შუალედი - დან - მდე
 
 


აჰა, თენდება!


[ციკლიდან „ეპოქა“]

აჰა, თენდება! ოქროსფერ სხივით
ენთება შენი შარავანდედი,
მტრედისფერ ცაზე სიხარულია,
მტრედისფერ ცაზე გამოჩნდა გედი.
მზისკენ-ვარდისკენ, მისი სხივებით
ანთებული და ფრთანათუთქარი,
ამოსაწუწნად მიდის ღრუბელი -
ლურჯი ფუტკარი.
ისარივით ზე აინავარდა
და ახმაურდა ცად პროპელერი,
მზის სადიდებლად გუგუნი ისმის -
განახლებული მღერის სოფელი.
ზეციდან ქვეყნად ეშვება ნისლი,
ქვეყნიდან ზეცად მიილტვის გული.
ო, ბუნებაო, რა ჯადო არის
შენს სიმღერაში დამკვიდრებული!

[1928]