შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სული ჩვენი ოჯახის ...


უსულგულო ცხოვრება
ცის ნიჭი ნუ გგონია...
          ილია ჭავჭავაძე

სული ჩვენი ოჯახის იყო დიდი ილია,
პოეტის ეს სიტყვებიც ჩვენთან თანშეზრდილია.

ჩვენი ყრმობის რვეულში წარუშლელად სწერია:
საფერფლე ილიასი, მამის გზა, "ივერია",

დედა თავდადებული, მამა - მასწავლებელი,
ძველი სემინარია, დიდთა ნიჭთა მგზნებელი.

და შემდეგში, მრავალი, შენგნით წვრთნილი თაობა -
ახალ ადამიანის მზეა და მოძრაობა.

უსულგულო ცხოვრების მკაცრად უარმყოფელი,
სახეს მომავალისას სჭედდი ნებათ მწრთობელი.

სამამულო ომის დროს მერხებს მოშორებული,
ჰქმნიდა გამარჯვების დღეს - გმირთა სული და გული.

და დღეს, როს მზე მაღლდება საქმეთა და განცდათა,
ძალა, სული და გული იწევს ახალგაზრდათა,

დღეს, როდესაც უჭკნობელ დაფნასა სწნავს მამული,
როცა ყაზბეგს იგონებს სკოლების ჟრიამული,

როცა ჩვენი დიდების აღმნიშვნელი დღეობის
რეკავს ზარი ახალი მთის და ახალ ხეობის,

როცა გზა ნათელია, რაც შენ კარგად იცოდი,
მრავალი მაყვალათი და მრავალ ელისოთი -

შენ აღარ ხარ... მაგრამ შენს სიტყვებს საქმედ დაჰქარგავს
ის თაობა, დღეს რომ სწუხს მასწავლებლის დაკარგვას.

გრძნობებს, რომლის ფესვები ასე ღრმა და ხშირია,
მოწაფეებს, შენს გამო გულწრფელად რომ სტირიან,

ესმით: როცა სულს ლევდი, მათთან საგასანდობლო
შენი უკანასკნელი სიტყვა იყო: „სამშობლო“!

[1948 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ]