შუალედი - დან - მდე
 
 


სხვა სტრიქონები


[ციკლიდან „ეპოქა“]

სურნელებათა გაირღვა კონა,
ყვავილთა ეშხი გულზე დამასე
ახალგაზრდული ყანის შვენება:
სინათლე, გრძნება და სილამაზე.
საღამოვ, ტყეზე ააბი ბინა,
შენმა ნიავმა ააბიბინა
სოფლის ყანათა გულის ნადები,
სად გუგუნებენ ნადურს ნადები.
სადაც ჩქარია სიმღერა და ხმა,
სად ლენელოვას ფოთლები დახმა,
სადაც თვითეულ ბალახსაც ესმის,
რომ შემოდგომის ისარი ესმის.
სად გაუსწორე ტყეს შენი თვალი
და სიმღერები დღით შენათვალი.
საღამოვ, მითხარ გულის ნადები.
ღამდება, სწყვეტენ ნადურს ნადები.
ორო ყურძენო შემოდგომისა,
აღტაცებულო ქალის სიცილო,
ახალგაზრდობავ, თვალების ელვავ,
რისთვის არ ძალმიძს შემოგიცილო.
ხვავით ვიხილავ წუთსა ბედნიერს,
მყუდრო სოფლისთვის უცნაურ წამებს,
გათენებული სიცოცხლის ისრებს,
და შეღამებულ თვალთა წამწამებს.

[1928]