შუალედი - დან - მდე
 
 


ის ერთი შეხება ნიავის


ის ერთი, ის ერთი შეხება ნიავის...
    მე მსგავსი არასდროს მხლებია,
მრავალი წლის წინათ მრავალი სიავის
    და მრავალ სიახლის წლებია.
გემიდან მშობლიურ მთების სიიავეს
    შევხედე და ვიგრძენ: მგზნებია!
„გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? -
    ეს ჩემი სამშობლო მთებია!
მე რაღაც იდუმალ მოლოდინს ვუნდები...
    ირგვლივ ზვირთებია
და გემი „დალანდი“,
    რომლითაც ვბრუნდები“.
მას შემდეგ ამ მთებმა მრავალ დღეთ იერი
    გადინანინავეს.
კვლავ დარჩა ის ფერი, ზღვისფერი, ცისფერი,
    დაბინდულ ქლიავის!
ზვირთი წამოვიდა რევოლუციიდან,
    ბევრის ამტანელი.
ზვირთი ზეაწვდილი სხვა ზვირთთა სიიდან,
    მაღლა ატანილი.
შეწყდა ქარიშხალში აზრი თვინიერი
    ბედთან ლოლიავის.
მთები კი შვენოდნენ: გინახავთ თქვენ ფერი
    დაბინდულ ქლიავის?


[1948; 1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]