შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მუდმივ თოვლით განათებულ...


მუდმივ თოვლით განათებულ
ზურმუხტოვან ალპებს შორის,
სად თვალივით ჩაჭედილა
გამჭვირვალე ტბა მთა-გორის,
სადაც წყალსა და ვარდებზე
მიირხევა ხეთ ბანაკი,
იქ ერთმანეთს სხვადასხვა მხრის
ხვდება ხუთი ამხანაგი.
ხუთივენი ჟამთ სიავით
მოწყვეტილნი მშობელ მხარეს -
გადმოხვეწის დღეებს თვლიან,
უსულგულოდ მიმდინარეს.
ხალხთა ბედი, საქმეთა სვლა
და ცხოვრების დღეთა ღვარი
არ ასვენებთ... და ამაზე
არის მათი საუბარი:
რომ სიმართლე იმალება,
რომ ბორკილის მეფობს დაღი,
რომ სიცრუის და შიმშილის
აღმართულა ბაირაღი.
წამოდგა რა ფეხზე რუსი,
თქვა: მოძმენო, არის ერი -
ყოფნა ჩემი მას ეკუთვნის,
აი, რით ვარ ბედნიერი.
ეხლა იგი ბრძოლის ცეცხლის
გრიგალშია გახვეული,
ბევრზე ბევრი, სულ უცნობი
აღსდგა გმირი და რჩეული.
მე მეძახის ჩემი ხალხი,
მეც მივყვები ხალხის ნებას -
და მივდივარ, მეგობრებო,
თქვენც გისურვებთ გამარჯვებას...
მაშინ ხუთმა ამხანაგმა
დაიძახა: ლენინ, ლენინ,
რა მიზანსაც შენ ისახავ,
ის მიზანი არის ჩვენი.
ვის შენგვარი ბელადი ჰყავს,
უკვდავია იგი ერი...

ლენინ, ლენინ! ჩვენ ხუთს შორის,
ხარ ყველაზე ბედნიერი.
             
[1943]