შუალედი - დან - მდე
 
 


დაკვირვებიხარ ტრიალა ქარებს?


[ციკლიდან „ეპოქა“]

ფიფქს რომ ააცლის გზას საბერველი
და აიტაცებს ჰაერში მაღლა, -
გადაიარა სახლთა მწვერვალი,
ავიატორი ცაშია ახლა.
მძლავრად ზუზუნებს მისი მანქანა,
თავგადაკლული ელავს სხივები.
თავგადაკლული ტრიალებს ფრთები -
სად მხოლოდ მზეა და არწივები.

დაჰკვირვებიხარ ტრიალა ქარებს?
იგი ჩაგითრევს როგორც ბზრიალა,
არავის შენთან არ მოაკარებს,
თუ ერთხელ მაგრად დაგატრიალა.
რიგი წავიდა და მოდის რიგი,
გათენებაა, კიდეც იალა,
იქ ერთადერთი ბულვარის ირგვლივ
ბრუნავს ქალაქი, როგორც ბზრიალა.

[1928]