საუბარი ტალღებთან
პოეტი მიჰყვეს, მიჰყვეს
სასახლესა და ქუჩას -
თუ ტაშისცემა ბრიყვის
დიდ დაფასებად უჩანს.
დგას უსაზღვრობა დროთა.
დგას მარადისის რაში...
ო, თავს მოიკლავს შოთა,
თუ არ დაუკრეს ტაში.
თუ ვერ გაიგეს წმინდა
გენია დღეთა მნათი,
არც მათი დაფნა მინდა,
არც ტაშისცემა მათი.
იგი მიართვან იმას,
ვინც პოეზიის დიდის
აზრს იდიოტის ღიმის
ნება-სურვილზე ჰყიდის!
მაგრამ, ნუგეში სხვაა -
დიდი ეპოქის ხმაშიც,
იგი მღელვარე ზღვაა...
ტაშიც არის და ტაშიც.
უნიჭო შვებას ჰპოებს,
იგი სენისგან მორჩა:
კლაკიორების ბრბოებს
მოისყიდის და მორჩა.
მძლავრი ზვირთების მთებით,
ზღვაო, გრიალი შენი,
ბუნებრივ ცეცხლის ნთებით
მესმის, რას გრძნობენ დღენი.
1948 წლის 9-10 იანვარი
აფხაზეთი