შუალედი - დან - მდე
 
 


ხრამჰესი


ქვეყნად ამიერით
    ბნელის მაშუქარი
დიდად სახალხოა
    თქვენი საჩუქარი.

ხელში გადმოგეცათ
    ვაშას დაძახებით
ოქროს მაკრატელი,
    როგორც გასაღები.

სადაც არშიაა
    მიდით დანადგართან.
გასჭრით არშიას და...
    ეხლა ამ დგანდგართან -

რამეს გაიგონებ,
    გასცდე საითაცა?
წყალთა ხმაურობამ
    არე აიტაცა.

სწრაფად ამუშავდა,
    უცბად ამუშავდა.
ასე რომ ექუხა
    წინათ, რა უშავდა.

მხედველთ გულწრფელია
    ტაში ხმამქუხარე,
ერთხელ არჩეულ გზას
    რომ არ გადუხარე.

ქების და მადლობის
    ისმის შეძახილი:
დიდათ გაგვახარე,
    დიდათ გვასახელე.

ასე, ჩვენი მხარე
    შრომით დაიტვირთა,
ნებით გაიჟღინთა,
    ძალით აიზვირთა.

შედგა და დაიძრა
    ნაკადმოელვარე
ჩვენი ენერგია,
    არე-გარე-მარე.

მხარეს მოუწოდა
    კვლავაც თავდადება,
რითაც სხვა ჯეჯილი
    ამოთავთავდება.

ო, ჩემო რკინაო,
    ძნაო და ულოცა,
ბედმა საქართველოს
    გზები დაულოცა.

სიმღერა დამთავრდეს,
    ხალხი დაიშალოს,
მხოლოდ ხმამან იმან
    გზა არ დაიშალოს.

რკინის ღეროების
    თუჯის გუგუნება,
ერთის, ერთი წუთის
    გასაუკუნება.

რაც კი არაგვია
    და რაც კი თერგია -
მოაქვს, ხრამჰესს მოაქვს
    ხალხის ენერგია.

იგი ხმოვანება
    ისევ მომაწყურეს
მთებმა, სადაც ლურჯი
    ტბაა ტაბაწყურის.

ერთი აღტაცების
    გრიალ-გრიალეთის
გახდა მშობლიური
    მთები თრიალეთის.

აქ ხომ ყველაფერი,
    ჰხედავ, ახალია,
რაზეც ოცნებობდნენ
    ძველნი, რა ხანია;

გრძნობა ამუშავდა,
    ხალხში რომ ანთია,
ამირანისებრივ
    იგი გიგანტია

მჭიდროთ ნაშენები,
    სწორად გაგებული,
ჩვენი საკუთარი
    ხელით აგებული.

მისით შთაგონება
    სიძნელეთ აუვა,
დიდათ სახალხოა,
    საყოველთაოა.

გზნება ამნაირი,
    ვით არ ეკმარება:
ხალხი ჩვენთანაა,
    ხალხი გვეხმარება.

სჭედენ ხელსაწყოებს
    თოვლში, სიცივეში.
ასე, ნაგებობა
    დგება სიმწკრივეში.

ხმები სიმხნევისა
    არეს შენერგია:
ჭარბად მივაწოდოთ
    თბილისს ენერგია!

იგი საყვარელი
    დედაქალაქია,
იგი სამოქმედო
    ძარღვთა ალაგია.

თავი გადავდოთო
    ჩვენი თბილისისთვის,
მისთვის არ ვზარდებით,
    გვიცდის, იგი გვიცდის.

ასე მშფოთარეა
    ჩვენი ელსადგური,
მალე ტალღებისა
    გახდეს თქარა-თქური.

ყველამ გაიგონოს,
    ვინაც გამგებია,
საქმე უაღრესად
    პასუხსაგებია.

და ეს მოწოდება
    იგრძნეს, გაიგეს-რა,
რთული ამოცანა
    ვინაც დაიკისრა -

სთქვა და შეასრულა
    კიდეც დაპირება,
მუდამ ასეთი სჯობს
    დაპირდაპირება.

მუდამ იამაყებს
    ყველა იმ ამაგით,
მხარეს ესალმება
    ხრამის სიამაყით.

წყვდიადს სული ჰხდება,
    ის გონს ვერ ეგება,
თვით მას ხრამისწყალი
    ხრამში ერეკება.

წყალთა გადაცურვით
    ისე, ვით მხარულით,
მიდის წელიწადი
    ახლის სიხარულით.

ბევრი ჩემის თვალით
    ნახულ-დასახული,
დროთა მდინარებას
    გაჰყვა გაზაფხული.

აქ კი დავიწყებას
    ოხვრა ვერ გაუვა, -
აქ დღე სახალხოა,
    საყოველთაოა.

ხისა ცნობადისა
    მძლავრის, რტომრავალის
სულისჩამდგმელია
    იგი მომავალის.

იგი სხვა გენიის,
    დიდის, აკვანია,
ის გზის გამკვლევია,
    ის წინ წამყვანია.

დღენი არნახული
    შვებით და დიდებით
ქვეყნად მკვიდრდებიან
    მისი მითითებით.

და იმ ოცნებებით
    ჩემით დასახული,
ბევრი მშვენიერი
    მოვა გაზაფხული.

რარიგ მძვინვარებდა
    მძაფრი ქარიშხალი,
მთები ირყეოდნენ
    ალით ნაშინშხალი.

მტერთა არდანდობა
    საზღვარს რომ მოგროვდა,
როგორ მღელვარებდა,
    როგორ ბობოქრობდა.

