ეგ არის და გორის ციხე!
ყოველ ახალ გამარჯვების
შემდგომ, წესად შემოვიღე,
აღტაცებით შემოვძახო:
ეგ არის და გორის ციხე!
ამბობდნენ, რომ აქ ბჭეები
ინგრეოდა, როგორც რიყე,
დღეს რომ სახლი აგვიგია -
ეგ არის და გორის ციხე!
ამბობდნენ თუ: რის სინათლე,
ყურთა სმენა ნუ წაიღე.
მაგრამ აქ რომ სინათლეა -
ეგ არის და გორის ციხე!
ომში ვიყავ, მტერს ბერლინი
მივუგრიხე, მოვუგრიხე,
ცხრა მაისით შემოვძახე:
ეგ არის და გორის ციხე!
ომს აქეთაც დიდი შრომის
დღე დღეებზე ვათარიღე.
გადახედეთ ქართლის ბაღებს -
ეგ არის და გორის ციხე!
მაშ, წინ გასწი, მშენებელო,
გზას მიჰხედე, მამულს მიჰყე.
ეგ არის და ჩვენი ძმობა,
ეგ არის და გორის ციხე!
1948 წლის 6 აგვისტო
გორი