საბოდიშო ლექსი იმის გამო, რომ ვერ ვესწრები ყაზბეგის დღეებს
ყაზბეგის დღეებს, მზიან დღეებს რომ ვერ ვესწრები -
მსაყვედურობენ ხეივნები და ორკესტრები.
ხევის დიდებულ ბეთჰოვენის - გზაა დღეობის,
ჩამოჰკრეს ზარი ახალი მთის, ახალ ხეობის!
აივსებოდა ეს მიდამო, მე ხომ ვიცოდი -
მრავალთ-მრავალი მაყვალათი და ელისოთი.
არ შესჩივლებენ ხომ ისინიც ბედს - უბედობას
თუ რომ უსაქმო მომხსენებლის ასცდნენ ყბედობას.
უგრძელეს ენის ოპტიმიზმით, თავმობეზრებით,
ო, მებრალებით, იმ მალაყებს ვინაც ესწრებით!
1948 წლის 26 სეკტემბერი