შუალედი - დან - მდე
 
 


გულით და სულით


რონინი წლების, დღეების, წუთის,
მე მათ სიმღერებს რა დამავიწყებს,
ტოტები ცაცხვის, ტოტები თუთის
მოგონებებით ჟღერას დამიწყებს.
წამიყვანს მაღლა, გამიყვანს გაღმა,
ეს, ჩემო დროშავ, მხოლოდ შენ უწყი!
შემდეგ დაეშვნენ დრონი თავდაღმა
და დროებითი გამეფდა სუსხი.
შენ იტყვი: „რაა ბრძოლაში გული,
მხოლოდ გონება არის სარდალი!“
რა სიბრიყვეა: სავსე და სრული
გული სპეტაკი, გული მართალი
არის მოქმედი სასწაულების:
ის ადამიანს ასწევს, ასრულებს!
მაშ, სადღეგრძელო ასწით გულების
ეს გაუმარჯოს შეუცვლელ გულებს!
იგი პოეტი რა პოეტია -
რითმებს რომ აწყობს ცივად, უგულოდ?
რა უნდა ჩვენში, ვინც ზედმეტია?
სიმღერა გულით დავაგუგუნოთ!

1951 წლის 1 ოქტომბერი
სოხუმი