შუალედი - დან - მდე
 
 


გულში ცეცხლია


[ციკლიდან „ეპოქა“]

გულში ცეცხლია, ტყეშიც ცეცხლია
მიუდგომელი, გაურკვეველი,
უჩინარია, სანამ სიჩუმით
გარემოცული არის ტყე-ველი.

მაგრამ როდესაც ყაჩაღურ სტვენით
აგრიალდება მინდვრებში ქარი,
ცეცხლი იფეთქებს, ტყეს მოედება,
დასწვავს, დანაცრავს დაუდეგარი.

ჰანგთა სისწრაფეს და სიძლიერეს
ნუ მომაგონებ ძველი რიცხვებით;
ჩვენ რასაც ვმღერით - მას გული მღერის,
ისევ ცეცხლოვან თავდავიწყებით.

[1928]