შუალედი - დან - მდე
 
 


საათი


ორმოცი წლის წინ ასპარეზზე რაც გამოველი,
სამას სამოც დღეს წელიწადი ითვლის ყოველი.
                                  ორმოცი წელი -
თხუთმეტი ათას ორასი დღის არის შემცველი.

თხუთმეტი ათას ორასი დღე! ახლა საათი
სამას სამოცდაოთხი ათას რვაასი ჩადი!
                                 წამებიც. მათი
შეუწყვეტლობა, მისწრაფება და ხასიათი!

სამას სამოცდაოთხი ათას რვაას საათის
განსაზღვრე რიცხვი წუთებისა! ჰაუ! სანამდის
                                 მივყევარ ბადეს!
ორ მილიონსა და კვლავ ორას რვა ათასს ადის!

სტრიქონებმა თუ მიაღწიეს სულ სამას ათასს,
მე ვითვლი სიტყვას სამს მილიონს, უბრალოს, სადას,
                                 ნათქვამს იქ, სადაც
არათქმა სჯობდა და სულ ძალით ვიტეხდი ხათას.

და როს ვფიქრობდი: რას ვეძებდი, ვინ დამაძალა?
ადამიანმა, ინტეგრალთა შემეგრძნო ძალა -
                                 არ დამაცალა -
უკანასკნელი ის საათიც ამომაცალა!

აჰ, ალბათ საათს ჩემსას ახლა ვინაც ატარებს
მას გარეგნობით დღეს ავაზაკს ვინ შეადარებს?
                                 ქურდს დღე ახარებს...
მართმევს ჩემმიერ განვლილ ხანას. ხარობს. ხარხარებს.

1948 წლის 2 ნოემბერი,ღამე