შუალედი - დან - მდე
 
 


ვინ არ დაფიქრდეს ან არ აღელდეს


[ციკლიდან „ეპოქა“]

ერთხელ, მანქანავ, არ ვიცი რაზე,
ისეთი, როგორც ბუნება შენი,
შენი ბორბლების სიბუმბერაზე
ერთად შეჰკონე და შეისვენე.
მუდამ, მარადის მე მას ვატარებ,
როგორც სიყვარულს, ძლიერს, გამოცდილს,
უვნებ ნიავსაც არ მივაკარებ,
არც მე მაკარებს ზრუნვა ღამით ძილს.
გონება ირგვლივ ნისლივით უვლის,
ბორბლებს სათუთად კარებს აფარებს,
დროშად ძმობისა და მეგობრობის
შენდამი გრძნობას თან დაატარებს.
ვინ არ დაფიქრდეს ან არ აღელდეს,
გრიალი შენი რომელმაც ნახოს,
ინდუსტრიალურ აღფრთოვანებით
რაც მებრძოლ გრძნობას სურს შეინახოს.

[1928]