მოხევის ქალი
ალბად ამგვარი, ლამაზი და
წარმოსადეგი,
შთაგონების დროს რომ თვალწინ ედგა
მღელვარე ყაზბეგს.
მის მაღალ მხრებში მაისისას
ვხედავ მე დამდეგს.
ჩვენ გავუსწორდით სერს - ნაბდიანს,
თუმც - კაბინაში
არის მანქანის ხმაურობა
დაუმცხრალ ჟინად.
ქალმა კვლავ ღელვით დაიძახა:
„რა სიმშვიდეა“,
მაგრამ რა ცეცხლი იდგა მწველი
ამ ადგილს წინად.
სული და გულით ყოველივე
ახალგაზრდაა.
იგი წინ მიდის თავდადებულ
ნებით და შრომით.
მოვედით - კიდეც თვითმფრინავი
დაბლა ეშვება...
ვარდ-ყვავილებით მორთულია
აეროდრომი...
[1948]