შუალედი - დან - მდე
 
 


ვარ ბრძოლის ველზე


ვარ ბრძოლის ველზე.
მე აქ მოველი
თანამგრძნობ სიტყვას.
მე ჩამოველი
საქართველოდან,
სადაც მზიური
თავისუფლებით
სუნთქავს ყოველი.

მე აქ მოველი
ქვეყნიდან, სადაც
ყოველივე წამს
რთულსა და სადას
ხალისიანი
განაგებს ხელი,
რათა მოხაზულს
გაუსწროს ვადას.

გაჰქრა მონობის
რისხვა და წყრომა,
აღფრთოვანებად
აქცია დრომა
მხარე, რომელსაც
გაღვივებული
აშუქებს შრომა
და მხოლოდ შრომა.

სადაც მხატვრული
გრძნობა წესია,
სად ყველაფერზე
უტკბოესია
მშვენიერების
დიადი გრძნობა,
მეცნიერება
და პოეზია.

მე აქ მოველი
ქვეყნით, რომელიც
სიხარულისგან
დაუცხრომელი
სხვა რესპუბლიკებს
მხარდამხარ უდგას,
როგორც მქმედი და
როგორც მშრომელი.

ჩამოველ მხრიდან,
სადაც ოდესმე
ერების შუღლმა
უბოროტესმა
გააწამა და
დაღრღნა ქვეყანა,
სანამ სხვა ბრძოლის
ხმა არ მოგვესმა,

გაანგრია რა
ვიწრო საკანი -
აწ უბოლოო
აქვს გასაქანი
და გაქანება,
ნიჭის, გენიის
მრავალთა ზრუნვის
არის საგანი.

სად ეჯიბრება
სართულს სართული,
სდგას ახალგაზრდა
წიგნით გართული,
იმისი ენა
ქვეყნის ენაა
და მშობლიური
ენა - ქართული.

[1935-1936]