ორი ლელო
ახალგაზრდავ!
მიგვაქვს ლელო,
ახალი მზე გვწყურია
და გზა ჩვენი,
სასახელო,
სოციალისტურია.
ბრწყინავს ჩვენი
ხალხის ღონით
დღე, მოსილი დიდებით,
დანამშვენი
გრძნობათ კონით,
აზრთა მარგალიტებით.
შრომის ნებას
ჩვენს მხარეზე
სინათლე ეუფლება.
ჩვენს გონებას
უმაღლესი
აგზნებს თავისუფლება.
განახლების
მძლე ხალისი,
წინსვლა, გრძნობა მახვილი.
მიჩურინი,
აი ვისი
ისმის ჩვენში ძახილი.
სიმძაფრით ძგერს
ჩვენი გული,
ჩანგთა შვებით ჟღერება,
სიყვარული,
სიხარული,
კაცთა ბედნიერება.
ამერიკავ!
შენაც ლელო
მიგაქვს... აღარ გცალია.
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი - კაპიტალია.
აწ და მარად
მფლობელთ კლასი
სისხლისმსმელი კლასია,
დაუფარავთ
ძაძა-ფლასით
გრძნობა და ფანტაზია.
შენს ბასრ ფრჩხილებს,
გულის ნდომას
აზრიც შეეწონება,
იმორჩილებს
კაცთა შრომას,
კაცთა ზეშთაგონებას.
ვით ვაზს ვაზი,
ეკონება
იმ ატომის მონებას,
სხვა ათასი
მოგონება
მისდევს გამოგონებას.
ყოველხანად
უტიფარი
არის შენი მსვლელობა:
ჩნდეს ქვეყანად
ცეცხლის ღვარი,
წვა, ძარცვა და მკვლელობა.
გადადაღავს
შენსას, დროო,
კაცთა სახე საზარი,
ოხვრა რაღაც
უბოლოო,
რაღაც უზარმაზარი.
ხელდახელი
მიგაქვს ლელო,
მიჰქრი, ცდა რა დროსია.
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი - ბარბაროსია.
მხეცურია
შენი განცდა,
ბნელი ღამის ვამპირო,
კვლავ გწყურია:
აზრი კაცთა
მოსპო, გაინაპირო.
შენ უტყვ მონად
გსურს გახადო
აზრი, მეცნიერება,
კონა-კონად
გადახადო
მას ხმა და ძლიერება.
მღერალს ბანგი
სტყორცნო სვიით,
თვალთმაქცური დასტურად,
მგოსნის ჩანგი
მოისყიდო,
და ამღერო მაცდურად.
ხელდახელი
მიგაქვს ლელო,
მიჰქრი, აღარ გცალია,
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი - კაპიტალია.
საზიზღარი
მოლანდება
სასიკვდილოდ აფითრებს
ჩანგს, მდიდარი
ხმით ანათებს
ფერადოვან პალიტრებს.
ხმა მწვავეა.
ყოველ გზაზე
ამქვეყნად და იმ ზეცად
კაცთ თავიანთ
წინააღმდეგ
ის ხმა უნდა მიეცათ.
უკეთესი აზრი
თავკვლად,
ურცხვად რომ გაეყიდათ
ასე კვნესით,
ასე მდაბლად,
ასე მართლა ბედითად.
ხელდახელი
მიგაქვს ლელო,
მიჰქრი, ცდა რა დროსია
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი - ბარბაროსია.
გილიოტენს
ვაშა, ტაში.
შეჰქმნა გილიოტინა
და რაოდენს
თქვენს განგაშში
დღეს ეს უდგას თვალწინა.
ქვეშ ნთებული
უნელებლად
ცეცხლზე ცეცხლი ჩნდებოდა.
შეწეული
მასში მსხვერპლად
აზრი იღუპებოდა.
ხელდახელი
მიგაქვს ლელო,
მიჰქრი, ცდა რა დროსია,
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი - ბარბაროსია.
