირებს?
ამასაც ხომ მალე გავიგებ.
მიხვდება ირაკლი, იტირებს,
რომ ვწვდები და ფეხქვეშ გავიგებ!

„იზვესტიას“ რომ წერილს დავპირდი,
მაჩქარებს, რა ვუყო ამ გაზეთს?
და ახლა დეპეშაც: „რას იცდი,
საჩქაროდ ჩამოდი აფხაზეთს!“

აჰ, ღმერთო! ასე რომ მაწვალებ,
კანონის რომელი მუხლია?
დავტოვებ ამ თბილისს, სულ წავალ
და ყველას თავში ქვა უხლია!

21 იანვარი, 1951 წ., თბილისი