* * * გორის კულტურის პარკსა შიგან...
გორის კულტურის პარკსა შიგან დიდხანს ვიარე:
არის მასშიგან უდაბური სახლის მსგავსება,
ლიახვის პირად - ღორი ვნახე იქ მწოლიარე,
იქვე ჭაობი დიდის შმორით სთვლემს, იხავსება!
აქ ხალხი არ სჩანს, არის რაღაც სიცალიერე.
წიგნების ნაცვლად ალბომია ვიღაც „მგოსნების“.
ხნოვანი ბაღი დიდხანს, დიდხანს ვათვალიერე.
და ერთი სკამიც აღარა სდგას - მსგავსება სნების.
ხელოვნებაზე აქ ლექციას ვინ წაიკითხავს.
რესტორანს შეხვალ და უთუოდ გაგძვრება ტყავი.
აქ შენ შეხვდები ორ მოხუც ქალს, ორ გორელ მკითხავს.
საქმეც იძახის: ხატიაშვილს გაუხმეს თავი!
1948, 6 აგვისტო