შუალედი - დან - მდე
 
 


როდესაც სოფლებს ვეთხოვებოდით


[ციკლიდან „ეპოქა“]

როდესაც სოფლებს ვეთხოვებოდით,
მისი გვახსოვდა მწუხარე თვალი,
ჩვენ გვეძახოდა მებრძოლ ქალაქის
დიდი დიდება და მომავალი.
გვეძახდა დიდი რევოლუცია,
გვეძახდა ქარხნის უძლევი ჟინი,
გვეძახდა ბრძოლა, გვეძახდა ვნება,
დაფნის გვირგვინი.
ჩვენ წამოვედით, სოფელი დარჩა
და გულში ვამბობთ რამეს ნატვრის გვარს:
აშორდეს ქოხი ჭირს, დამარცხებას,
ბედის დაცინვას მწარეს, მრავალგვარს,
გვეგონა განა, რომ იქ მისვლამდე
ათასი ყანა, ათასი მდელო,
გასწევდა იქით, საითკენაც გზა
კულტურულია და სამრეწველო?

[1928]