შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არ გვაშინებდა ტყვია, ლახვარი...


არ გვაშინებდა ტყვია, ლახვარი;
ჩამობნელებულ ეკლიან გზაზე
არც ქარიშხალი, არც ნიაღვარი,
არც ბოროტება დედამიწაზე.
არ გვათრთოლებდა შური და მტრობა,
წყურვილთა ნება არ გვეცხრებოდა;
ყველა წაშალა თანდათანობამ -
სვლის სიხარული მხოლოდ რჩებოდა.
არ გვაშინებდა ვარდების გრძნება,
დიდება, ღვინო, ალერსი ქალის,
არცა სიმდიდრე და ფუფუნება
და არც გადახდა უძველეს ვალის.
არც წამთა რბენა, სხვადასხვაგვარი
მრავალფერობა, გიჟი ოცნება,
არც გარდასული ყრმობის სიზმარი,
არც მოგონებათ გასხივოსნება.
სულ არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში
სხვა სიყვარულის ლტოლვა და ვნება,
ყველა წაშალა თანდათანობამ -
წინსვლის სიხარულს რა შეედრება?

[1928]