შუალედი - დან - მდე
 
 


ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი


ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი
გათეთრებული თოვლიან მხრებით
და იყო ცხრაას ჩვიდმეტი წელი
თავის ქარიშხლით და ამბოხებით
უდგა თეთრ წვიმას, ქროდენ ეტლები
და ტრამვაების მძიმე ტივები.
ნისლში სახლები და გამვლელები
მოსჩანდნენ, როგორც ნეგატივები.
თვლქვეშ კი, როგორც ქსოვილი ბადის
მრავალ მიუვალ გზებით ფარული
ათიათასი ნაკადი გაჩნდა,
მჩქეფი, ანკარა და მოხარული.
მიწისქვეშ გზები ვიდოდენ წყნარად
და იქ სხვადასხვა ადგილას რგული
ერთიმეორეს ეძებდა მარად
ასიათასი მდინარის გული.
გადათეთრება ზამთრის დროული:
ყველას სწყუროდა ზეცა მზიური
და აი, როგორც გადანათოვლი
მიწით აღმოსკდა ხმა მაგიური.
გზებიც დაიხსნა მაშინ, ჰიალა!
ჰაიდა, გასწი: მკაცრი, ულევი,
მეწყერად, რღვევად და ხეტიალად
ამოიღვარა ნაკადულები:
რა ხანა იყო: რა უკმარობას
ჰქუხდა და გმობდა გააფთრებული,
რასაც მიწისქვეშ ჰფარავდა გრძნობას
ასიათასი მდინარის გული.
არა მისტიურ ფრთებით ფარული,
არა ოცნება და ზეფირები,
არამედ ნაღდი და რეალური
დაჰქროდა ხიდი და ჯებირები.
იყო მაშინ იქ და ეხლაც არის
გრძნობა, რომელსაც ფარავს პოეტი
მთელი სიმძიმე ეპოქის ქარის,
ყველა მდინარე და ოქროეთი.
რა დაჟინებით, რა უკმარობით
გაიძახოდა გააფთრებული,
რასაც იდუმალ ჰფარავდა გრძნობას
ასიათასი ნათელი გული.
და მაისის დღეს მაშინ და დღესაც
და მომავლის ბედნიერ დროშიც
უძლეველ გრძნობით ფრიალებს ალი
ასიათასი ნათელი დროშის.
ბოძთან რომ ვაგონს უცდიდა მგზვრი
გათეთრებული თოვლიან მოხვრით,
ამ გაზაფხულის დღეს იმავე მგზავრს
ირონიულად და ამოოხვრით −
უფლება აქვს, რომ შეხვდეს ძველს რუსეთს
წლების სხვა წლებთან გადამწინდველი.
იმის კითხვაზე: ის დრო სად არის? −
თქვას: სადაც თოვლი შარშანწინდელი.

[1928]