შუალედი - დან - მდე
 
 


სტანსები


[ციკლიდან „ეპოქა“]

ვდარაჯობ იმ დროს, როცა ძილიდან
გამოგაღვიძებს სულის მუდარა,
რომ ხალხს ადგილი ექნეს იმ გულში,
ჟამმა ხანჯალი რომ გაუტარა.

მიჰქრიან დღენი, გული არ გვწყდება,
რომ რაც გვჯეროდა, დღეს აღარ გვჯერა,
თვალთ დევნებაში არ გვენანება
ის აღმაფრენა, ის გულისძგერა.

ცხოვრებისათვის ძველ აღმაფრენით
საუკეთესო ახალში ვცხრებით,
ვიპოვეთ გზები და ამ ღრმა რწმენით
სიცოცხლისაკენ მივეშურებით.

ვიპოვეთ ქვეყნად ჩვენ მეგობრობა
და სიყვარულით გამთბარი სხივი,
თანამედროვე ცხოვრების გრძნობა,
მუდამ მართალი, მუდამ ხანგრძლივი.

ნუთუ ღირს დროთა კვლავ მოგონება,
წარსული წყლული რომ განიახლო?
არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე,
შენ გაიარე სიცოცხლის ახლო.

შენ აარიდე ყველაფერს თვალი,
არ დაგინახავს წრფელი ღიმილი,
ყველაფერს, ირგვლივ რაც კი რამ გერტყა,
შენ დასცინოდი მშვიდი, გულგრილი.

სასწაულს რასმეს ელოდა სული,
გიჟურ ფიქრებით იკლავდი შენ თავს,
შენ გაიარე სიცოცხლის ახლო
და სიცოცხლისთვის არ შეგიხედავს.

ყველაფერს მისწვდი შენს სიცოცხლეში,
ბედნიერებით სიცოცხლის გარდა.
რომ შრომა არის ბედნიერება,
ვერ იგრძენ - ისე დაეშვა ფარდა.

ძველო ქვეყანავ! ნიშნად იმისა,
რომ მკაცრი იყო შენი სიმრუდე,
შენს იდეებში ობობა ხლართავს
ქსელს და მიკიოტს ჩაუბამს ბუდე.

[1928]