შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ გძულს მთა-ბარი?..


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ გძულს მთა-ბარი? გამოერკვიე!
ნუ დაატარებ წამებულის ჯვარს.
შენ ყურს არ უგდებ ინტერნაციონალს,
ეგ იმიტომ, რომ მასსა არ გიყვარს.
წითელი დროშა არ გიმონებს შენ?
გაზაფხულისას არ ემონვი ქარს?
აჰ, უსაფუძვლო რაღაც შეიქმენ!
ეგ იმიტომ, რომ მასსა არ გიყვარს.
შუაღამისას მწარე დუმილში
შენ უზაჰესოს დასცქერიხარ მტკვარს.
გამოერკვიე. ასე არ უნდა.
ეგ იმიტომ, რომ მასსა არ გიყვარს.
ვინ უწყს, რამდენჯერ ამოიოხრებ
და უცნაურად აამღერებ ქნარს.
შენ სიცოცხლეში არავის ეძებ?
ეგ იმიტომ, რომ მასსა არ გიყვარს.
შენ ყურს უგდებდი განცვიფრებული,
და ეხლაც ისევ ისე გწადია
ადგილი, სადაც მყუდროებაა,
სად დანგრეული ბარიკადია.

[1928]