შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეხლა „დენდი“ დარაბის...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეხლა „დენდი“ დარაბის,
ან „იყიდეთ“ ან „თუ კი...“
ყვირის რძის და კარაქის
გამყიდველის დუდუკი.
ლაღი და მოყვარული
მუშკოპიის მცველია,
სხვისთვის სასიხარულო -
მისთვის ჟრუანტელია.
გასკდეს გული ბარემის!
მისი კაკაფონია
სასწრაფო დახმარების
ეტლის ქროლა ჰგონია.
მისთვის ხმაა ბარაკის
და საწოლის თუნუქი,
ერბოს, რძის და კარაქის
დამტარებლის დუდუკი.
მისი ამ გამწარების
ბედს კიდევ რა ემართა,
ბაღო კომუნარების.
ბაღო უმუშევართა.
სხვას კი დააქვს და დააქვს
რძე და თაფლი ნეტარი,
მშიერს ნება რად არ აქვს
დახრას თვითონ ცხედარი?

[1928]