შუალედი - დან - მდე
 
 


ქალაქად და სოფლად


[ციკლიდან „ეპოქა“]

ღამის ქალაქი.
გამოაღე სწრაფად ფანჯარა,
რომ ახმაურდეს
ტრამვაის და ეტლების ჯარა.
აღტაცების ხმა
მოიტაცოს და შემოღვაროს,
ლორთქი შუქები
მაგიდაზე მიჰყარ-მოჰყაროს.
ნათელი იგრძენ
და მუსიკის ხმობა მეშურე,
გამოერკვიე,
გამოფხიზლდი და გაეშურე.

ხარობს ღრუბელი
დაყრდნობილი ტყეების წარბზე,
ქალაქისაკენ
მიმავალ ქალს რომ იცნობს შარფზე,
კისკისებს
შკოლის მოაჯირთან სოფლელი ქალი.
თავისუფლება,
სიხარული! გააღე თვალი!

[1928]