მძიმე გადვიტანეთ
    ცეცხლთა თანახლება -
დასცხრა ყუმბარის ხმა,
    დადგა განახლება.

ათას-ათასობით
    მოდგა მშენებელი,
შრომა აღიმართა
    შეუსვენებელი.

და იმ ოცნებებით
    ჩემით დასახული
მოდის, ახალგაზრდა,
    მოდის გაზაფხული.

ყველგან და ყოველთვის
    როდი იპოება
შრომით მოცემული
    მსგავსი სიტკბოება -

დამოუკიდებლად
    სიტყვა შეასრულო,
მიჰყო საქმეს ხელი
    კიდეც დაასრულო.

შეჰხედავთ ამ ადგილს,
    იგრძნობთ ამ ბუნებას,
დაუმშვიდებლობას,
    თავისებურებას.

იტყვით: მშობლიური
    ჩვენი მდინარეა,
მისი მღელვარება
    სხვაში ვინ არია.

მასში ქარი მღერის
    ჩვენი თრიალეთის,
ქარი მშვენიერი
    ჩრდილო-დასავლეთის.

იგი ძახილია
    დიდი მთაგრეხილის,
მისი მწყემსებისა,
    ტყის გულგაღეღილის.

ეს მთის მდინარეა,
    კლდიდან ვეებიდან,
მკვეთრად ექანება
    სიმაღლეებიდან.

ხალხის ნებისყოფა
    მისი სათავეა -
იგი დიდებაა,
    იგი უკვდავია.

და განცდა, რომ მისით
    მიჰქრის ეს დროება -
ყველგან და ყოველთვის
    როდი იპოება.

აჰა, იგი გზები
    მერნით ნაჭენები...
ირგვლივ კოშკებია
    ძველად ნაშენები.

ასეთ ნაგებობას
    ზედვე რომ აჩნია,
სადმე თანატოლი
    რომ არ გააჩნია.

რომ ეს საუკუნო
    გამოყურებაა -
ხრამი უკეთესი
    დადასტურებაა.

ნახავთ განა სადმე
    ასეთ ხასიათის,
ასეთ იშვიათის,
    გზით რომ მიდიოდე

და თან მიჰკიოდე:
    მზეა განთიადის!
მზეა განთიადის!
    მზეა განთიადის!

ხრამი ეშურება
    თვისი ნაზი სხივით -
მარად ახლობელი
    ჩემი ფაზისივით.

ხრამი გადმოიჭრა
    არა თანისთანა -
ჩვენი ქარისთანა,
    ჩვენი მტკვარისთანა.

ხრამი მომაგონებს
    ლამაზს და პირისპირს,
მარად მშობლიური
    ჩვენი არაგვისპირს.

ხრამი მომაგონებს
    მაღალს, ხმააწეულს,
როსმე, ყრმობის ხანში,
    ნახულ გუბაზეულს.

ხრამი გადმოეშვა,
    მთები გადმოხია -
ისე მიინგრევა,
    თითქო ჭოროხია.

თითქო ძალა - ნების,
    თითქო ძალა - ზნისა,
ერეკლესებური
    გზაა ალაზნისა.

მაინც უჩვეულო,
    მაინც მისებური,
ჩონგურისებური,
    ენგურისებური.

ხრამმა გამარჯვება
    იდღესასწაულა,
შენი, მშვენიერო,
    ლურჯო საკრაულა!

და აქ მხიარული
    ჟღერით იალება
შენი, ჩხერიმელა,
    გადაჩხრიალება.

ბუბა გამახსენდა
    ის რით დაიგუბა?
იით შეიმოსა,
    ვარდით დაიქუბა.

იყოს, გაიხაროს
    იმა გვირილამა,
რაც გულს მოგონებად
    უძღვნა ყვირილამა.

ო, რა ამბავია,
    რაგვარი ჯახია -
ქვედა რაჭაში რომ
    სწრაფი ჭანჭახია.

ო, რა განათების
    მსგავსი ღვია-ღვიით,
ეხლა არემარე
    მოჰქუხს ლიახვივით.

როგორც ადიდებით
    მღვრიემ და ტანამა
მზემანც ციმციმებით,
    სხივი გადანამა.

იქ კი ლელაშვილი
    სწუხდა, ო, დიდება,
მას ხომ ქვედრულასი
    ახსოვს მოდიდება.

ხრამმა აიწყვიტა
    და მას აქეთია
იგი ლუხუტია,
    იგი ალგეთია.

ასე მგზნებარეა
    გული მთა-გორისა,
მოსვლა გეგონება
    ჩვენი იორისა.

აბა, დაინახე,
    აბა, მიისწარი -
ლამაზ კოდორის და
    ჩქარი ბზიფის დარი.

ხრამი მომავალის
    იყო ის სურათი,
როცა ნათელაზე
    მღერდნენ ჩიხურათი.

გინდა ბესლათი და
    გინდა წყალწითელა,
დრო რომ ხვალინდელი
    გაააწინდელა.

მიდის მდინარება
    მარად თვალცინცხალი,
როგორც გუბისწყალი,
    როგორც ხარისწყალი.

იგი სინათლეა
    მშვენი, თეთრ-ყირმიზი.
ქსანი მომაგონდა,
    ვფიქრობ საირმეზე.

ყველა ლამაზია,
    ყველა მზეებია,
რაც ჩემს სამშობლოში
    მდინარეებია.

მათით შთაგონება
    სიძნელეთ აუვა,
დიდათ სახალხოა,
    საყოველთაოა!

1948