შუალედი - დან - მდე
 
 


ამისთვის იბრძვის ჩვენი ეპოქა


[ციკლიდან „ეპოქა“]

მატარებელიც მოიჭრა თუჯის,
ბოლს ლეჩაქებად ჯაგებზე სტოვებს
იქ, სადაც მთები ეპყრა ელგუჯას,
სად ვეღარ ნახავ იმავ ფანტომებს,
უცებ ტრიერის გუგუნს მოისმენს
დილა ლაჟვარდი და ნამიანი.
იქ, სადაც ძველად, ოდით-ოდესმე,
თვლემდა „კაცია-ადამიანი“,
ახალთახალ გზად დაიწყებს კრთომას
ავტომობილი ელვათა მფენი,
სად მორბელაძეს, „რაინდს“ სოლომანს,
ერთხელ ბელტებში წაექცა ცხენი,
და სად სიკვდილი მოისხა ქოხმა,
ის მწუხარება დარჩება გაღმა,
ქარხნების ბოლი ავა გამოღმა,
რომ ელექტრონის იფეთქოს ჭაღმა.
იქაც, სად სავსე არის მითებით
ნადარბაზევი ან გუბაზეთი,
აეროპლანის გაბედითებით
მივა რადიო, კინო, გაზეთი...
ყველაფერს ძველი ფერი წაერთო,
რაც კი რამ ახალ დროს შეეტოქა,
რომ ყველაფერი იყოს საერთო,
ამისთვის იბრძვის ჩვენი ეპოქა.

[1928]