შუალედი - დან - მდე
 
 


ყარაია


იფრთხიალა; ფრთა გაშალა
და გაფრინდა გვრიტი.
მიღუღუნებს ჭალა-ჭალა,
უდარდელი ჩიტი.

საიდანღაც: ფრთაგაშლილი
გაედევნა ქორი.
გადასერა მთა და ჭალა
მორევივით შორი.

ფრთა-მოკუმშვით მოხარული
გზად დაეშვა გვრიტი.
დაეუფლა მას სხვა რული
და ოცნება მშვიდი.

ამ დროს, ვით ქვა, ფრთის არევით
როგორც მეტეორი -
უსწრაფესი ისარივით
თავს დააცხრა ქორი.

მაგრამ იმ ქორს დღე დამწარდა
ტაცებაში მყოფი...
იგრიალა.
    და დაწყნარდა
ჩემი მარჯვე თოფი!

1947