შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იყო ადვილი წარმოსადგენი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

იყო ადვილი წარმოსადგენი:
ყოველ საათის საზრუნავ დღესაც
უფრო და უფრო იარაღდება
ევროპის საქმე, ევროპის პრესა.
სჩანს, რომ არავინ დაჰყრის იარაღს,
ომს ადარებენ უტკბილეს ღვინოს,
მაგრამ ტურნირზე გააფთრებულზე
არ წაუგია ბრძოლა ლიტვინოვს.
და საბოლოო სიტყვით გამოდის
მხოლოდ აჩრდილი თავმჯდომარისა,
ის გარეგნულად ზრდილობიანი,
ამ დამარცხებას გრძნობს უარესად,
ის ყველაფერით კმაყოფილია.
ლიტვინოვი კი, ფხიზელი მარად,
მადლობას უხდის მხოლოდ სამდივნოს
და ერთა ლიგის მუშა-აპარატს.
რაო? მადლობა? და კეშენდენი,
ლორდი, მოკლული, ჰგავს რაღაც მინუსს,
ო, რა თქმა უნდა! ამ შემთხვევაში
ის ეთანხმება ახლა ლიტვინოვს.
ო, განცხადებავ კეშენდენისა,
ეხლა ხომ მთელმა მსოფლიომ იცის
უკანასკნელი შენი სიტყვები
რისთვის იწვევდა მსოფლიო სიცილს,
და ამერიკის კორიანტელში
ხომ გაზეთებმა იკივლეს ბევრი:
ამერიკული იყო მანევრი,
რა მშვენიერი იყო მანევრი.
„ნიუ-იორკ-ჰერალდ-ენდ ტრიბუნ“-იდან
„ეს იყო ფარსი“ - ისმის ძახილი
ისეთი, ჯერ რომ არ გაჩენილა
მშვიდობიანი ყოფნის სახელით.
იქ ხომ ევროპის დელეგატები
იქცენ ფიქციად და ფერიებად,
ვერ ჰქნეს ბერნსტორფის და ლიტვინოვის
იერიშების მოგერიება.
რა საჭიროა სიცხადის წერა?
თეთრი-თეთრია, მწვანე-მწვანეა,
გავიდენ სუფთად ამ კამათიდან
მხოლოდ რუსეთი და გერმანია.
„ნიუ-ორკ-ტაიმს“-მა გრაფში - „ჟენევა“ -
ფართოდ გაშალა კინო-ლენტები,
რომ იქ ბერნსტორფმა და ლიტვინოვმა
გაანადგურეს ოპონენტები.
რაზე ფიქრობენ ოპონენტები?
მათ, რა თქმა უნდა, ძლიერ ეწადათ
სესია ისე გამოეყვანათ,
რომ დამარცხება არ განეცადათ.
ეხლა გააფთრდა პრესა პარიზის.
რა შეცდომაა - ღელავს „ფიგარო“,
ეს ხომ... ო, ეს ხომ პროპაგანდაა,
არავინ ახლო არ მიიკარო.
დრო დაიკარგა, აზრი, პრესტიჟი,
ჰკივის „გოლუა“ ბუკს და ნაღარას.
ამ ღრიანცელში დაესხა ლაფი,
ვაი, ევროპის სუფთა ჭაღარას.
ო, ლიტვინოვმა სესიის მღვრიე
გაუშვა სისხლი გამოსადენი,
იქ კეშენდენის დიპლომატია
რა ბედენაა - ამბობს „მატენი“.
ეს ბრძოლა დათვსა და ვეშაპს შორის,
გათავდა დათვის სათადარიგოდ,
ზინოვიევის წერილებიდან
ეხლა სხვა აზრი უნდა გავიგოთ.
„ფიგარო“, „გოლუა“, „მატენი“, „ევრი“
ამ ტურნირს შფოთად უხსნიან პარიზს,
ისინი კვნესენ, ჩუმ სიხარულში
„ლუმანიტე“ ხომ არის და არის!
ეხმაურება ტურნირს ბერლინი,
ის, დაუესის პლანების კერძი
თვალთმაქცობაა ამ ჟენევაში,
საბოტაჟია - ამბობს „ფორვერტსი“.
რა უდიდესი მოხდა ფიასკო!
თეთრი-თეთრია, მწვანე-მწვანეა,
გავიდენ სუფთად ამ ტურნირიდან
მხოლოდ რუსეთი და გერმანია
არის ადვილი წარმოსადგენი.
ყოველ საათის საზრუნავ დღესაც
უფრო და უფრო იარაღდება,
ევროპის საქმე, ევროპის პრესა.

[1928]