რაც ძვირფასი
არის ტილო,
ტყვიებით ნაბანია.
ბევრი ნაზი
მარმარილო
ტალახს მიგიტანია.
შენ უკეთეს
ქანდაკებებს
ბინძურ ხელით ეხები,
იფანტება,
როგორც მტვერი,
მტვერი და ნატეხები.
რასაც რთული
კრებდა ბრძენთა
აზრებს მებრძოლ-ტიტანთა,
შენი გული
ვერ ითმენდა,
ვერასგზით ვერ იტანდა.
და ყოველდღეს,
ყოველმხრიდან
რჩევის მსხვერპლი ხდებოდა,
და უკეთეს
ფერებიდან
მხოლოდ ფერფლი რჩებოდა.
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი - კაპიტალია.
რაც სიცოცხლით
არის სავსე,
შენთვის მარად მკრთალია.
მრავალგულთა
ბაირაღთა
განძი მემკვიდრეობის,
დაკარგული,
მსხვერპლი გახდა
შენთა მძლეთამძლეობის.
და სახელი
ჰქვია ტიტანს:
იგი კაპიტალია.
მთა და ველი
ვერ აიტანს,
კმარა... ნამეტანია.
რა მიიღოს
საწინდარი
თავგასულთა დროებამ.
რა გზა გაჰქრა,
რა მდიდარი,
გაჰქრა მემკვიდრეობა.
შემოსილი
ყოველ ნაკლით
ბორკილებს სჭედს ის ქურა.
ბარბაროსი
თავგადასვლით
გაიძახის: კულტურა.
გასაოცარ
აპატიის
და სისხლის საწყაული.
არასდროს არ
გეპატიოს
მძიმე დანაშაული.
ვინც აქცია
ოქრო ქვაზე,
იგი - კაპიტალია.
ის თვალთმაქცი
სილამაზე
ძველი, არახალია.
სისხლმწოველი
ბედის ჩაგვრა,
მწვალებლობის მიგნება -
არის ეს ყოველი,
მაგრამ
განა ასე იქნება?
დაიწყება
დღეთ გადასმა,
წინანდელი მონების
გაიღება
კარი და სხვა
მოვლენ ლეგიონები.
თვალი ხედავს
ახალ ქურას,
ძველი დროის მომდურავს.
ის გასჭედავს
სხვა კულტურას,
ახალთ-ახალ კულტურას.
შენი წამი,
შავო ჩრდილო,
ბნელზე ბნელი კვალია
და მან შხამი
სასიკვდილო
რა ხანია დალია.
შენი დავლა
ახსოვს მწიკვლად,
ითმენს შეურაცხყოფას,
ვინც ისწავლა
შენს საძირკვლად
დინამიტის ჩაწყობა.
ააფეთქოს
უკეთესად
სუნთქვა და ფანტაზია.
იდექ დიდხანს,
მაგრამ დღესაც,
დღესაც განა ასეა.
გასაოცარ
აპატიის
და სისხლის საწყაული,
არასდროს არ
გეპატიოს
შავი დანაშაული.
ხელდახელი
მიგაქვს ლელო,
მიჰქრის შენი არმია
და სახელი,
სისხლისმსმელო,
შენი, დღეს „რიდ-ფარმია“.
ასეთია
შენი სახე -
იტყვი თუ ავდარია.
ჩვენში მზეა
სახე კაცის:
შეხედავ, გიხარია.
ჩვენში ხომ ნიჭს
გზა აქვს ფართო
და გენიას მსვლელობა,
ამბობს მეტად,
ვინემ მარტოდ-
მარტო მჭევრმეტყველობა.
ჩვენ ახალ დროს
ვუქმნით მგოსანს,
როგორც ნამგალს და ქურას,
გაუმარჯოს
ძლევამოსილს
საბჭოების კულტურას.
1948 წლის 13 სექტემბერი
ცხაკაია