შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე ამ წიგნზე რა უნდა ვთქვა ბევრი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

მე ამ წიგნზე რა უნდა ვთქვა ბევრი,
შულგინია, რომ იმღერის ნანინას
სახელმწიფო სათათბიროს წევრი,
რედაქტორი გაზეთ „კიევლიანინ“-ის.
მაგრამ ნიჭის უჩვეულოს მქონე
იკითხება წიგნი, როგორც რომანი,
თითქო სწერდეს სტიქიური ღონე
მონარქისტის, სულ სხვა ეროტომანის.
გადანგრეულ შენობას ჰგავს წიგნი,
სურათები სურათებს სცვლის მრავალი,
როცა მძლავრი ომი იყო შიგნით
და იბრძოდა მეფეთ შთამომავალი.
აქ იშლება ცხრაას ოცი წელი,
შულგინი ხან დენიკინთან არის,
ხანაც წითელ ოდესიდან ელის
დაქროლებას სხვანაირი ქარის.
ხანაც ისევ თეთრებშია, კაცია,
ხან მის საზღვრად „მშვენიერი“ პოლშაა,
ისევ დევნა, ისევ ემიგრაცია,
იგი ეხლა კონსტანტინოპოლშია.
იტრიალებს ის განცდათა მორევს,
ისე ამბობს, თითქო შენ განგიცდია,
მაგრამ მალე, გრძნობები რომ მორევს,
ის შულგინი მაშინ... მონარქისტია.
რიდეები წიგნს გაყვება ზოლად,
მას გამოჰყავს, რომ არავინ დაჰგმოს,
რომ წითლები აკეთებენ მხოლოდ
მონარქიზმის უსათუო საქმეს.
რის წითლები, რისი თეთრი! ყველა
ომებისა რომ გაივლის გროვა
მისი აზრით, თუნდ წითელი ერქვას,
ერთი კაცის დიქტატურა მოვა.
რა შვაშია კოლექტივი, კლასი?
ძვალრბილში აქვს რუსეთს ერთი ქარი
იმას გინდა რომანოვი ერქვას,
გინდ სრულიად სხვანაირი გვარი.
ასეთია ამ შულგინის „აზრი“
და ამ აზრთან ღმერთმა შეაბეროს.
მისი ბედი რომ შორიდან ამბობს...
საზღვარგარეთ კი რაც უნდა - სწეროს!
თუ ასეა, რად არ მოდის ახლო
საზღვარს იქით გაქცეული ტურა?
ნახოს რუსი როგორია ახლა,
ვისი არის მართლა დიქტატურა.

[1928]