შუალედი - დან - მდე
 
 


ფრაგმენტებიდან: ცეცხლი ფიქრიანია!


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეხლაც თვალწინ იგივე
ათას ცხრაას ხუთია!
მახსოვს, როცა ქალაქებს
ცეცხლმა შემოუტია
და დამარცხდა დროებით
დროშა სისხლმინადები,
დასცხრა რევოლუცია,
დასცხრენ ბარიკადები.
მაგრამ გმირმა დაჭრილმა
იმ განწირულ გზიდანა
დროშა მტერს არ დაუთმო
და ჩვენ გამოგვიტანა.
და ის კვნესით ამბობდა:
აბა, ჩქარა, ცხენები!
იმ მთას იქით, ტყის იქით
რომ არიან ჩვენები,
დროშა გადაუტანოთ
მრავალ ბრძოლა-ნახული
საიდუმლოთ, დროისთვის
გვქონდეს გადანახული.
და ჩვენ ორი, იმ წამსვე
ღამის ფრთხილი ფიქრივით
ძვირფას დროშის ამარა
ბნელი ღამით მივქრივართ,
ბნელი ღამით მივქრივართ,
მწარე სურათებია,
დამსჯელ რაზმებს სოფლისთვის
მიუყურადებია,
გზაზე სახლი, ბეღელი,
ყველაფერი სრულიად
გამხეცებულ ალისგან
განადგურებულია.
ბნელი ღამით მივდივართ,
მწარე სურათებია,
დამსჯელ რაზმს შევუტყვივართ,
დაუყურადებია.
„ჩუ, ვინ მოდის? ესროლეთ!
ისინია? ისინი!“
ყურთან, თავზე, გარშემო
ისმის ტყვიის სისინი.
ჩვენ მიუშვით სადავე,
მოვიხარეთ, აი და -
ამ ტრიალო მინდვრებში
ჰაიდაა! ჰაიდა! ჰაიდა!
შემდეგ ტყიურ ყვავილებით მკობილს
ყურადღებით ვაკვირდებით სოფელს:
პაპა გასცდა ოყოჯიროს,
ჭურს მოხადა ორგო,
ღვინო პირით გაისველა,
იქ მიაგდო ჯორკო.
იქ ფიჩხები მიასწორა,
აქ გამოჭრა ჟვერი,
იქ ღობესთან გადისროლა
ძველი ჩალის ღერი.
თან ბუტბუტებს, როცა ბოჭავს
ნაფოტს, წარა-მარა:
ეშველება ასე ოჯახს?
არა, მამა, არა!
კერის ქვასთან რბის ალების რგოლი
და კეცებთან ნაცარის და ტუტის
აირია მოშუშურე ბოლი,
მთელი სახლი გაიბურა ფუტით.
აქ მტვერი და იქ ნაცარი,
ზანდუკების სიძველე,
როგორც დოქის თავსაცავი,
ნაქურჩალის სისველე.
სახლის გულში ძველი ქისის
გაბერილი ჩრდილი,
სადღაც ეგდო, ვით სახნისის
დაჟანგული კბილი.
თვით არ იცის როგორ, საით
და ყოველდღე რატომღაც
ოჩოფეხა წეროსავით
ამ ტალახში დაბობღავს.

მოდის ჩოხანაბურავი,
ამოვარდა ზენა ქარი,
მიაქვს საბან-სახურავი,
დაიფელა წინაკარი.

იყო საღამო გრილი,
თივას ნამავდა ცვარი,
სახლს აწვალებდა კრილი
და კრიალებდა მთვარე.

გაჟღენთილი ზენაწვიმით,
მოაქვს ლიჟღი შეშა,
კერიასთან მძლავრს დაუდებს,
წვრილს მიატანს ქვეშა.
მამამისმა დაუტოვა
ორი ძირი ჟოლა,
გოჯა მიწა, ერთიც ქოხი,
მომცრო ზვინისტოლა,
ორი ძველი საღადრია,
თეფშიც ერთი, ორი,
ერთიც კიდევ, მართლაც კაი
იმერული ჯორი.

ოჯინჯალა თითქოს ამბობს:
ან რა გინდა აქანა?
ასე ანაგდებასავით
რომ აკეთებ, ბაღანა?

ამ პარტახმა როგორ გარგოს,
რა შეგმატოს ფერი,
დაიღუპოს, დაიკარგოს,
იქით ჩემი მტერი.

ან რას უცდი, ან ვის ელი,
გარდა ორი ზეწარის,
ტანსაცმელი ერთი ხელი
გაქვს და მხოლოდ ეს არის.

მეზობლები რას მოგცემენ,
მკაცრი, ენა-ბასრი?
მათ ყოველგვარ მოვლენაზე,
ხომ აქვთ თავის აზრი?
რაც შენია, ის შენია,
წაიღე და წადი,
მე კი ჩემი მირჩევნია,
თბილი ღადრის მჭადი.
აგერ მდიდარსაც შეხედე,
უყურე იმის ოინებს,
ნაფოტს არ გადააბრუნებს,
დღეს ისე გაარონინებს.
იმასა ჰგავს, ეხლა ხმა რომ
ამოიღოს მუნჯმა,
უტიფარმა სხვების გულში
რატომ იცის ბუნჯგვა.
დაწყებული ადამიდან,
პირში სული გვედგა,
ეხლა სწორედ გადაგვიტანს
სოფლის გულის ხეთქვა.
ჩვენს შარაგზაზე მიდიან
ჩამორებული კაცები,
ცხენებს საპალნე ჰკიდია,
ლუკმა ოფლშია ნაწები.
რაჭის მთებზე ალბად ჰყინავს,
თოვლიც რა გვიანია,
ფერად ნაცარს დასცქერიან,
ცეცხლი ფიქრიანია.

[1928]